მარგველაშვილი - სტუმრის, სააკაშვილი კი მასპინძლის ამპლუაში - კვირის პალიტრა

მარგველაშვილი - სტუმრის, სააკაშვილი კი მასპინძლის ამპლუაში

უკრაინის ხელმძღვანელობა, სადაც მაღალ თანამდებობებს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იკავებენ, საქართველოს მთავრობის "რეკომენდაციებს" არ ითვალისწინებს, არც პროკურატურასთან თანამშრომლობს და პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობაშიც მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარით შემოიფარგლება, საქართველოს პრეზიდენტს კი, უკრაინისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასასწრებად უკვე მეორედ იწვევს.

"იმის დასადასტურებლად, რომ უკრაინელი ხალხის გვერდში ვდგავართ, კიევში მივდივართ ყველა, ვინც თვითმფრინავში ჩავეტევით"- ამ სიტყვებით გამეხმაურა პრეზიდენტი უკრაინაში ვიზიტს - ოფიციალური იფორმაციით, 22 თებერვალს, პეტრო პოროშენკოს მიწვევით, საქართველოს პრეზიდენტი "ევრომაიდნისადმი" მიძღვნილ "ღირსების მარშში" მიიღებს მონაწილეობას. დიდი ალბათობით, გიორგი მარგველაშვილს "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებთან შეხვედრაც მოუწევს, მეტიც, ამჯერად უკრაინაში მარგველაშვილი - სტუმრის, სააკაშვილი კი მასპინძლის ამპლუაში იქნება. რაც შესაძლოა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მორიგი პოლიტიკური ეჭვიანობის საფუძველი გახდეს.

შეგახსენებთ, დაახლოებით, ერთი წლის წინ, მედიაში აქტიურად წერდა, რომ პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციაზე მიწვეული გიორგი მარგველაშვილი "ნაციონალურმა მოძრაობამ" "დაავერბოვკა". კერძოდ, გავრცელდა ინფორმაცია კიევში მყოფი მარგველაშვილი სააკაშვილს, რაფაელ გლუკსმანსა და საფრანგეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ერიკ ფურნიეს ფარულად შეხვდა. ეს ის ფურნიეა, რომელმაც 26 მაისის დარბევის შემდეგ საჯაროდ განაცხადა - სააკაშვილის ქმედებები მიტინგის დაშლის დროს აბსოლუტურად ლეგიტიმური იყოო. ამბობდნენ იმასაც, რომ სააკაშვილმა ფურნიეს ლობისტობისთვის საკმაოდ დიდი თანხა გადაუხადა. კულუარებში ამტკიცებდნენ, რომ სწორედ ერთი წლის წინ, "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობაში შუამავლის როლს გიორგი მარგველაშვილის ყოფილი მრჩეველი, მიხეილ მაჭავარიანის ძმა ვანო მაჭავარიანი ასრულებდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი მარგველაშვილს ინაუგურაციის შემდეგ წვეულებაზე მხოლოდ ერთი წუთით შეხვდა. თავის მხრივ, საქართველოს პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ მიხეილ სააკაშვილს კიევის ქუჩებში მოკრა თვალი... სადაო გახდა, პეტრო პოროშენკოს ინაუგურაციაზე საქართველოს პრეზიდენტისა და ჯო ბაიდენსაც შეხვედრაც, რაც მედიაში ასევე "ნაციონალური მოძრაობის" გეგმის ნაწილად "მოინათლა" - ბაიდენთან შეხვედრა ფორმალური და არაფრისმომცემი იყო, მაგრამ სააკაშვილისთვის მთავარი ამოცანა შესრულებულია, რადგან მას ამ შეხვედრის დაფიქსირება მარგველაშვილის "გადაბირების" გრძელვადიანი გეგმისთვის სჭირდებოდაო.

პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებს ყოფილი პრემიერიც გამოეხმაურა და მას სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ხშირი "მოგზაურობის" გამო "უსაყვედურა". ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა, სადაც მაღალ თანამდებობებს ნაციონალური მოძრაობის ლიდერები იკავებენ, საქართველოს მთავრობის "რეკომენდაციებს" არ ითვალისწინებს, არც პროკურატურასთან თანამშრომლობს და პრემიერ-მინისტრთან ურთიერთობაშიც მხოლოდ ერთი სატელეფონო ზარით შემოიფარგლება, საქართველოს პრეზიდენტს კი, უკრაინისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებაზე დასასწრებად უკვე მეორედ იწვევს. კულუარულად ამბობენ, რომ მარგველაშვილის ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის დიდ ნაწილს არ მოეწონა, მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტის ჯერ კიდევ ახალბედა დეპუტატი, სპორტსმენი ლუკა კურტანიძე უკრაინაში პრეზიდენტის გამგზავრებაში პრობლემას ვერ ხედავს და ამას მხოლოდ პოლიტიკის ნაწილად მიიჩნევს:

"უკრაინაში გამგზავრება მხოლოდ პრეზიდენტის გადასაწყვეტი იყო. დარწმუნებული ვარ, არც მას სიამოვნებს "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხვედრა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ, პოლიტიკა ასეთია - ზოგჯერ სწორედ ისეთ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რისი სურვილიც რეალურად არ გვაქვს. არც მე მსიამოვნებს დღეს პარლამენტში ზოგირეთ პოლიტიკოსთან ერთად ყოფნა, მაგრამ პოლიტიკოსებს ამის ვალდებულება გვაქვს".

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)