ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ ფარულ მოსმენებს პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის იყენებდნენ - კვირის პალიტრა

ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ ფარულ მოსმენებს პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისთვის იყენებდნენ

"ჩვენც ვიყენებდით ამას პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც პირადად მე დამიშვია. მე არ მიმიღია ამის გადაწყვეტილება, მაგრამ მე ვყოფილვარ ამის ნაწილი და ამისთვის ხელი არ შემიშლია, როგორც მინიმუმ. და ეს ამ ხელისუფლების უმძიმესი შეცდომაც არის."

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია Forbes Georgia-სთან ინტერვიუში, იმ პერიოდზე ლაპარაკობს, როდესაც ის გენერალური პროკურორის მოადგილე იყო. გვარამია მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში წარმოებულ ფარულ მოსმენებზეც აკეთებს კომენტარს და აღნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც პირადად მას დაუშვია.

კითხვაზე, იყენებდა თუ არა წინა ხელისუფლება ფარულ მოსმენებს პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად, - გვარამიამ უპასუხა: "ჩვენც ვიყენებდით ამას პოლიტიკურ ოპონენტებთან საბრძოლველად და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც პირადად მე დამიშვია. მე არ მიმიღია ამის გადაწყვეტილება, მაგრამ მე ვყოფილვარ ამის ნაწილი და ამისთვის ხელი არ შემიშლია, როგორც მინიმუმ. და ეს ამ ხელისუფლების უმძიმესი შეცდომაც არის. ამ ხელისუფლებამ ხომ იცის, რომ წინა ხელისუფლების მთავარი პრობლემა ეს იყო? ზუსტად ამ რიტორიკით არ გაუშვეს ის ხელისუფლება? ამ ხელისუფლების პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია. მათ თვალწინ აქვთ კონკრეტული მაგალითი- ისტორიული კი არა, გუშინდელი დღის. ეს იყო უმძიმესი შეცდომა."

მისი თქმით, მას შეეძლო ამ პროცესისითვის ხელის შეშლა.

"კი, შემეძლო. მგონია, რომ შემეძლო. ყოველ შემთხვევაში რაღაც კორექტივების შეტანა მაინც შემეძლო. იმის არგაკეთება მაინც შემეძლო, რაც მე თვითონ გამიკეთებია და არ იყო მთლად სწორი. მე არ ვამბობ, რომ ამით კანონს ვარღვევდი, არა! არც ერთხელ არ დამირღვევია კანონი, და ყველა ის მოსმენა, რომელიც გამოქვეყნდა, კანონიერად იყო მოპოვებული. მაგრამ მიზანი ყოველთვის არ ამართლებს საშუალებას. ეს საშუალებები არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. ამან გარკვეული სიკეთე მოიტანა, მაგრამ სიკეთეზე მეტი მოიტანა პრობლემები. ჩვენ ვნახეთ, რომ ამან გარკვეულწილად გარყვნა სახელმწიფო მანქანა და უკანონო მოსმენების ტრადიციას ხელი შეუწყო. დღეს ვხვდები, მაშინ უნდა გვეფიქრა, რომ ჩვენი ქმედება უკონტროლო პროცესებს გამოიწვევდა და უკონტროლო პროცესებს ყოველთვის უნდა ერიდო, მათ შორის შენი კანონიერი, სწორი, ლოგიკური და ლეგიტიმური ნაბიჯებითაც კი ამას ხელი არ უნდა შეუწყო." - ამბობს გვარამია, ხოლო კითხვას: - ყველა პოლიტიკურ ოპონენტს უღებდნენ და უსმენდნენ? - ასე უპასუხა: "არა, თქვენ უკვე იმაზე საუბრობთ, რაშიც მე მონაწილეობა არ მიმიღია. პოლიტიკური ოპონენტების მოსმენა არ არის კანონიერი და ლეგიტიმური. უნდა ვუსმინოთ დანაშაულის თანამონაწილეს ან პოტენციურ თანამონაწილეს - სადაც მაღალი ალბათობაა დანაშაულის, თუნდაც ეს იყოს პოლიტიკოსის მონაწილეობით. შეიძლება ეს არ დადასტურდეს და უნდა შეწყვიტო მოსმენა. უნდა განადგურდეს მოსმენის ყველა მასალა. მაგრამ პოლიტიკური ოპონენტების მოსმენა არანაირ სამართლებრივ ნორმაში არ ჯდება. და არა მარტო პოლიტიკოსების - ნებისმიერი ადამიანის, თუ არა გაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ის დანაშაულს სჩადის. დანაშაულსაც რომ სჩადიოდეს, მისი პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები აუცილებლად უნდა ნადგურდებოდეს. პიკანტური სცენების გადაღებას არავითარი ფასეულობა არა აქვს, ამიტომ ამის გადაღება არ შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში. მე საერთოდ ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებ იმ ადამიანების ფსიქიკას, ჯანმრთელობას, ვისაც ასეთი რამის გადაღების ბრძანება გაუცია და გადაუღია. არა მგონია, რომ ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანებს შეუძლიათ ადამიანების სექსუალური ურთიერთობების გადაღება, მიყურადება და ბრძანების გაცემა, რომ ეს უნდა გაკეთდეს. რა თქმა უნდა, ბრძანების გამცემი უფრო მძიმედ არის, ვიდრე შემსრულებელი. შემსრულებელი ტექნიკური პირია და ის არ ამოწმებს ბრძანების შინაარსს. ამიტომ ეს, გარდა კანონდარღვევისა, ეთიკურ და ფსიქიკურ პრობლემებთანაც უნდა იყოს კავშირში, ჩემი აზრით, სამწუხაროდ."