ქართული პოლიტიკის "რა, სად როდის" - ინტელექტკლუბის წევრები ”ოცნებაში” კახი კალაძემ მიიწვია - კვირის პალიტრა

ქართული პოლიტიკის "რა, სად როდის" - ინტელექტკლუბის წევრები ”ოცნებაში” კახი კალაძემ მიიწვია

"ვერც იმას ვიტყვი, რომ პარტიაში ყველაფერი კარგადაა. გარკვეული საკითხები მოსაგვარებელია, საამისოდ კი, პროფესიონალი კადრები გვჭირდება.

"გიორგი მოსიძესა და ინტელექტკლუბის დანარჩენ წევრებს პოლიტიკური აქტივობის სურვილი. ვიღაცებმა ისიც კი თქვეს, პარტია ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება და ახალ სახეებს ამიტომ ეძებსო"

ინტელექტკლუბ ”რა, სად, როდის” დამფუძნებელი გიორგი მოსიძე შესაძლოა პოლიტიკაში დაბრუნდეს და პარტია ”ქართული ოცნების” წევრი გახდეს - ამ საკითხზე პარტიის ხელმძღვანელობასა და ინტელექტკლუბის დანარჩენ წევრებს შორის შეხვედრა უკვე შედგა, რომლის დეტალებზეც ”კვირის პალიტრასთან” საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ინტელექტკლუბის წევრი გედევან ფოფხაძე საუბრობს:

- ვადასტურებ, გიორგი მოსიძე და მასთან ერთად, ინტელექტკლუბის რამდენიმე წევრი პარტია ”ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას შეხვდა. ამ შეხვედრას მეც ვესწრებოდი, ამიტომ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ - იქ კონკრეტულ პოლიტიკურ შეთანხმებაზე ლაპარაკი არ ყოფილა, მხოლოდ შეთავაზების დონეზე გაჟღერდა, რამდენად აქვთ გიორგი მოსიძესა და ინტელექტკლუბის დანარჩენ წევრებს პოლიტიკური აქტივობის სურვილი. ვიღაცებმა ისიც კი თქვეს, პარტია ვადამდელი არჩევნებისთვის ემზადება და ახალ სახეებს ამიტომ ეძებსო, მაგრამ მერწმუნეთ, ამ ეტაპზე, ვადამდელი არჩევნების დასანიშნად სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. პოლიტიკური გუნდი კი, მუდმივად დინამიკაში უნდა იყოს და ახალ სახეებს ეძებდეს. მითუმეტეს, გიორგი მოსიძეს პოლიტიკური აქტივობების გამოცდილება აქვს - ჩვენ არჩევნებამდეც თანამებრძოლები ვიყავით.

- იქნებ კონკრეტულად დაასახელოთ, გიორგი მოსიძის გარდა ინტელექტკლუბის კიდევ რომელ წევრებს შესთავაზეთ პარტიაში გაწევრება? აქვე, თქვენი მოლოდინიც საინტერესოა - რას შემატებს ”ქართულ ოცნებას” მათი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა?

- კონკრეტულ სახელებსა და გვარებს ვერ დაგისახელებთ, ჯერ არაფერი გადაწყვეტილა, ამიტომ ინფორმაციის წინასწარ გასაჯაროება უხერხული იქნება. ფაქტია, პარტიაში რაღაცები იცვლება, ირაკლი კობახიძეს ”ქართული ოცნების” განვითარების კუთხით ახალი ხედვები აქვს და გვერდში მდგომი ადამიანები ჭირდება, რომლებიც დაწყებულ რეფორმასაც წარმატებით განახორციელებენ. წარმატების მისაღწევად კი, კარგი შემსრულებლები უნდა გყავდეს.

- დღეს პარტიაში ”შემსრულებლების” დეფიციტი გაქვთ?

- არ ვაკნინებ იმ ადამიანებს, რომლებმაც პირველი ოქტომბერი მოიტანეს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ პარტიაში ყველაფერი კარგადაა. გარკვეული საკითხები მოსაგვარებელია, საამისოდ კი, პროფესიონალი კადრები გვჭირდება.

- ვინ იყო ამ შეხვედრის ინიციატორი, ვის გაუჩნდა ინტელექტკლუბის წევრების პოლიტიკაში ჩართვის იდეა?

- ინიციატორი პარტიის ხელმძღვანელობა იყო, მათ შორის, კახი კალაძე, რომელიც დიდი ხანია ამ ადამიანებთან გასაუბრებით დაინტერესებულია. საერთოდ, წუწუნი რომ რაღაც არ მოგწონს - არასწორია, პრობლემის გამოსასწორებლად თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიმოქმედოთ. ინტელიგენციის პრობლემაც სწორედ ესაა - ყოველთვის რაღაცას აკრიტიკებენ, მაგრამ როგორც წესი, ვითარების გასაუმჯობესებლად თავად არასოდეს მოქმედებენ. არადა, ერთხელ ბედი ყველამ უნდა სცადოს და ქვეყნის განვითარებაში საერთო საქმეს თუნდაც ერთი აგური დაამატოს.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)