რა ელის ნარმანიას - რა უნდოდათ უმრავლესობის ლიდერებს მერიაში? - კვირის პალიტრა

რა ელის ნარმანიას - რა უნდოდათ უმრავლესობის ლიდერებს მერიაში?

მერიაში გამართულ საგანგებო თათბირზე, მმართველი გუნდის წარმომადგენლები მთავრობის ხელმძღვანელობის "დავალებით" იმყოფებოდნენ და დავით ნარმანიას საკადრო პოლიტიკის გადახედვასთან ერთად, პროცესებზე მეტი კონტროლი "ურჩიეს"...

დავით ნარმანიამ, დედაქალაქის მერად არჩევის შემდეგ, საკადრო პოლიტიკაში სერიოზული შეცდომა რომ დაუშვა, მერიის ზედამხედველობის სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ჯოკია ბოდოკიას დაკავების შემდეგაც კარგად გამოჩნდა - მართალია, კორუფციული სქემის გაშიფვრისთანავე თბილისის მერმა საზოგადოებისა, თუ მმართველი გუნდის გასაგონად ხაზგასმით განმარტა - ხმებს არ აყვეთ, ჯოკია ბოდოკია არც ჩემი კლასელია და მითუმეტეს, არც თანასოფლელიაო, მაგრამ წარსულში ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის გამო, საზოგადოების ნაწილი დედაქალაქის თავკაცისგან პოლიტიკური პასუხისმგებლობის გაზიარებას მაინც ითხოვს... სამწუხაროდ, ჯოკია ბოდოკიას დაკავებით სახელისუფლო სტრუქტურებში კორუფციული გარიგების ფაქტები არ ამოწურულა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ სწორედ დღეს დააკავა დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების მითვისებისთვის ძებნილი, "საქართველოს წყალმომარაგების კომპანიის" ფინანსური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი თამარ ფხოველიშვილი, რომელიც როგორც ანტიკორუფციულ სამსახურმა გაარკვია, მეუღლესთან ერთად კომპანიის კუთვნილ თანხებს პირად ანგარიშზე რიცხავდა. მითვისებული თანხით კი, ცოლ-ქმარი ძვირადღირებულ აპარტამენტებსა და ავტომობილებს ყიდულობდა.

საზოგადოების ნაწილს ნაკლებად სჯერა ვერსიის, რომ ერთის მხრივ, ჯოკია ბოდოკია, მეორე მხრივ, თამარ ფხოველიშვილი და მისი მეუღლე კორუფციულ სქემაში დამოუკიდებლად მოქმედებდნენ. როგორც ჩანს, ამ ვერსიის არც ქვეყნის პირველ პირებს სჯერათ, ამიტომ ბოლო ორი დღეა აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ჯოკია ბოდოკიას საქმე დავით ნარმანიას კიდევ ორ მოადგილეს, ალექსანდრე მარგიშვილსა და გიორგი ხელაიასაც "გადაიყოლებს". მართალია, ორივე მათგანი ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებს, ამასთან, უწყების პრესსამსახურიც ამტკიცებს, მარგიშვილსა და ხელაიას თანამდებობები არ დაუტოვებიათო, თუმცა სახელისუფლო კულუარებში ნარმანიას მოადგილეების თანამდებობიდან დათხოვნის საკითხს ადასტურებენ. თანაც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების - ირაკლი სესიაშვილის, ირაკლი ტრიპოლსკისა და ლერი ხაბელოვის თბილისის მერიაში მოულოდნელი "ვიზიტი" ზემოთ აღნიშნულ მოვლენებსაც საეჭვოდ დაემთხვა - სახელისუფლო კულუარებში არც იმას მალავენ, რომ მერიაში გამართულ საგანგებო თათბირზე, მმართველი გუნდის წარმომადგენლები მთავრობის ხელმძღვანელობის "დავალებით" იმყოფებოდნენ და დავით ნარმანიას საკადრო პოლიტიკის გადახედვასთან ერთად, პროცესებზე მეტი კონტროლი "ურჩიეს"...

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)