"მოლდოვასა და საქართველოში შესაძლებელია ველოდოთ რუსეთის გარკვეულ მოქმედებებს." - რას გულისხმობდა ნატოს ძალების სარდალი - კვირის პალიტრა

"მოლდოვასა და საქართველოში შესაძლებელია ველოდოთ რუსეთის გარკვეულ მოქმედებებს." - რას გულისხმობდა ნატოს ძალების სარდალი

"გამორიცხული არ არის, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები დაზარალდნენ, პირველ რიგში ლიტვა. ასე რომ, რუსეთს ერთი თუ გაუვიდა, დანარჩენსაც გააკეთებს. როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში გაუვიდა და მერე უკრაინას მიადგა."

"ნუ დაგავიწყდებათ, რომ პოროშენკოს რუსეთში ტკბილეულის ბიზნესი აქვს, რომელიც დღემდე შეუფერხებლად მუშაობს, ხოლო ტკბილეული რუსულ მაღაზიებშიც იყიდება. ეს ერთგვარი პარადოქსია; არ მესმის უკაინელები ამას როგორ ურიგდებიან."

უკრაინაში მიმდინარე პროცესების პარალელურად, დამაფიქრებელი განცხადება გააკეთა ევროპაში ნატოს ძალების სარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა. მისი თქმით, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია საქართველოსა და მოლდოვაზე ზეწოლა. " მოლდოვასა და საქართველოში შესაძლებელია ველოდოთ რუსეთის გარკვეულ მოქმედებებს." - განაცხადა ბრიდლავმა. ემუქრება თუ არა საქართველოს მორიგი ინტრიგა რუსეთიდან, შესაძლებელია თუ არა რუსეთმა საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით ისარგებლოს და რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ ამ ავანტიურაში "ნაციონალური მოძრაობა" ჩაერთოს და ხელისუფლების სადავეების ხელში აღება სცადოს? - ამის შესახებ "კვირის პალიტრას" კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე ესაუბრება:

- დღევანდელი გადასახედიდან მოლდოვას და საქარველოს სამხედრო ინტერვენციას გამოვრიცხავ. თუმცა, მომავალში რა მოხდება, ვერ გეტყვით. რუსეთმა ქალაქი მარიოპული თუ აიღო, მაშინ ოდესის რიგი დადგება. იქვეა მოლდოვეთიც, მერე სხვებსაც ნელ-ნელა მიჰყვება... შეიძლება ვინმეს ჰგონია, რომ მარიოპულის აღებით რუსეთი დაწყნარდება და ყირიმთან სახმელეთო კომუნიკაციას შექმნის, ეს დროებით იქნება. რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ კალინინგრადი დანარჩენი რუსეთის ტერიტორიას მოწყვეტილი არ იყოს. ამ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები დაზარალდნენ, პირველ რიგში ლიტვა. ასე რომ, რუსეთს ერთი თუ გაუვიდა, დანარჩენსაც გააკეთებს. როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში გაუვიდა და მერე უკრაინას მიადგა.

- ასეთ შემთხვევაში საქართველოს რომელი რეგიონს შეიძლება საფრთხე შეექმნას?

- ამას დიდი ვარაუდი არ სჭირდება. ერთი რეგიონია ე.წ. სამხრეთ ოსეთი, თრუსოს ხეობა, მიმდებარე ტერიტორიები, იმერეთი ან შიდა ქართლი და აფხაზეთის შემთხვევაში სამეგრელოც იქვეა... თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთი ძალიან დაკავებულია უკრაინის თემატიკით.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად არსებობს იმის შანსი, რომ რუსეთმა საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით ისარგებლოს?

- თუ თქვენ გულისხმობთ, რომ არჩევანი რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალაზე გაკეთდება, რომელიც შეეცდება მძიმე ეკონომიკური ფონით ისარგებლოს და საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდეს, მე ამ ძალას ვერ ვხედავ.

- თუნდაც, "ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ღიად აცხადებს ახლო მომავალში ხელისუფლების სადავეების ხელში აღებას, ეს არაფერს გეუბნებათ?

- მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ეჭვი "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი ლიდერის და რუსული სპეცსამსახურების თანამშრომლობის, ნაკლებ სავარაუდოა, რომ რუსეთმა აქცენტი "ნაციონალურ მოძრაობაზე" გააკეთოს. მოსკოვში ძალიან კარგად იციან, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ისევე როგორც ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტია, არ არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია დღეს ქვეყანაში ძალაუფლების ხელში აღება. თუ ეს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობის ფორმატში მოხდება, ეს არ დაიმალება. რაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას სერიოზულ დისკომფორტს შეუქმნის.

- რაც შეეხება საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩის, იალოვიცის განცხადებას, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრების უკრაინაში ოფიციალურ ამპლუაში გამოჩენამ შეიძლება არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ გარე სამყაროსთვისაც პრობლემები შექმნას, ეს რამდენად რეალურია?

- "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წევრი განსაკუთრებული რადიკალიზმით გამოირჩევა, რაც ბევრი დასავლელი პოლიტიკოსისთვის მიუღებელია. რადგან ბევრ მათგანს რუსეთთან კომპრომისის მიაღწევა სურს, მიუხედავად იმ დანაკლისისა, რაც უკრაინამ განიცადა. ამიტომაც, "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წევრის აქტიურობა, განსაკუთრებით კი სააკაშვილის, მათთვის პრობლემატურია. შესაძლოა, დასავლეთში, თბილისშიც სააკაშვილის პოზიცია ვიღაცას მოსწონს კიდეც, მაგრამ პოლიტიკოსთა უმეტესი ნაწილისთვის დისკომფორტის შემქმნელია.

- შეგიძლიათ დაგვიკონკრეტოთ ვისთვის არის მიუღებელი სააკაშვილის პოზიცია?

- მაგალითად, მაკკეინს და მის გუნდს აწყობს სააკაშვილის უკრაინაში ყოფნა. ძალიან კარგად ჩანს, რომ უკრაინის პრობლემა უკრაინელების პრობლემა არ არის. ეს არის დასავლეთის და რუსეთის მიერ შექმნილი დაპირისპირების ფორმატი.. უკრაინელი ხალხის სამართლიანობისთვის ბრძოლა მეორე ხარისხოვანია. ამიტომ პოროშენკო რას გააკეთებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, როგორ შეასრულებს კონკრეტულ დავალებებს, რომელიც მის წინაშე დასახულია დასავლეთის მხრიდან. ზოგიერთ შემთხვევაში რუსეთის მხრიდანაც. ნუ დაგავიწყდებათ, რომ პოროშენკოს რუსეთში ტკბილეულის ბიზნესი აქვს, რომელიც დღემდე შეუფერხებლად მუშაობს, ხოლო ტკბილეული რუსულ მაღაზიებშიც იყიდება. ეს ერთგვარი პარადოქსია; არ მესმის უკაინელები ამას როგორ ურიგდებიან

.

- ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საერთაშორისო თანამეგობრობა გააკრიტიკა და მათ შეშფოთებას "გულისამრევი" უწოდა, რადგან რუსეთისთვის მორიგი სანქციების დაწესების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ზოგიერთი ქვეყნის ლიდერი უკან იხევს...

- ეს ბუნებრივია, რადგან ყველა პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ხელისუფლებაში ტრანსნაციონალური კომპანიების ფულით მოვიდა, მათ ანგარიშს უწევს. ხშირ შემთხვევაში მათი ინტერესები ქვეყნის საერთო შეხედულებებს შეიძლება არ დაემთხვეს. მსხვილი ბიზნესისთვის რუსეთთან გაფუჭებული ურთიერთობა წამგებიანია. შესაბამისად, დასავლელი პოლიტიკოსები იმ ნაბიჯს არ დგამენ, რაც საჭიროა. თორემ რუსეთის ეკონომიკურ კოლაფსში მოქცევა არავითარი პრობლემა არ არის. ამას სჭირდება საერთაშორისო საბანკო კომუნიკაციიდან რუსეთის გათიშვა, რაც ნიშნავს, რომ რუსეთის ვერც ერთი კომერციული ბანკი ვერ იმუშავებს. ასეთ შემთხვევაში რით დასრულდება ყველაფერი, მოგეხსენებათ. მართალია, ეს დასავლეთის ეკონომიკას სერიოზულ დარტყმას მიაყენებს, თუმცა, კოლაფსამდე არ მიიყვანს. სხვანაირად რუსეთს ვერ გააჩერებენ.

- ევროპაში ნატოს ძალების სარდალმა, გენერალმა ფილიპ ბრიდლავმა განაცხადა, რომ რუსეთმა სერიოზულად გაზარდა სამხედრო დარგზე ფინანსური გავლენა, მათ შორის, ბირთვული შეიარაღება...

- ხშირ შემთხვევაში საზოგადოებამ არ იცის რა თანხებზეა ლაპარაკი. ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბიუჯეტი ყველაზე მეტია მსოფლიოში, ხოლო კალიფორნიის შტატის ბიუჯეტი რუსეთის საერთო ბიუჯეტს აღემატება. რაც არ უნდა თანხები ზარდოს რუსეთმა სამხედრო თვალსაზრისთ, ვერც ამერიკას და ვერც ჩინეთს, კარგა ხანს ვერ დაეწევა. ასე რომ, ეს არ არის სახიფათო...

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)