ბორის ნემცოვი მოკლეს - "პუტინის რეჟიმის პირობებში ქართულ-რუსული ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობს" - კვირის პალიტრა

ბორის ნემცოვი მოკლეს - "პუტინის რეჟიმის პირობებში ქართულ-რუსული ურთიერთობის გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობს"

მოსკოვის ცენტრში რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი და ყოფილი ვიცე-პრემიერი, ბორის ნემცოვი მოკლეს. სამართალდამცველი უწყების წარმომადგენლის თქმით, რომ უცნობმა თავდამსხმელმა ნემცოვს ოთხი ტყვია ესროლა. რუსულენოვანი ვებსაიტ "მედუზას"ინფორმაციით კი ოპოზიციონერ პოლიტიკოსს კრემლის მახლობლად თავს რამდენიმე პირი დაესხა.

ნემცოვი 55 წლის იყო. ერთ დროს მას პოსტსაბჭოთა რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის მემკვიდრედ მიიჩნევდნენ. ნემცოვს ეკონომიკის რეფორმატორად იცნობდნენ იმ პერიოდში, როცა რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის, ნიჟნი ნოვგოროდის მმართველი იყო. შემდეგ ის ოპოზიციონერი გახდა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მწვავე კრიტიკოსად იქცა. ნემცოვი იყო მოსკოვში 1 მარტისთვის დაგეგმილი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორანიზატორი.

გთავაზობთ ბორის ნემცოვის ინტევიუს გაზეთ "ყველა სიახლის" 2013 წლის არქივიდან:

"პუტინი სააკაშვილის მთავარი "პიარშჩიკი" იყო"

- როგორ აფასებთ ორ ქვეყანას შორის ამჟამინდელ ურთიერთობას?

- რთულია დამოკიდებულების გაუმჯობესებაზე ლაპარაკი, როცა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს; მიმდინარეობს, ვიტყოდი, მცირე, მიკროსკოპული ძვრები, კერძოდ, რუსეთში ქართული პროდუქციის შემოტანის აკრძალვის გაუქმება, პირდაპირი საავიაციო რეისები, რომლებიც ადრეც იყო, თუმცა, ბოლო ხანს უფრო სისტემატური სახე მიიღო. სერიოზულ წინსვლაზე ლაპარაკი ჯერ შეუძლებელია. ქართულ საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხზე და ვინც უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ამ ერთ-ერთი წამყვანი საკითხისადმი დამოკიდებულება უცვლელია. ამიტომ, ჩემი აზრით, პუტინის ხელისუფლების პირობებში ქართულ-რუსული ურთიერთობის სერიოზული გაუმჯობესების პერსპექტივა არ არსებობს.

- საქართველოს მთავარი პროკურატურა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გარემოებების გამოძიებას აპირებს.

- ჩემი აზრით, ომის გაჩაღებაში ორივე დამნაშავეა - სააკაშვილიც და პუტინიც. სააკაშვილი იმიტომ, რომ ძალზე არაადეკვატური რეაგირება მოახდინა გამოწვევაზე, პუტინმა კი ქვეყნისთვის მრავალმხრივ საზიანო ნაბიჯი გადადგა.

- რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებასაც გულისხმობთ?

- სისულელეა, რომ დღეს რუსეთი უდიდეს ფულს ხარჯავს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხელისუფლებების შესანახად, მაშინ როცა ჩვენში ამდენი გადაუჭრელი პრობლემაა. გარდა ამისა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ჩვენს გარდა, ფაქტობრივად, არავის უღიარებია, რაც საერთაშორისო თვალსაზრისითაც არახელსაყრელია. გაეროს რეზოლუციებით რუსეთმა არაერთხელ აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. გარდა ამისა, პერმანენტული დაძაბულობა კავკასიაში, რომელიც დღემდე არ ჩამცხრალა, ჩვენთვის არახელსაყრელია. ასე რომ, ამ ნაბიჯმა მხოლოდ თავის ტკივილი მოგვიმატა.

- თქვენი აზრით, რა გავლენა მოახდინა სააკაშვილისა და პუტინის ურთიერთდამოკიდებულებამ, პიროვნულმა ფაქტორმა ორ ქვეყანას შორის დამოკიდებულებაზე?

- ამ წლების განმავლობაში პუტინი სააკაშვილის მთავარი "პიარშჩიკი" იყო. როცა ის ლანძღავდა სააკაშვილს, გამომწვევად იქცეოდა, ამით, ფაქტობრივად, ხელს უწყობდა ქართული საზოგადოების კონსოლიდაციას მის გარშემო, მათ შორის იმათიც, ვინც სააკაშვილის პოლიტიკურ კურსს მხარს არ უჭერდა.

- როგორია რუსული ოპოზიციის დამოკიდებულება საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისადმი?

- ვფიქრობ, რუსეთისადმი დამოკიდებულება პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მთავრობას მკაფიოდ არ ჩამოუყალიბებია, მისი პოზიცია ცოტა უცნაურია. ჩვენი პოლიტიკური ძალა ცალსახად მხარს უჭერს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უფრო მჭიდრო იყოს და არ დარჩეს იმ უსახურ დონეზე, სადამდეც ის სააკაშვილმა და პუტინმა მიიყვანეს. ვიცით, რომ ივანიშვილი არაერთი თვალსაზრისით, ხელფეხშეკრულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დაინტერესებულია რუსეთთან ნორმალური მეზობლური ურთიერთობით.

წაიკითხეთ ასევე:

მსოფლიო შოკირებულია ბორის ნემცოვის მკვლელობით

ვინ არის გოგონა, რომელიც ბორის ნემცოვს ახლდა და მკვლელმა ცოცხალი დატოვა