"ამ მკვლელობის უკან ვლადიმერ პუტინი დგას..." - რას ფიქრობენ ნემცოვის მკვლელობაზე რუსეთში - კვირის პალიტრა

"ამ მკვლელობის უკან ვლადიმერ პუტინი დგას..." - რას ფიქრობენ ნემცოვის მკვლელობაზე რუსეთში

"კრემლის კედელთან დახვრეტილი ნემცოვი, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ რუსეთს ზურგში ესროლა"

"ვერავინ დამაჯერებს, რომ ნემცოვს არ უთვალთვალებდნენ, მით უფრო, ამ დროს, როდესაც ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გეგმავდა."

"ბორისი პერიოდულად იღებდა ანომიმურ მუქარებს სოციალურ ქსელში, მაგრამ ამას მნიშნველობას არ ანიჭებდა"

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ბორის ნემცოვის მკვლელობას მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მკვლელობის არერთი ვერსი ვრცელდება, თუმცა რუსი საზოგადოების ერთი ნაწილი ღრმად არის დარწმუნებულია, რომ მომხდარში პუტინის რეჟიმია დამნაშავე. რუსული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გარი კასპაროვმა "ტვიტერით" გაავრცელა შეტყობინება: "მოკლეს ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, ციდან ჩამოაგდეს მალაიზიის ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი. ახლა ბორისია მოკლული.... როგორც ყოველთვის, კრემლი დაადანაშაულებს ოპოზიციას, დაზვერვის ცენტრალურ სააგენტოს, ან ვინმე სხვას".

როგორია რუსი პოლიტოლოგებისა და პოლიტკოსების დამოკიდებულება ბორის ნემცოვის მკვლელობასთან დაკავშირებით. ზოგიერთი მათგანის თქმით, ნემცოვის სიკვდილი შესაძლოა რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყების წინაპირობა გახდეს, თუმცა ეს ნაკლებადაა სავარაუდო, რადგან რუსეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი კრემლის საომარი რიტორიკითა და ძლევამოსილი "დერჟავის" ოდეით ისეა გაჟღენთილი ნემცოვს სახელმწიფოს მტრადაც კი მიიჩნევდა...

კონსტანტინ ბოროვოი, პოლიტოლოგი:

- ვერავინ დამაჯერებს, რომ ნემცოვს არ უთვალთვალებდნენ, მით უფრო, ამ დროს, როდესაც ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გეგმავდა. ვისაც ოდნავი წარმოდგენა მაინც აქვს რუსულ პოლიტიკაზე, უბრალოდ ვერ წარმოიდგენს, რომ ნემცოვისნაირი ოპოზიციური ფიგურა, შესაბამისი ორგანოების ყურადღების ცენტრში არ იქნებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, დარწმუნებული ვარ, მას 24 საათი უთვალთვალებდა "ეფ-ეს-ბე", რაც შეეხება იმას, თუ ვინ მოკლა? - ადამიანის სიცოცხლით სპეკულირებას არ ვაპირებ და წინასწარ ძნელია მტკიცება, თუ ვინ შეუკვეთა მისი მკვლელობა, მაგრამ რუსეთში ყველამ კარგად იცოდა ნემცოვის პოზიცია უკრაინაში მიმდინარე მოვლენების მიმართ. არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ საზოგადოებაზე ხელისუფლების პროპაგანდამ პირდაპირი გავლენა მოახდინა - ანუ საზოგადოების დიდი ნაწილი უკრაინასთან დაკავშირებით, ნემცოვის პოზიციით აღფრთოვანებული არ იყო, რაც ხელისუფლების მიზანმიმართული მუშაობის შედეგია.

- მიგაჩნიათ, რომ ამ მკვლელობის უკან რუსეთის ხელისუფლება დგას?

- ამ მკვლელობის უკან ვლადიმერ პუტინი დგას და რა მნიშვნელობა აქვს ვინ დაუშვა სასხლეტი. სამწუხაროა, მაგრამ ჩვენმა "ჭკვიანმა" მმართველმა არ იცის, რომ ეს სამოქალაქო ომის დასაწყისია. ეს გარდაუვალია, მაგრამ ფაქტია, რომ პუტინი ყველაფრის ფასად ცდილობს ძალაუფლების შენარჩუნებას.

ილია იაშინი, რუსი ოპოზიციონერი:

- ბორისს პერიოდულად ანომიმურად ემუქრებოდნენ სოციალურ ქსელში, მაგრამ ამას მნიშნველობას არ ანიჭებდა. ის ყოველთვის დაცვის გარეშე დადიოდა, თუმცა ამბობდა, რომ მისი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ იყო, ამბობდა, როგორი დაცვაც არ უნდა მყავდეს, თუ ჩემი მოკვლა უნდათ, მაინც მომკლავენო... სხვაგან მიზეზების ძიებას რა აზრი აქვს, ეს არის პოლიტიკური, შეკვეთილი მკვლელობა. ბორისს პირადი მტრები არ ჰყავდა, მისი სიკვდილი მის პოლიტიკურ პოზიციას უკავშირდება... ეს ჩვენი ირიბი გაფრთხილებაა, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენ რას ვაკეთბთ - ვეგუებით ფაშიზმს?! ყველამ იცის, რომ ბორისს უკრაინის მიმართ გამოხატული პოზიცია არ აპატიეს.

ელენა პანფილოვა, უფლებადამცველი:

- კრემლის კედელთან დახვრეტილი ნემცოვი – ეს ნიშნავს, რომ ვიღაცამ რუსეთს ზურგში ესროლა... ბორისს 90-იანი წლებიდან ვიცნობდი. ის საოცრად კარგი, ჭკვიანი და გამბედავი ლიდერი იყო, სხვანაიარად ძნელია, ებრძოლო იმ ბოროტებას, რასაც ებრძოდა... ყოჩაღ, რუსეთის ხელისუფლებას! აშკარაა, რომ წინ მივდივართ იმ დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში, რასაც ადამიანის სიცოცხლე და მისი უფლებები ჰქვია. სამწუხაროდ, გვირაბის ბოლოსაც არ ჩანს სინათლე...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)