"ზონდერები" ბრუნდებიან, საკითხავია, ამჯერად ვინ მართავს მათ?! - კვირის პალიტრა

"ზონდერები" ბრუნდებიან, საკითხავია, ამჯერად ვინ მართავს მათ?!

კადრებში, სადაც ჩანს ეს ახალგაზრდა როგორ ესხმის თავს ფოტოგრაფს, კარგად ჩანს მეორე პირი, რომელიც, ფაქტობრივად, თავდამსხმელთან ერთად მოქმედებს. მართალია, ის ირაკლის არ ურტყავს, მაგრამ ისე იჭერს, რომ თავდამსხმელი რაც შეიძლება სასტიკად გაუსწორდეს, შემდეგ კი დაზარალებულს აქეთ აბრალებს პროვოკაციის მოწყობას.

აქციის "შემოულაწუნე" ორგანიზატორი სამი პოლიტიკური ძალა გახლდათ: "რეფორმატორები", "თავისუფალი საქართველო" და "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა". როგორც თვითონ ამბობდნენ, მათი მთავარი ლოზუნგი იყო: "არა "ქოცებს!" არა "ნაცებს!", თუმცა იმან, რაც ამ აქციაზე მოხდა, ყველას სწორედ "ნაციონალური მოძრაობა" და მისი მმართველობისას გალახული აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები გაახსენა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი ლარის გაუფასურებასა და ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას აპროტესტებდნენ, "ვარდების" მოედანზე შეიკრიბნენ და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისკენ მსვლელობას იწყებდნენ, როდესაც "ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი ირაკლი გედენიძე, რომელიც "ვარდების მოედანზე" აქციას აშუქებდა, ერთ-ერთი ავტომანქანიდან გადმოსულმა აქციის მონაწილემ პროვოკაციაში დაადანაშაულა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ფოტოკამერა დაუმტვრია. ვიდეოკადრებში კარგად ჩანს რა სისასტიკით უსწორდება თავდამსხმელი ირაკლის, რომელსაც ექიმებმა პირველი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, შემდეგ კი კლინიკაში გადაიყვანეს.

"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტის, ირაკლი გედენიძის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.იმედს ვიტოვებთ, რომ დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება, რათა ამის მერე მაინც ვერავინ გაბედოს მედიის წარმომადგენლებისთვის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლა.

წინა ხელისუფლების მმართველობისას, თითქმის ყველა აქციას, რაც კი თბილისში გამართულა, ვაშუქებდი, თუმცა როგორც წესი, მედიას მუშაობაში ხელს აქციის მონაწილეები კი არა, ხელისუფლების წარმომადგენლები, ე.წ. სამართალდამცავები გვიშლიდნენ და ზოგჯერ ფიზიკურადაც გვისწორდებოდნენ. ისინი ან უნიფორმით იყვნენ, ანაც სამოქალაქო ფორმაში და ქუჩის ბნელ კუთხეში მომწყვდეულ აქციის მონაწილეებს ურტყავდნენ, იტაცებდნენ და ა.შ. თუმცა ეს ე.წ. ზონდერებიც კი მედიის წარმომადგენლებზე ასე ღიად თავდასხმას ერიდებოდნენ. როდესაც ირაკლი გედენძის ფიზიკური ანგარიშსწორების კადრები ვნახე, ის ძველი, შავბნელი ამბები გამახენდა, თუმცა მაინც გაოგნებული ვუყურებდი ეკრანს, რადგან აქციის მონაწილისგან ასეთი ღია და თავხედური ქმედება, აქამდე არ მენახა. ახლა ალბათ იტყვიან, რომ ეს პროვოკაცია იყო, რომ თავდამსხმელი აქციის ორგანიზატორი პარტიების წევრი არ იყო და ა.შ. ეს არ არის გამორიცხული, მაგრამ იმ კადრებში, სადაც ჩანს ეს ახალგაზრდა როგორ ესხმის თავს ფოტოგრაფს, კარგად ჩანს მეორე პირი, რომელიც, ფაქტობრივად, თავდამსხმელთან ერთად მოქმედებს. მართალია, ის ირაკლის არ ურტყამს, მაგრამ ისე იჭერს, რომ თავდამსხმელი რაც შეიძლება სასტიკად გაუსწორდეს, შემდეგ კი დაზარალებულს აქეთ აბრალებს პროვოკაციის მოწყობას. სწორედ ამ ადამიანზე "თავისუფალი საქართველოს" წარმომადგენელი ბეჟან გუნავა ამბობს, რომ ის მათი პარტიის წარმომადგენელია. ეს ის გუნავაა, რომელიც წინა ხელისუფლების დროს საკმაოდ ხშირად იყო თავდასხმის ობიექტი და რომელსაც მედიის წარმომადგენელთა მხარდაჭერა მუდმივად ჰქონდა. თუმცა ამჯერად უაპელაციოდ აცხადებს, რომ თურმე: ამგვარ აქციებზე ასეთი ინციდენტები მრავლად ხდება. მე ასეთი აქციები, სადაც რიგითი მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს ურტყამდნენ, არ მახსოვს, გუნავას აშკარად რაღაც ეშლება...

ჩნდება ვარაუდი, რომ "ზონდერები" ბრუნდებიან, მაგრამ საკითხავია, ამჯერად ვინ მართავს მათ?!

ნათია დოლიძე

იხილეთ ვიდეო