ირაკლი ტრიპოლსკი: რაღაც უნდა ელისო ჩაფიძეს და "ხიმანდრობს" - ახალი დაპირისპირება "ოცნებაში" - კვირის პალიტრა

ირაკლი ტრიპოლსკი: რაღაც უნდა ელისო ჩაფიძეს და "ხიმანდრობს" - ახალი დაპირისპირება "ოცნებაში"

"ხალხი თუ ვერ გაარჩევს ელისო ჩაფიძე ვინაა და მე - ვინ, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, აზრი არ აქვს"

"გეკითხებით, რატომ უნდა მაინტერესებდეს ტყიბულში პარლამენტის წევრი ვინ იქნება?! ან თუ ასეთი მიზნები მამოძრავებს, რატომ ჩავედი ტყიბულში და არა - ზუგდიდში, სადაც ნახევარი ქალაქი ჩემი მეგობარია?!"

"ქართულ ოცნებაში" პრობლემები არ ელევათ. ამჯერად საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე, ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენელ ირაკლი ტრიპოლსკის პროვოკაციებში სდებს ბრალს და ამტკიცებს, რომ ეს უკანასკნელი, ტყიბულში განათლების მინისტრის მრჩევლის ოთარ აბესიძის საშუალებით ადგილობრივ მოსახლეობას ყოფილი ჟურნალისტის წინააღმდეგ ამხედრებს... თუმცა რა ინტერესი უნდა ამოძრავებდეს დუშეთის მაჟორიტარს ტყიბულში, ამის გარკვევას თავად ირაკლი ტრიპოლსკისთან შევეცადეთ:

- სისულელეა რასაც ქალბატონი ელისო ბრძანებს და მსგავს სისულელეებზე, როგორც წესი, პასუხებს არ ვცემ. ვფიქრობ, ის შეცდომაშია შეყვანილი... ტყიბულთან რა კავშირი უნდა მქონდეს, მხოლოდ ერთხელ ვარ იქ ნამყოფი.

- მაშინ ვინ არის ოთარ აბესაძე, რომელიც, როგორც ელისო ჩაფიძე ამტკიცებს, თქვენ"მამას" გიწოდებთ და ასევე თქვენი მფარველობით ადგილობრივ მოსახლეობას მოქმედი მაჟორიტარის წინააღმდეგ ამხედრებს?

- "მამას" არა,"ბაბუას" მეძახის... ოთარ აბესაძე"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენელია. ისიც კი არ ვიცოდი, რომ ტყიბულელია, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ სოფელი ტყიბულის რაიონში აქვს. როცა მე და მირიან წიკლაური პარტიიდან ტყიბულში გაგვაგზავნეს, ოთარ აბესაძე თავის სოფელში დამხვდა და რა უნდა მეთქვა, გადი აქედან-მეთქი? ვიმეორებ, ელისო ჩაფიძე შეცდომაშია შეყვანილი და რაღაცას"პოტიკობს", სხვის საქმეში ჩემი ჩარევა კაციშვილს არ გაუგია და მსგავსი სისულელის გავრცელებით, ელისო ჩაფიძეს რა მიზანი ამოძრავებს, ვერ გამიგია. შეიძლება ისიც დამაბრალოს, პარტიამ რომ ტყიბულში გამგზავნა, თვითონ ირაკლი ტრიპოლსკინ მოითხოვაო. თავის მართლებას ხომ არ დავიწყებ?! ხალხი თუ ვერ გაარჩევს ელისო ჩაფიძე ვინაა და მე - ვინ, რამდენიც არ უნდა ვილაპარაკო, აზრი არ აქვს. ხომ გეუბნებით, შემთხვევით გავიგე, რომ ოთარ აბესაძე ტყიბულელი იყო, მაგრამ რომ მცოდნოდა ელისო ჩაფიძე იეჭვიანებდა, საერთოდ არ შევხვდებოდი. მეტი რა გითხრათ?!

- ელისო ჩაფიძე თქვენ მიზნებზეც ლაპარაკობს - იქნებ მომავალი პარლამენტისთვის საკუთარი კანდიდატურის მომზადებას მართლაც წინასწარ გეგმავთ?

- გეკითხებით, რატომ უნდა მაინტერესებდეს ტყიბულში პარლამენტის წევრი ვინ იქნება?! ან თუ ასეთი მიზნები მამოძრავებს, რატომ ჩავედი ტყიბულში და არა - ზუგდიდში, სადაც ნახევარი ქალაქი ჩემი მეგობარია?! რაღაც უნდა ელისო ჩაფიძეს და"ხიმანდრობს", ვარაუდის დონეზე ვიცი კიდეც, რა უნდა, მაგრამ ჩემ ვარაუდებზე ჯერ არ ვისაუბრებ.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)