"რომელი დავით აღმაშენებელი მე მნახეს" - გია თორთლაძე ბრუნდება - კვირის პალიტრა

"რომელი დავით აღმაშენებელი მე მნახეს" - გია თორთლაძე ბრუნდება

"ქართული ოცნებასთან" ყველანაირი კავშირი გამორიცხულია, არ ვაპირებ მაგათთან რაიმე სახის ურთიერთობა მქონდეს."

"ივანიშვილი ამბობს, ფრომს და ფროიდს გავუსწარი და კარგი იქნება თუ ბავშვები ჩემი მეთოდოლოგიით გაიზრდებიანო. ამაზე სულელური განცხადება არც მომისმენია..."

"საქართველოს დემოკრატიული პარტიის" ლიდერი, მთამსვლელი გია თორთლაძე, რომელიც პოლიტიკური ასპარეზიდან 2012 წლის შემდეგ გაუჩინარდა, შესაძალოა მალე კვლავ დაუბრუნდეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს და პოლიტიკური მწვერვალების დაპყრობას ისევ შეეცადოს.

გია თორთლაძე:

- ერთ-ერთ პრესკლუბში მიმიწვიეს, სადაც ლაპარაკი ძირითადად ალპინიზმს შეეხებოდა. სწოერდ იქ მკითხეს - ვაპირებ თუ არა პოლიტიკაში დაბრუნებას, რაზეც ვუპასუხე, რომ ვაპირებ, მაგრამ როდის და რა ფორმით, ეგ ჯერ არ ვიცი. შესაძლოა ჩემმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა 2016 წლის არჩევნებში, შესაძლოა დამოუკიდებელ კანდიდატიც ვიყო, არაა გამორიცხული, რომელიმე პარტიასთან შევქმნა ბლოკი, თუმცა ეს უკვე კონსულტაციების თემაა.

- ალბათ გიფიქრიათ, ვისთან შეიძლება შეხვიდეთ პოლიტიკურ ალიანსში?

- ჯერ ვნახოთ ვინ მიიღებს მოანწილეობას, თუმცა ახლავე, დანამდვილებით გეტყვით, რომ "ქართული ოცნებასთან" ყველანაირი კავშირი გამორიცხულია, არ ვაპირებ მაგათთან რაიმე სახით ურთიერთობა მქონდეს.

- "ნაციონალურ მოძრაობასთან?

- არც "ნაციონალურ მოძრაობასთან". მე რომ "ნაციონალებთან" ყოფნა მდომებოდა 2005 წელს პარტიიდან არ წამოვიდოდი.

- ექსპერტთა გარკვეული ნაწილი წერს, რომ თქვენი პოლიტიკაში დაბრუნება "ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებაა. ასე სურთ თქვენი მეშვეობით "ქართულ ოცნებას" მომავალ არჩევნებში ხმების გარკვეული რაოდენობა წაართვან...

- რომელი დავით აღმაშენებელი მე მნახეს, რომ ვინმეს ხმები წავართვა... თანაც არასოდეს მთქვამს, რომ "ნაციონალებთან" ერთად ვარ. ახლაც ვიტყვი, რომ მე მათთან ურთიერთობასაც არ ვაპირებ. როგორც გითხარით, ამ პარტიიდან 2005 წელს წამოვედი, თუმცა 2008 წელსაც მქონდა საშუალება რომ დავბრუნებულიყავი, მაგრამ ამის სურვილი არც მაშინ მქონია და არც ახლა მაქვს.

- ამასწინათ თქვით, რომ პოლიტიკიდან წასვლის უმთავრესი მიზეზი ფინანსების არქონა იყო, ახლა საიდან მოიძიებთ პოლიტიკური აქტიურობისთვის საჭირო ფინანსებს?

- 2012 წელს ორი ამხელა პარტია დაეტაკა ერთმანეთს, რომელთაც გარდა ადამიანური რესურსისა ძალიან დიდი ფინანსები ჰქონდათ, ამ დროს კი "საქართველოს დემოკრატიული პარტიის" მონაწილეობას აზრიც არ ჰქონდა და ამიტომაც არ მივიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. რაც შეეხება 2016 წელს, თუ იქნება ფინანსები დამოუკიდებლად მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ ეს მაეჭვებს, რადგან იმ თანხას ჩვენ არავინ მოგვცემს, რომ დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა. უფრო ლოგიკური იქნება თუ ვინმესთან გავერთიანდებით. სიმართლე გითხრათ, არც იმას გამოვრიცხავ, რომ მაჟორიტარად ვიყარო კენჭი.

- კერძო შემოწირულობის იმედად თუ საკუთარი ფინანსებით?

- საკუთარი ფინანსები არასოდეს მქონია. ახლა ტიანშანიდან დავბრუნდი, ექსპედიციისთვის საჭირო იყო 2000 დოლარი და ჩემი თავი აქაც ვერ დავაფინანსე. ასე .რომ საკუთარი ფინანსებით მონაწილეობის მიღება გამორიცხულია.

- რა იქნება უმთავრესი მიზეზი, რის გამოც თქვენ პოლიტიკაში დაბრუნდებით?

- თავის დროზე პოლიტიკაში იმიტომ წავედი, რომ ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო შევარდნაძის ხელისუფლება, ახლა კი ეს ხელისუფლებაა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელი. ჩემთვის მიუღებელია ის, რომ "ქართული ოცნება" პრორუსული ორიენტაციის ძალაა, რომელიც ოკუპანტს ოკუპანტს არ ეძახის... თურმე ეშინიათ არ გააღიზიანონ რუსეთი... თუმცა ამის გარდა არის სოციალური საკითხებიც, განათლება, მეცნიერება, ეკონომიკა და სხვ. ჩემთვის არცერთი ღირებული მიმართულება არ დატოვეს, რომელიც არ დაანგირიეს. როგორც კი ბიძია ივანიშვილმა განაცხადა, პოლიტიკაში ვაპირებ წასვლასო, მაშინვე ვთქვი, რომ ეს ჩემთვის მიუღებელი ადამიანი იყო. ვამბობდი, რომ მას, ეს 5 მილიარდი მთლიანად რუსეთში აქვს ნაშოვნი და აუცილებლად გახდება რუსეთის მარიონეტი-მეთქი. ხომ ხედავთ, ჩემი ნათქვამი გამართლდა. კაცი პოლიტიკაშია და თან ფსიქონალიზზე ლაპარაკობს და იქაც აბსოლუტურ სისულელეებს ამბობს. წარმოიდგინეთ, ივანიშვილი ამბობს, - ფრომს და ფროიდს გავუსწარი და კარგი იქნება თუ ბავშვები ჩემი მეთოდოლოგიით გაიზრდებიანო. ამაზე სულელური განცხადება არც მომისმენია...

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)