პროკურატურა რამდენიმე მუნიციპა­ლიტეტში კორუფციულ ფაქტებს სწავლობს?! - კვირის პალიტრა

პროკურატურა რამდენიმე მუნიციპა­ლიტეტში კორუფციულ ფაქტებს სწავლობს?!

"გუბერნატორები ხელფასს რაში იღებენ, მგონი, თვითონაც დაავიწყდათ"

"პროექტები მხოლოდ იმის გამო არის შეჩერებული, რომ ვიღაც საკუთარ თავზე

პასუხისმგებლობას ვერ იღებს"

"კვირის პალიტრისთვის" ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა რამდენიმე მუნიციპალიტეტში სავარაუდო კორუფციულ ფაქტებს სწავლობს. არსებული ინფორმაციით, პროკურატურამ განსაკუთრებული ყურადღება საეჭვო ტენდერებს მიაქცია. ეს არც არის გასაკვირი, რადგან ხელისუფლების მაღალჩინოსნებიც კი (რომ აღარაფერი ვთქვათ ექსპერტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებზე) პირად საუბრებში გამოთქვამენ ეჭვს, რომ ბევრ მუნიციპალიტეტში "სატენდერო მაფია" ჩამოყალიბდა. ფული გამოყოფილია, თუმცა, საქმე არ კეთდება, ან კეთდება ზერელედ, რაც გამოყოფილი თანხის ადეკვატური არ არის. ეს ტენდენცია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე მახრჩობელასავით მოქმედებს.

ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად აუდიტის სახელმწიფო სამსახური 15 მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაშია შესული და რამდენიმე ანგარიში პროკურატურას უკვე გაუგზავნა.

ლაშა თორდია, გენერალური აუდიტორი: - "ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში  საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ზოგან, ძირითადად, ცენტრალური თვითმმართველობის ორგანოებში, ეს საკითხი შედარებით მოგვარებულია, მაგრამ სხვა მუნიციპალიტეტებში

ტენდერებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემაა. ჩვენ არაერთი მასალა გავგზავნეთ პროკურატურაში.

- კონკრეტულად შეგიძლიათ დაგვისახელოთ?

- მაგალითად, ვანის, ასევე გორის მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ შესყიდვებთან დაკავშირებით. გავეცით რეკომენდაციები საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ ხარჯვაზე. ქუთაისის მუნიციპალიტეტთანაც გვაქვს კითხვები."

დარღვევები 2014 წლის პერიოდს მოიცავს, რადგან ადგილობრივ თვითმმართველობებს 2015 წელს დაგეგმილი პროექტების განხორციელება ჯერაც არ დაუწყიათ, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონული პროექტების ფონდიდან უკვე 82 მილიონი ლარია გამოყოფილი. ფინანსთა სამინისტრო რეგიონში არსებულ უმოქმედობასა და თანხების აუთვისებლობას ბიუროკრატიულ ბარიერებს აბრალებს. ამიტომ პრემიერ-მინისტრმა ნოდარ ხადურს დაავალა, წარმოადგინოს ინფორმაცია, რომელი რაიონები ვერ ან არ ხარჯავენ ბიუჯეტიდან გამოყოფილ თანხებს. "გამგებლებს და არჩეულ მერებს გაუჩნდათ განცდა, რომ ხელშეუხებელი არიან. მათ აიღეს პასუხისმგებლობა ჩვენი პოლიტიკური ძალისა და იმ ხალხის წინაშე, ვინც ისინი აირჩია. ამას ვერავინ გაექცევა. თუ დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებენ, დადგება მათი პასუხისმგებლობის საკითხი"  - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - "თვითმმართველობის ორგანოებში ორგვარი პრობლემებია. ეს არის კორუფციული რისკი, რადგან თავის დროზე თვითმმართველობები არასწორად დაკომპლექტდა. პროცესში ჩართული იყვნენ ის უწყებები, რომლებსაც ამ სფეროსთან არაფერი ესაქმებოდათ. მეორე პრობლემა დაკავშირებულია კომპლექსებთან. კერძოდ, გამგებლებს თუ მერებს ეშინიათ პასუხისმგებლობის აღების. მათ ეშინიათ, შეცდომა არ დაუშვან, უკანონობა არ ჩაიდინონ და პრობლემები არ შეექმნათ სამართალდამცავ უწყებებთან. ეს მეორე უბედურებაა. ფული არ იხარჯება, პროექტები შეჩერებულია მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას ვერ იღებს.

ორივე პრობლემა - როგორც კორუფცია, ისე არაკომპეტენტურობა და უმოქმედობა - რეგიონებში აქტუალურია. ამას ემატება უფუნქციო გუბერნატორები, რომლებიც ხელფასს რაში იღებენ, მგონი, თვითონაც დაავიწყდათ".

პრობლემებია თბილისის მერიაშიც. აუდიტის სამსახური ნარმანიას უწყებაში შესვლასაც გეგმავდა, თუმცა, შემოწმება მერიის თხოვნით გადაიდო. როგორც ლაშა თორდია ამბობს, მერიამ შემოწმების გადავადება იმ მიზეზით ითხოვა, რომ მასალების დიდი ნაწილი პროკურატურას აქვს ამოღებული. ნარმანიას უწყების შემოწმებას სახელმწიფო აუდიტი უახლოეს თვეებში გეგმავს(!).

ვახო ბერიძე