"შეტაკების ინსპირირება დასავლეთში მათ პოზიციას გაამყარებს." - რას გეგმავს "ნაციონალური მოძრაობა?!" - კვირის პალიტრა

"შეტაკების ინსპირირება დასავლეთში მათ პოზიციას გაამყარებს." - რას გეგმავს "ნაციონალური მოძრაობა?!"

"ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტის აქციით მთავრობას ვერ შეცვლის, ამისთვის არც გავლენა და არც პოლიტიკური რესურსი არ ეყოფა. ფული კი აქვთ, იცოცხლე, მაგრამ ეს არ უშველით. რაც შეეხება მოსალოდნელ გართულებასა და ექსცესებს, არ გამოვრიცხავ"

"ჩვენი ინფორმაციით კი, აპრილში, საპარლამენტო უმცირესობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურად დატოვებს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პროცესების ქუჩაში გადატანას შეეცდება."

"არაფერი არ მოხდება, თუ იქნებიან წყნარად, ჩატარდება წყნარად..."

2015 წლის 21 მარტი... "ნაციონალური მოძრაობის" მორიგი საპროტესტო აქცია დაანონსებულია, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში, საპარლამენტო უმცირესობის მიერ დაგეგმილი რიგით მესამე მსვლელობა, წინამორმედებისგან განსხვავებით, რადიკალური მოთხოვნით გამოირჩევა - თუ ექსსახელისუფლო გუნდი 2013 წლის 19 აპრილს ქუჩაში დასავლური კურსის "გადასარჩენად" გამოვიდა, 2014 წლის 15 ნოემბერს კი, რუსთაველის გამზირზე რუსულ აგრესიას აპროტესტებდა, ამჯერად, "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნამ ლოკალური სახე მიიღო და მხარდამჭერებს მთავრობის გადასაყენებლად ეპატიჟება...

საკმაოდ რადიკალური აღმოჩნდა პროცესების განვითარების ზოგიერთის მიერ გაცხადებული პროგნოზი. მაგალითად, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო პროტესტის გასაღვივებლად დაკავებული მერაბიშვილი-ახალია-უგულავადან ერთ-ერთის მოწამვლას აპირებს. მისი თქმით, ასევე იგეგმება თავდასხმა პარლამენტარ გიორგი კანდელაკზე და თვითონ მასზეც... ინაშვილის მტკიცებით, ეს გეგმა დასავლეთის თვალში საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაციასაც ისახავს მიზნად. ერთ-ერთი ვარაუდით, თბილისში გამართულ საპროტესტო აქციების პარალელურად, მიხეილ სააკაშვილი სარფის საბაჟოს მოადგება და რევოლუციური ტალღაც, წალენჯიხის ნაცვლად, ამჯერად სწორედ აჭარის რაიონიდან აგორდება - შეგახსენებთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში "ქართულმა ოცნებამ" უმრავლესობა დაკარგა. მეტიც, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, დავით ბაციკაძის ინფორმაციით, ბათუმში პოლიტიკური ვითარების გარდატეხის გეგმის შესამუშავებლად, 2015 წლის 7 თებერვალს, ტრაპზონში, გასაიდუმლოებული შეხვედრა გაიმართა, სადაც ლევან ვარშალომიძე მურმან დუმბაძესა და მმართველი გუნდის ოპონენტ სხვა პოლიტიკოსებს შეხვდა.

ასეა თუ ისე, ფაქტია "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური თამაშის ტაქტიკას ცვლის და ხელისუფლებასთან დაპირისპირების აქტიურ ფაზაში გადადის. პარტიის წევრები არც მალავენ, რომ მასშტაბური პერმანენტული გამოსვლებისთვის ემზადებიან და 21 მარტის აქციაც პოლიტიკური თამაშის მხოლოდ დასაწყისი იქნება. ჩვენი ინფორმაციით კი, აპრილში, საპარლამენტო უმცირესობა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ოფიციალურად დატოვებს და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით პროცესების ქუჩაში გადატანას შეეცდება. მიზნის მისაღწევად "ნაციონალები" განსაკუთრებით რეგიონებში აქტიურობენ და ადგილობრივებთან შეხვედრებს 24-საათიან რეჟიმში მართავენ. შეძლებს თუ არა ყოფილი სახელისუფლო გუნდი მოსახლეობის მასშტაბური მხარდაჭერის ხელმეორედ მოპოვებას, ამას რამდენიმე დღეში რუსთაველის გამზირზე ვიხილავთ, თუმცა მანამდე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდი ალბათობით, მსვლელობას სხვა პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდებიან. მათ შორის, ისინი, ვინც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას სახელისუფლო ოპოზიციად ითვლებოდნენ, 2012 წლის არჩევნების შემდეგ კი, აქტიური პოლიტიკიდან "გაიკრიფნენ". ერთ-ერთი, ალბათ, გია თორთლაძე იქნება, რომელმაც პოლიტიკაში დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა. 21 მარტის აქციას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაც შეუერთდება... მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში განსაკუთრებით საინტერესოა, რომელ ფლანგზე აღმოჩნდება ირაკლი ალასანია, მითუმეტეს, მას შემდეგ, რაც მან მთავრობისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობა არ გამორიცხა...

"ნაციონალური მოძრაობის" მოლოდინი, რომ მათი აქცია მრავალრიცხოვანი იქნება, ექსპერტ მამუკა არეშიძეს გადაჭარბებული ჰგონია. ის გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: "ვფიქრობ, გადაჭარბებულია მათი მოლოდინი, თუმცა, თუ გარკვეული რაოდენობის ადამიანი მაინც მივიდა, ეს მოხდება არა "ნაციონალური მოძრაობისთვის" მხარდასაჭერად, არამედ ამ ხელისუფლებისადმი უკმაყოფილების მიზეზით... "ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტის აქციით მთავრობას ვერ შეცვლის, ამისთვის არც გავლენა და არც პოლიტიკური რესურსი არ ეყოფა. ფული კი აქვთ, იცოცხლე, მაგრამ ეს არ უშველით. რაც შეეხება მოსალოდნელ გართულებასა და ექსცესებს, არ გამოვრიცხავ, შეიძლება თვითონ "ნაციონალებმა" დაგეგმონ ამგვარი რამ, ანაც მათი მმართველობით გაწამებულმა ადამიანებმა გადაწყვიტონ აქციაზე მისვლა და საკუთარი პრეტენზიების გამოთქმა."

მიმდინარე პროცესებს განსხვავებულად აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციას მმართველი გუნდისგან პროვოცირებულ ნაბიჯად მიიჩნევს და ვარაუდობს, რომ საპარლამენტო ოპოზიციამ თავის გადასარჩენად "ქართული ოცნებისთვის" სასურველი პოლიტიკური თამაში წამოიწყო:

"ვფიქრობ, ამჯერად "ნაციონალური მოძრაობა" სახელისუფლო კულუარებიდან წააქეზეს. მთავრობის გადადგომის მოთხოვნით "ნაციონალების" ქუჩაში გამოსვლა, პირველ რიგში, ხელისუფლების ინტერესებშია, რადგან გადარჩენისთვის ეს ერთ-ერთი უებარი საშუალებაა - მართალია, საზოგადოებაში ანტისახელისუფლო განწყობა გამწვავდა, თუმცა მოსახლეობა მთავრობის გადადგომის მოთხოვნაში მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" არ დაუჭერს და ამ ძალისგან მაქსიმალურად დისტანცირებას შეეცდება. შედეგად პოლიტიკა ისევ ორპოლუსიანი გახდება და სხვა მოთამაშეებისთვის სივრცე ისევ დაიკეტება. ვერ გეტყვით, რეალურად იტყვის თუ არა ნაციონალური მოძრაობისადმი უარყოფიტად განწყობილ საზოგადოებაში ისინი ლიდერებად ვერ ჩამოყალიბდებიან. სავარაუდოდ, 21 მარტს არსებულ ადმინისტრაციულ რესურსს მაქსიმალურად გამოიყენებენ და არ გამოვრიცხავ, ამჯერად მართლაც პროვოკაციები დაგეგმონ. მითუმეტეს, სამართალდამცავ სტრუქტურებში მათ საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ყავთ, შეტაკების ინსპირირება კი, დასავლეთში მათ პოზიციას გაამყარებს".

ამ რამდენიმე დღის წინმ დაგეგმილ აქციას შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც გამოეხმაურა: "უსაფრთხოების ზომების დაცვა, რა თქმა უნდა, მოხდება ყოველთვის, იქნება ეს "ნაციონალური მოძრაობის" აქცია თუ - სხვისი. არეულობას ჩვენ არ ველოდებით და არც ვურჩევთ, რომ ეს ვინმემ დაგეგმოს, რადგან ფიზიკურად არ დავუშვებთ არეულობას. არაფერი არ მოხდება, თუ იქნებიან წყნარად, ჩატარდება წყნარად... თუ არ იქნებიან წყნარად, პოლიცია კანონის ფარგლებში მიიღებს შესაბამის ზომებს!"

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)