გამოცხადებულია "ქამრების შემოჭერა", მაგრამ მთავრობა ფუფუნების საგნებს მაინც ვერ ელევა - კვირის პალიტრა

გამოცხადებულია "ქამრების შემოჭერა", მაგრამ მთავრობა ფუფუნების საგნებს მაინც ვერ ელევა

"მთელი ეს ავეჯი საქართველოს მოსახლეობას ბატუტზე მხტუნავი პრემიერმინისტრისა და მცურავი ლარის კურსის პირობებში, საერთო ჯამში დაუჯდა 181 401 ლარი."

"ამგვარი პრეტენზიების "ნაციონალური მოძრაობისგან" მოსმენა, ბუნებრივად გვახსენებს, წინა ხელისუფლების დროს მაღლაჩინოსანთა მიერ საკუთარი თავისთვის მოწყობილ უკიდეგანო კომფორტს"

"ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის ადმინისტრაციის მე-11 სართულისთვის შესყიდული რბილი ავეჯის შესახებ ფინანსურ ინფორმაციას აქვეყნებს.

როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის დეკემბერში, იტალიაში 181 401 ლარის რბილი ავეჯის შეიძინეს.

"მინდა წარმოგიდგინოთ ორი ხელშეკრულება, რომელიც ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იტალიაში შეუკვეთა რბილი ავეჯი. ხელშეკრულება გაფორმებულია ორ კომპანიასთან Life style-სა და "იტალდიზაინთან".

კომპანიასთანLife style-თან 26 ათასი ევროს, ხოლო "იტალდიზაინთან" 41 ათასი ევროს ფარგლებში. უფრო კონკრეტულად, Life style-მა პრემიერისთვის იტალიაში შეუკვეთა: სავარძელი - 5760 ლარი, სკამები - 11 232 ლარი, ორი მაგიდა- 3192 ლარი, ორი მაგიდა - 2160 ლარი, ორი მაგიდა - 2784 ლარი, დივანი - 19104 ლარი და სავარძლები – 25 344 ლარი. რაც შეეხება "იტალდიზაინს," ამ შემთხვევაში პრემიერისთვის იტალიაში შეუკვეთეს: სავარძელი ტყავში კრემისფერი - 6084 ლარი, სამზარეულოს მაგიდა - 1680 ლარი, სამზარეულოს სკამი - 1728 ლარი, მაგიდა თეთრი დაბურული ლაკირება - 15 792 ლარი, სკამი ტყავის თეთრი ფერის - 17 913 ლარი, ორადგილიანი დივანი - 19 368 ლარი, სავარძელი ტყავში - 15 516 ლარი, ორადგილიანი დივანი "ბროდვეი" - 13 344 ლარი, სავარძელი ტყავში – 15 880 ლარი, საწოლი მთლიანი თავით, ჭრილის გარეშე, ბატუტით - 24 132 ლარი, ორთოპედიული მატრასი ზამბარებით, ინდივიდუალური შეფუთვით -1980 ლარი. მთელი ეს ავეჯი საქართველოს მოსახლეობას ბატუტზე მხტუნავი პრემიერმინისტრისა და მცურავი ლარის კურსის პირობებში, საერთო ჯამში დაუჯდა 181 401 ლარი. ჩვენ სკეპტიკურად ვუყურებთ იმას, რომ რბილი ავეჯის არშეძენის ხარჯზე შესაძლებელია ეკონომიკური კრიზისის მოგვარება, მაგრამ მთავრობას არ სურს თუნდაც ელემენტარულ ფუფუნებაზე უარი თქვას." - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის თქმით, ეს ავეჯი ადრეა ნაყიდი. "თავისთავად ცხადია, რომ ავეჯი საჭიროა იმისთვის, რომ სახელმწიფო კანცელარიამ ფუნქციონირება გააგრძელოს ნორმალურ ვითარებაში. თქვენ იცით, რომ იქ რემონტი მთავრდება და თავისთავად ცხადია, რომ ასეთი ხარჯებისგან არავინ არის დაზღვეული." – განაცხადა ხადურმა

ნადირაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, მაია ცქიტიშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ირმა ნადირაშვილმა არასწორი ინფორმაცია გაავრცელა. "ავეჯი არ არის შეძენილი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის, ეს ავეჯი შევიძინეთ იმ სივრცისთვის, რომელიც არ გვქონდა მთავრობის ადმინისტრაციაში. არ გვქონდა შესაბამისი სივრცე, რომელიც იყო საჭირო მაღალი რანგის სტუმრების მისაღებად. პროტოკოლით გათვალისწინებულია შეხვედრის სხვადასხვა ფორმატები, რომელიც ითვალისწინებს როგორც პირისპირ შეხვედრებს, ისე დელეგაციის შეხვედრებს. ადმინისტრაციის მიმდინარე რემონტის ფარგლებში, ბუნებრივია, ვაწყობთ ასეთ სივრცეებს, რომელთაც სჭირდებათ შესაბამისი აღჭურვილობა."

მისივე თქმით, ირმა ნადირაშვილმა ავეჯის ფასებიც არასწორად წარმოადგინა.

"ქალბატონ ირმას არასწორად ჰქონდა ციფრები მითითებული, რადგან იქ სადაც უწერია, რომ 1 სკამი ღირს 15 000, სინამდვილეში 24 სკამია ამ ღირებულების. ციფრები, რომ რაღაც ნივთი ღირდა 24000, სინამდვილეში ღირდა 2000 ლარი. ეს ინფორმაცია არ იყო გაცემული ჩვენს მიერ და ალბათ, ეს არის შეცდომების მიზეზი." - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

მისივე თქმით, ბატუტიანი საწოლი არ უყიდიათ და ეს არის იტალიურიდან არასწორი თარგმანი. "საწოლის ნამდვილად ვიყიდეთ, რომელიც ღირდა 950 ევრო ანუ 2200 ლარი. საწოლი გათვალისწინებული პირველი პირისთვის, რომელსაც უწევს დილის 4 საათამდე მუშაობა." - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ცხადია, როდესაც ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური პრობლემებია და ხელისუფლება ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე გამუდმებით ლაპარაკობს, მსგავსი ფაქტები მთავრობის იმიჯს ნამდვილად აზიანებს, თუმცა ამგვარი პრეტენზიების "ნაციონალური მოძრაობისგან" მოსმენა, ბუნებრივად გვახსენებს, წინა ხელისუფლების დროს მაღლაჩინოსანთა მიერ საკუთარი თავისთვის მოწყობილ უკიდეგანო კომფორტს, ამის მაგალითად, ბაჩო ახალაიას თავდაცვის უწყებაში ფუფუნებით მინისტრობა ანაც ზურაბ ადეიშვილის მიერ, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული უწყებების, ულტრათანამედროვე დიზაინით მოწყობილი, ინტერიერები გამოდგება.

მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით