"სად იყო ნატო 2008 წელს?!" - თოფაძე მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ორგანიზატორებს სტიპენდიებს ჰპირდება - კვირის პალიტრა

"სად იყო ნატო 2008 წელს?!" - თოფაძე მის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ორგანიზატორებს სტიპენდიებს ჰპირდება

"არ დაგავიწყდეთ, რომ ნატო იმ ქვეყანას არ იღებს, რომლის ტერიტორიაზეც უცხო ქვეყნის ჯარი დგას, ხოლო ჩვენთან რუსეთის ჯარია, ანუ რა გამოდის, აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე უნდა ვთქვათ უარი და ნატო-ში ისე შევიდეთ?! "

"სად ნახეთ მუქარა?! მედიის რომელიმე წარმომადგენელს ემუქრება ვინმე? დანაშაულია, როდესაც მილიონობით ადამიანს არასწორ ინფორმაციას აწვდი. მე პირადად, მსგავსი არაფერი გამიკეთებია და არავის დავმუქრებივარ."

"ნატო აგრესიული სამხედრო ბლოკია. არ მინდა, რომ ჩემი ქვეყანა რომელიმე სამხედრო ბლოკში იყოს, იმიტომ, რომ მესამე ბირთვული ომის კონტურები უკვე ცხადია. ევროკავშირი არ არის სამხედრო ბლოკი, არც ევრაზიული კავშირი. ევრაზიული კავშირი ერთ-ერთი შესაძლებლობაა, სადაც უფრო კარგად ვიქნებით. რუსი რომ აგრესორია და რუსეთმა, რომ ტერიტორიები წაგვართვა, ეს ვიცით. რუსი ავადმყოფია, მაგრამ რუსოფობია რას მოგვიტანს?!" - ეს ბიზნესმენისა და პარლამენტარის გოგი თოფაძის მორიგი სკანდალური განცხადებაა. ნატო-სა და ქვეყნის დასავლური ორიენტაციის წინააღმდეგ მისი განცახდებების გამო , ცოტა ხნის წინ, სოციალური ქსელის მშვეობით დაიწყო კამპანია - "არა გოგი თოფაძის მიერ წარმოებულ პროდუქტს!" იმოქმედა თუ არა ამ კამპანიამ გაყიდვებზე და რას პასუხუხობს ამ კამპანიის ორგანიზატორებს ამას გოგი თოფაძისგან შევიტყობთ:

- მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ხალხს და იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვინც ეს კამპანია წამოიწყო. მე ხელთ მაქვს განვლილი 5 დღის მონაცემები და ამის მიხედვით ჩემი კომპანიის რეალიზაცია გაზრდილია 42%-ით. ბუნებრივია, ეს მხოლოდ ლუდს არ შეეხება, აქ ლაპარაკია მთლიანად ჰოლდგინგზე, რომელშიც ბევრი ფირმა შედის. თუ ეს ასე გაგრძელდება და კვლავაც ასეთი შედეგი მექნება, მზად ვარ რამდენიმე არასმთავრობოს და მათ აქტივისტს გოგი თოფაძის საქველმოქმედო ფონდიდან სტიპენდიები დავუნიშნო. სხვათაშორის, ეს იმის მაჩვენებელიცაა, თუ რამდენად იზიარებს ხალხი ჩვენს პოზიციას.

- ბატონო გოგი, ცოტა ხნის წინ თქვენ განაცხადეთ, რომ კარგი იქნება, თუ რაიმე ფორმით მოხდება იმ არასმთავრობო ორგანიაციების კონტროლი, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდებიან...

- დიახ, მე ასე მიმაჩნია. ახალგაზრდები, რომლებიც დაფინანსებული არიან უცხოური ფულით არ მიმაჩნია, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებდნენ. მოგეხსენებათ, უცხოელები ჩვენს პატარა ქვეყანაში საკუთარი ინტერესების გატარებას ცდილობენ და თუ ეს ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან, ეს ჩემთვის მიუღებელია. ახალგაზრდა ხალხია, განათლებულები, არ ჯობს საკუთარ ქვეყანას ემსახურონ?! რაღა უცხოური გრანტით უნდა შეინახონ თავი?! გავიხსენოთ ფერადი რევოლუციები და ამ საქმეში სოროსის აქტიურობა და კიდევ ბევრი სხვა გარემოება.

- გასაგებია, მაგრამ ეს არასამთვარობოები ქართული ფონდებიდან გრანტს ვერ იღებენ და რა ქნან შეწყვიტონ ფუნქციონირება?

- რატომ უნდა მიიღონ გრანტი უცხოეთიდან, საქართველოს მოქალაქეები არიან და მონახონ სამსახური. განათლება არ აკლიათ და შეხედულება

- ქვეყანაში ისედაც უამრავი უმუშავარია, სადაა სამუშაო ადგილები?

- ასეც არაა, თუ მოძებნიან, უსათოუდ მონახავენ სხვა სამსახურს, თუ დააკვირდებით ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი გაჩნდა და იმუშაონ იქ, რაღა მაინცდამაინც უცხოელები კარნახს უნდა ელოდონ.

- ცოტა ხნის წინ განაცხადეთ: "ნატოს დემოკრატიასთან არავითარი კავშირი არ აქვს..."

- ჯერ, ერთი ვინ გვღებულობს ნატო-ში?! ნატოს ქვეყნების პრეზიდენტები პირდაპირ ამბობენ, რომ უახლოესი 10 წელი ჩვენ ნატო-ში არ მიგვიღებენ. ავღანეთში რამდენი ჩვენი ახალგაზრდა დაიღუპა, ან სად იყო ნატო 2008 წელს?! რატომ არ მოვიდა და არ დაგვეხმარა ომში?! მინდა, რომ ჩემი სამშობლო იყოს ნეიტრალური ქვეყანა, რომელსაც ექნება განვითარებული ეკონომიკა და არ იყოს არცერთი სამხედრო ბლოკის წევრი. ამ განცახდების გამო მაბრალებენ რუსოფილობას, მაშინ როცა ჩემზე კარგად არავინ იცის, რომ რუსეთი აგრესორია და საშინელებები დამართა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ როგორ გგონიათ რუსებთან ლანძღვა-გინებით დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების მეტი შანსი გვაქვს?! ან ამ ტერიტორიებს ნატო-ში შესვლით დავიბრუნებთ? არ დაგავწყდეთ, რომ ნატო იმ ქვეყანას არ იღებს, რომლის ტერიტორიაზეც უცხო ქვეყნის ჯარი დგას, ხოლო ჩვენთან რუსეთის ჯარია, ანუ რა გამოდის, აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე უნდა ვთქვათ უარი და ნატო-ში ისე შევიდეთ?!

- თქვენ "რუსთავი2"-ის ჟურნალისტებს გამოუცხადეთ - ყველანი დასაჭერები ხართო. სწორია ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან ჟურნალისტების მიმართ მუქარა?

- სად ნახეთ მუქარა?! მედიის რომელიმე წარმომადგენელს ემუქრება ვინმე? დანაშაულია, როდესაც მილიონობით ადამიანს არასწორ ინფორმაციას აწვდი. მე პირადად, მსგავსი არაფერი გამიკთებია და არავის დავმუქრებივარ. უბრალოდ ვამბობ, რომ ყველა ჟურნალისტის მოვალეობაა ობიექტურობა და კიდევ ბევრს ითმენს ჩვენი ხელისუფლება. "რუსთავი 2", რომ არაობიექტურია, ეს მარტო ჩემი აზრია? განა ყველაფერი ისე ცუდადაა როგორც ეს ტელევიზია გადმოსცემს? განა საერთოდ არაფერი კეთდება ქვეყანაში? მე გეტყვით, ძალიან ბევრი რამ კეთდება, მაგრამ ეს ტელეკომპანია მიზანმიმართულად არ აშუქებს სიმართლეს. ბიძინა ივანიშვილმა ერთხელ თქვა, დღეს მედია თავისუფალიაო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჟურნალისტმა არაობიქტურად აშუქოს პროცესები.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)