რომან ფინი: "ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს "თბილისური მაიდნის" მოწყობას შეეცდება - კვირის პალიტრა

რომან ფინი: "ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს "თბილისური მაიდნის" მოწყობას შეეცდება

"სააკაშვილმა საკუთარ თანაპარტიელებს თბილისში მიმართა: "მოაწყვეთ მეორე "მაიდანი", გამოიწვიეთ ქაოსი, ფული და მხარდაჭერა იქნება".

"რომელი პატიოსანი, საკუთარი ხალხის მოყვარული ადამიანი დადგება მათთან და გაყვება მათ? მათ მხარს უჭერს ის მცირერიცხოვანი ხროვა, რომელსაც ყოფილმა რეჟიმმა გამდიდრების საშუალება მისცა და რომელიც დღემდე დაუსჯელად სჩადის დანაშაულს."

ერთი წლის წინ, 2014 წლის აპრილში "კვირის პალიტრამ" გამოაქვეყნა ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და პუბლიცისტის რომან ფინის მიმართვა ქართველი ხალხისადმი, სათუარით: "საქართველო საფრთხეშია", როემლშიც ლაპარაკი იყო იმაზე, რომ სააკაშვილი და მისი პარტია ხელისუფლების მიტაცებისთვის ემზადებოდნენ. ბატონი ფინი მიჩნევს, რომ მთავრობისთვის ცნობილი იყო ამის შესახებ, მაგრამ, როგორც ჩანს, ქმედითი პრევენციული და დამცავი ზომები არ მიიღეს, შედეგად კი შეთქმულებმა მზადება განაგრძეს, ძალადობრივი გზით ხელისუფლების მიტაცების მუქარით გამოაცხადეს საკუთარი გამოსვლის თარიღიც. რომან ფინი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე გაიზარდა, ამიტომაც კვლავ მიმართავს ქართველ ხალხს, რომლის ნაწილსაც გთავაზობთ.

მიმართვა ქართველ ხალხს

სააკაშვილის და მისი თანამზრახველების ხელისუფლებაში დაბრუნების თარიღი გამოცხადებულია და ქვეყანა ახალი ძვრების ზღვარზე დგას. ორ წელზე მეტ ხანს, შეთქმულების დანაშაულებრივ ტვინებში არა მარტო მწიფდებოდა ბოდვითი იდეები, არამედ ყველას თვალწინ ისინი ინტენსიურად ემზადებოდნენ ამის განსახორციელებლად. დღეს მათ ჩათვალეს, რომ მზად არიან - დადგა დრო და საკუთარ გამოსვლას ცინიკურად "თბილისის მაიდანი" უწოდეს; განაცხადეს, რომ არ გაჩერდებიან, სანამ არ მიაღწევენ მიზანს, რომელიც მათ ესახებათ არა როგორც უბრალოდ მთავრობის გადადგომა, არამედ, როგორც ხელისუფლების მიტაცება.

ისე ჩანს, რომ მათი მზაკვრული გეგმების შესახებ ერთი წლის წინანდელმა გაფრთხილებამ მისი განხორცილება გადადო. თუმცა, სააკაშვილი კვლავ თავისუფალი რჩებოდა, ხოლო მისი პარტია, რომელმაც (ევრო-ამერიკის წარმოუდგენელი ზეგავლენით და "ოცნებასთან" მოღალატეობრივი შეთანხმების შედეგად) თითქმის ნახევარი პარლამენტითა, (და ასევე, სახელმწიფოს სათავეებთან მდგარი "ოცნების" ხელშეწყობით), ფაქტობრივად, შეინარჩუნა ეკონომიკური და ფინანსური ძალაუფლება, ახორციელებდა დამანგრეველ ქმედებებს, ხელს უშლიდა მთავრობის საქმიანობას და აძლიერებდა საკუთარი პოლიტიკურ პოზიციას.

28 თებერვალს შემუშავებული გეგმის მიხედვით, "ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტს "თბილისური მაიდნის" მოწყობას შეეცდება. სააკაშვილმა საკუთარ თანაპარტიელებს თბილისში მიმართა: "მოაწყვეთ მეორე "მაიდანი", გამოიწვიეთ ქაოსი, ფული და მხარდაჭერა იქნება". ეს მიმართვა მოდის ანტისახალხო ძალების წინამძღოლისგან, ეს არის ქართველი ხალხის, საზოგადოების, თავისუფლების და სიცოცხლის ხელყოფის პირდაპირი მუქარა. ეს მუქარა სერიოზულია. იგი არის მოწოდება სისხლისღვრისკენ.

სულ აიღეს თავზე ხელი, უტიფრად გამოდიან, განსაკუთრებული თავხედობითა და არნახული ცინიზმით. ისინი არ ლაპარაკობენ მშვიდობიან დემოკრატიულ პროცესებზე – ხელისუფლების გადადგომაზე, პარლამენტის დათხოვნაზე, ახალ არჩევნებზე... ისინი ლაპარაკობენ საკუთარ შეიარაღებულ რაზმებზე, ქაოსსა და დესტაბილიზაციაზე, ძალადობასა და ტერორზე... კიდევ იმაზე, რომ ყოველივე ეს კარგად ანაზღაურებადია(!) ვისგან? რომ მხარდაჭერა იქნება(!) – საიდან? ეს მათთვის ხელისუფლებისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა. მაგრამ ეს შეთქმულებაა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ, ეს კი უმძიმესი სახელმწიფო დანაშაულია, შემსრულებლები – სახელმწიფო დამნაშავეები არიან. ეს არ არის იატაკქვეშა ორგანიზაცია, ფარულად შეიარაღებული. ეს ის ხალხია, რომელთა ხელშიც ჯერაც მნიშვნელოვანწილად რჩება ქვეყანა...

ახლახან გახმოვანდა სააკაშვილის გეგმები ციხეში ან მერაბიშვილის, ან უგულავას, ან ბაჩო ახალაიას მოკვლის (!!!) შესახებ, რათა ამაში მთავრობა დაედანაშაულებინათ და ხალხის პროეტესტი გამოეწვიათ. რა მხეცური გათვლაა! როგორი უგნური სიბეცე!.. რომელი პატიოსანი, საკუთარი ხალხის მოყვარული ადამიანი დადგება მათთან და გაყვება მათ? მათ მხარს უჭერს ის მცირერიცხოვანი ხროვა, რომელსაც ყოფილმა რეჟიმმა გამდიდრების საშუალება მისცა და რომელიც დღემდე დაუსჯელად სჩადის დანაშაულს.

"ნაციონალების" პარტია დანაშაულებრივია საკუთარი ანტიხალხური არსით, თავისი არაადამიანურობით; იმითი, რომ მისი ხელმძღვანელი და მაღალი რანგის ჩინოვნიკები, ასევე პარლამენტის წევრები როგორც სააკაშვილის დროს, ასევე შემდგომაც, სხვადასხვა სახის უმძიმეს დანაშაულობებს სჩადიოდნენ პირადი შურისძიების გამო, საკუთარი გამდიდრების მიზნით; მაგალითად, 10.000-მდე ბიზნესმენს წაართვეს ბიზნესი და ქონება, ბევრი მათგანი ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც აწამდებდნენ და ძალადობდნენ მათზე; ზოგიერთები უბრალოდ დახოცეს. ხალხს ციხეებში სვამდნენ ერთადერთი მიზნით, გასათავისუფლებლად დიდი გამოსასყიდი მიეღოთ. ისინი მდიდრდებოდნენ ნარკოტიკებით, იარაღით, მიწებით, შენობებით, ფაბრიკებით და ქარხნებით, ელექტოროობის, გაზისა თუ საყოფაცხოვრებო სამსახურებით ვაჭრობით... მათ დაიწყეს და სამარცხვინოდ წააგეს ომი, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს საბოლოოდ დაკარგვით დამთავრდა. დღეს მათი გადაბრუნებული გონება უფლებას აძლევთ იამაყონ იმით, რომ ომი მოიგეს.

მაიდან-გადატრიალება-ხელისუფლების მიტაცება, როგორც გვამცნობენ, ძალიან კარგად არის დაფინასებული კრიმინალური წარმოშობის წყაროებისგან. განსაკუთრებით მძიმე სახელმწიფო დამნაშავეები მერაბიშვილი და გიგი უგულავა გასამართლებული არიან მხოლოდ მცირეოდენი დანაშაულისთვის, ხანმოკლე ვადებით, ხალხის ძარცვითა და ბნელი უკანონო ოპერაციებით ნაშოვნი ასობით მილიონებისა და მილიარდების შენარჩუნებით. მაიდანი იმ პარტიული"ობშჩიაკიდანაც" დაფინანსდება, რომელსაც კეზერაშვილი განაგებდა; "ნაციონალური მოძრაობის" სხვა საქმოსნებისგან, რომლებმაც ასევე დანაშაულებრივი გზით შეაგროვეს უზარმაზარი ქონება. გასული წლის ზაფხულიდან, სააკაშვილთან შეთანხმებით, საქართველოში გადატრიალების დაფინანსებას დათანხმდა უკრაინელი მილიარდერი იგორ კოლომოისკი. შესაძლოა დაფინანსების სხვა წყაროებიც არსებობდეს.

გეგმის თანახმად, ხელისუფლების მიტაცება შეიარაღებული გზით უნდა განხორციელდეს. საქართველოში ჩამოდის სააკაშვილისეული "ლეგიონი", იმ ქართველებისგან შემდგარი, რომლებიც დღეს უკრაინაში ომობენ - 150 კაცი. სურთ ისინი სნაიპერებად გამოიყენონ, რომლებიც მიტინგზე მოსულ საკუთარ ხალხს ესვრიან, რათა მათ სიკვდილსა და დაჭრაში მთავრობა დადანაშაულდეს. გამოიყენებენ მათ, როგორც დივერსანტებს, რომლებიც ტერორისტულ აქტებს განახორციელებენ, ხანძარსა და ნგრევას გამოიწვევენ, რათა წარმოიქმნას ქაოსი, ხალხი დაშინდეს, ბრბო კი აღიგზნოს. დიდ ძალას წარმოადგენს რაზმები სამეგრელოდან, სადაც შენარჩუნებული აქვთ პოზიციები თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას და ასევე განსაკუთრებით აქტიურ მამამისს, როლანდ ახალიას, რომელიც სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი თანამზრახველი იყო, ამჟამად კი პარლამენტის წევრია. სამეგრელოში მზადდებოდა საგანგებო საომარი რაზმები. მომზადებულია დიდი რაოდენობით საბურავები (ინფორმაცია არსებობს 20 ტრაილერის შესახებ), რომელთა დაწვა რიტუალად იქცა ანტისამთავრობო გამოსვლების დროს. ხალხმა არ იცის, რომ ამ საბურავების კვამლი ძალზე სახიფათო და მავნებელია ჯანმრთელობისთვის, განსაკუთრებით ფილტვებით დაავადებულებისთვის, რადგან ის ძლიერი კანცეროგენია. მაგრამ მისი მთავარი დანიშნულებაა აზროვნების დაბინდვა და მასის აჟიტირებაა. ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გავრცელდა ცნობა, რომ მიმდინარეობს აქტივისტებისა და შეიარაღებული ადამიანების გაძლიერებული ტრენინგი, სახელდებოდა ციფრიც - 500 ადამიანი, ძირითადად სპორტსმენები; მითითებული იყო მათი მომზადების ადგილები. ისინი გაცილებით მეტი უნდა გამხდარიყვნენ, მათთვის ნიღბებიც იყო მომზადებული. მთავრობამ პირობა დადო, რომ ამ ვითარებას კონტროლს გაუწევდა, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რა გაკეთდა, რომ შეჩერებულიყო ეს დანაშაულებრივი ქმედება, დაშლილიყვნენ მონაწილენი, ხოლო დამნაშავეები დასჯილიყვნენ. Dდიდია ეჭვი, რომ საერთოდ არაფერი გაკეთებულა.

ეჭვი არ არის, რომ ეს უგუნურები ვერ განახორციელებენ საკუთარ დანაშაულებრივ გეგმებს. ეს არ არის "ვარდების რევოლუციის" დრო, როცა მასობრივი და კარგად დაფინანსებული პროპაგანდის შედეგად ადამიანები სააკაშვილს გაჰყვნენ.Dდღეს ქართველ ხალხში მისადმი და მისი თანამზრახველებისადმი საყოველთაო ზიზღი და სიძულვილია, და თუ ხალხი გამოვა ქუჩაში, ეს იქნება პროტესტი პირველ რიგში სააკაშვილის წინააღმდეგ.

ეს სამარცხვინო პარტია სამუდამოდ აიკრძალება, მისი დანაშაულებები გაიხსნება, დამნაშავეები აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა, მათ ჩამოერთმევათ უმსგავსი ხერხებით მითვისებული ქონება და ის ხალხის სამსახურში გადავა; მოპარული და წართმეული ბიზნესი და ქონება მეპატრონეებს დაუბრუნდება. სააკაშვილს და მისი მიმდევრებს არ ესმით, რომ საქმე ექნებათ არა მარტო და არა იმდენად მთავრობასთან, არამედ ხალხთან და აქ ისინი ვეღარ გაივლიან. მათ ელით სრული განადგურება და საბოლოოდ დალევენ სულს "ისტორიის სანაგვეზე"; ბევრ მათგანს, სავსებით შესაძლებალია, სიცოცხლის დამთავრება ციხეშიც მოუხდეს.

ადამიანებო, იყავით ფრთხილად! არ გამოხვიდეთ ნაციონალების მიტინგზე, არ შეუერთდეთ მკვლელებსა და ბანდიტებს. ეს ამორალურია, უზნეოა სამშობლოს, საქართველოს, წინაშე, თუკი მიეკედლებით მის მტრებსა და დამანგრეველებს, რომელთაც წაბილწეს მისი სიწმინდეები, გაძარცვეს ხალხი, ადამიანებს უსაზრრო ტანჯვა არგუნეს და ამაზე ხელი მოითბეს. ეს სახიფათოცაა, რადგან იქ იქნებიან სნაიპერები და პროვოკატორები. მათგან ჩვენ მხოლოდ მაღალი მოქალაქეობრივი პოზიცია დაგვიცავს. სახელმწიფო დამნაშავეების მიმართ ჩვენი "არა" დაგვიცავს.

მათ გადაწყვიტეს გამოიყენონ ხალხის უკმაყოფილება საკუთარი მთავრობისადმი და ამ პროტესტს ამოფარებულები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ცდებით, ბატონო!..

რაც შეეხება "ნაციონალების" გამოსვლისთვის ერთ-ერთ მიზეზს - ლარის დევალვაციას, მსგავსი რამ მთელ მსოფლიოში მოხდა. 2014 წლის აგვისტოს ევრო 1,35 ღირდა და 1,05 გახდა, კანადის დოლარიც ამავე მიმართულების მიემართებოდა. 2015 წლის იანვარში კანადის ვალუტამ დევალვიაცია კიდევ 10%-ით განიცადა. იგივე ემართება რუბლს და ბევრ სხვა ვალუტას. ევროსთან მიმართებაში ლარს დევალვაცია არ განუცდია, ხოლო რუბლთან მიმართებაში გამყარდა კიდეც. მაგრამ შევარდნაძის დროს ლარი განა ისეთივე არ იყო, როგორიც ახლაა? სააკაშვილის დროს ლარი კი არ გამყარდა, უბრალოდ ხალხს პარავდნენ უცხოეთიდან გამოგზავნილი დოლარების ერთ მესამედს და ასე დაწიეს კურსი 2,20-დან 1,65-მდე.

ახლა იმათზე, ვინც უნდა იყოს ქვეყნის და სახელმწიფოს დამცველი, ყოველ მოქალაქეს, ვინც ახლა დანაშაულებრივი ძლების შეტევის ობიექტია, - საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება აცხადებს, რომ მზადაა მიიღოს აუცილებელი ზომები. ზუსტად არ ვიცით, ეს რას ნიშნავს და შესაძლოა კი ამ განცხადებების ნდობა. იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებს, როგორ დაუფარავად ემზადებოდა სააკაშვილი, მზადყოფნაში მოიყვანა საკუთარი სპეციალური ძალები, და ახლა უკვე ხალხისა და ხელისუფლების წინააღმდეგ ომის დაწყების დღე და საათი დანიშნა, ჩანს, რომ დიდ წინააღმდეგობას არ მოელის. არ შეიძლება სააკაშვილის ნდობა: ზუსტად ასეთი "სტრატეგიით" "იმედოვნებდნენ" საკუთარ გამარჯვებას როცა ომს იწყებდნენ ე.წ "სამხრეთ ოსეთში". ისინი შეცდებიან ახლაც, როგორადაც მწარედ და დებილურად შეცდნენ მაშინ. მაგრამ შეიძლება დაზარალდეს ათი ათასობით ადამიანი... ისინი მიიწევენ ხელისუფლებისკენ, რათა დაფარონ, ჩამოწერონ საკუთარი დანაშაულები და დაუსჯელად ჩაიდინონ ახალი. და ისინი ჩქარობენ: ხვალ გვიან იქნება, ვიღაცა სხვა მიიმხრობს ხალხს და მიაღწევს სამართლიანობას და პატივს, ღირსებას, მთავრობის გადადგომას და ახალ არჩევნებს პარლამენტში, შედეგად ისინი, შესაძლოა, პარლამენტში ვერ მოხვდნენ, ან ხმების უმნიშვნელო რაოდენობა მიიღონ.

და რას შვრება ქვეყნის მთავრობა, რომელმაც ხელისუფლებაში მოსვლისთანავე აჩვენა ქვეყნის ძნელი და დიდი ამოცანების წინაშე საკუთარი არაადექვატურობა. აღმოჩნდა უძლური, უნებო, არაპროფესიონალი, არ განახორციელა აუცილებელი და სასწრაფო ზომები ყველა სფეროში, უმთავრესი კი სამართლიანობის მხრივ – ბევრი სახელმწიფო დამნაშავე დატოვა დაუსჯელი, მათი მსხვერპლების მიმართად სამართლიანობა აღუდგენელი დარჩა. ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშნული ადამიანები სახელმწიფო საქმისადმი, ქვეყნის მართვისადმი

უუნარონი აღმოჩნდნენ. მათი აზროვნება აღზრდილი და ფორმულირებულია კომუნისტურ წარსულში, ქვეყნის წინაშე მდგარი ამოცნების გადაჭრა მათ არ შეუძლიათ. სახელმწიფო მექანიზმი ძირითადად დარჩა ძველებური, ანუ სააკაშვილისებური. ცხოვრება კი არ გაუმჯობესდა, რაღაცეებში გაუარესდა კიდეც. ყოფილი მთავრობის მიერ განადგურებული მეურნეობა, სოციალური სფერო, განათლება და ხელოვნება, ეკონომიკა და სოფლის მეურნეობა არ გაჯანსაღდა, საერთაშორისო არენაზე ქვეყენა, როგორც სააკაშვილის დროს, მოკლებულია სუვერენიტეტს, ხელმძღვანელობა მთლიანად ევროამერკული ძალების გავლენის ქვეშაა...

პარლამენტში მორალურ-პოლიტიკური კოაბიტაცია და მისი შედეგებია, რომელისგან პარალიზებულია მთელი ხელისუფლების ნება, ეს ორგანო რაიმე ქმედუნარიაონობას სრულიად მოკლებულია, რაც ხალხის უკმაყოფილებას, პროტესტს და აღშფოთებას იწვევს. იგი კარდინალურად უნდა შეიცვალოს. ქვეყნის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა იმავე ხარისხის აღმოჩნდა, როგორიც მათი წინამორბედი იყო: არ ფიქრობენ ხალხის საჭიროებებზე, უსაფრთხოებაზეც კი. ისინი უნდა წავიდნენ. უნდა ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს დროის სამართლიანი მოთხოვნაა და არ შეიძლება ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს "ნაციონალური პარტიის" დროშის ქვეშ და მისი ძალადობრივი მეთოდებით.

გამწმენდი და აღმდგენელი ძალის სათავეში არ შეიძლება იდგეს არც ერთი ამჟამად არსებული - ძველი პოლიტიკური პარტია, მათ ყველამ ძალიან ცუდად აჩვენეს თავი, როგორც უვარგისმა, არანაირი შემოქმედებითი უნარის არმქონემ და პოლიტიკური ველი ამ აზრით დღეს ცარიელია.

ბატონო პრემიერ მინისტრო! ბატონო პრეზიდენტო! საქართველოს ერთგულო პარლამენტის წევრებო! მოგმართავთ თქვენ, შეასრულეთ თქვენი მოვალეობა, დაიცავით ხალხი უზურპატორების ვერაგი ჩანაფიქრებისგან , მიიღეთ სასწრაფო, გადამწყვეტი ზომები სახელმწიფოს წინააღმდეგ დაგეგმილი დანაშაულის აღსაკვეთად, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებისა და მათი დაშლისათვის, სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორთა დაუყოვნებლივ დაპატიმრებისა და სამართალში მიცემისათვის. გაასაჯაროვეთ მათი გეგმები, მათი გვარები და სახელები, მოუწოდეთ მოსახლეობას შეიკრას ერთ მუშტად, რათა ოყოს მზად და არ დაუშვას დანაშაულებრივი რეჟიმის დაბრუნება.

რომან ფინი

რომან ფინი – დისიდენტი და საბჭოთა დროის პოლიტპატიმარი, მეცნიერი და მწერალი, საბჭოთა კავშირის, რუსეთის და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელი კანადის ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი (1981-2005), საქართველოს და სხვა საერთაშორისო მწერალთა კავშირების წევრი, ავტორი პუბლიცისტური წიგნებისა, რომელიც თანამედროვე საქართველოს ტრაგიკულ ბედს ეხება; მშვიდობისა და ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ნომინანტი.