შიხიაშვილის მიერ სამსახურიდან გაშვებულმა თანამშრომლებმა სასამართლო ნაწილობრივ მოიგეს, მაგრამ... - კვირის პალიტრა

შიხიაშვილის მიერ სამსახურიდან გაშვებულმა თანამშრომლებმა სასამართლო ნაწილობრივ მოიგეს, მაგრამ...

"აგვისტოში წარჩინებული მუშაობისთვის კოლეგებთან ერთად პრემია მივიღე, სექტემბერში კი - გამათავისუფლეს."

"44 ქულა დავაგროვე, გამსვლელი კი 40 იყო, გასაუბრებაზეც ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ უარი მივიღე, სამსახურში არ მიმიღეს."

სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობის გამო, შესაძლოა, თბილისის საკრებულოს ხელმძღვანელი პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს. იურისტის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღუსრულებლობა, როგორც კანონის ასევე კონსტიტუციის დარღვევაა. საქმე იმაშია, რომ ირაკლი შიხიაშვილის თავმჯდომარეობის დროს, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული 13 პირი დღემდე სამართლიანობის აღდგენისთვის იბრძვის.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს ყოფილი თანამშრომლები სამსახურიდან 2013 წლის 17 სექტემბერს გაათავისუფლეს. ქრონოლოგიურად კი ეს ასე მოხდა: 2013 წლის 26 ივლიის, საკრებულს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი გახდა. ახალმა მმართველმა, რეორგანიზაცია, თანამდებობის დაკავებიდან მალევე, 16 აგვისტოს გამოაცხადა. რეორგანიზაციის შედეგად, გარკვეული სამსახურების შერწყმა უნდა მომხდარიყო, რაც ავტომატურად კადრების შემცირებას გამოიწვევდა, თუმცა, რეალურად თანამშრომელთა ნუსხა ჯერ ახალი თანამშრომლებით შეივსო, ერთი თვის შემდეგ კი ათეულობით ძველი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. შიხიაშვილის რეორგანიზაციამ, კადრების შემცირების ნაცვლად, ძველი კადრების ახლით ჩანაცვლება გამოიწვია. ერთ-ერთი გათავისუფლებული ნათელა მიშველიძე, შიხიაშვილის ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს: "2003 წლიდან საკრებულოს თავმჯდომარის სამდივნოში მთავრი სპეციალისტის თანამდებობაზე ვმუშაობდი და მრავალწლიანი მუშაობის განმავლობაში, საყვედურიც კი არავისგან მიმიღია. აგვისტოში წარჩინებული მუშაობისთვის კოლეგებთან ერთად პრემია მივიღე, სექტემბერში კი - გამათავისუფლეს."

სამსახურში აღდგენის მოთხვნით, საკრებულოდან გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. მათ გათავისუფლების განკარგულების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და გაცდენილი დროის ანაზღაურება მოითხოვეს. სამივე ინსტანციის სასამართლომ მათი მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ბათილად ცნო ის განკარგულება, რომლითაც თანამშრომლები გაათავისუფლეს. სასამართლომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, ერთი თვის ვადაში საკრებულოს, გათავისუფლებულ თანამშრომლებთან დაკავშირებით, ახალი დასაბუთებული აქტის გამოცემა დაავალა.

ნათელა მიშველიძე:

- სასამართლო საკრებულოს ავალებდა, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში გამოეცა ახალი, დასაბუთებული გადაწყვეტილება, რაც რეალურად არ მოხდა. სასამართლოს მიერ დაწესებული ვადის გასვლის შემდეგ, ჩვენ მოვითხოვეთ შეხვედრა საკრებულოს თავმჯდომარესთან გიორგი ალიბეგაშვილთან. ალიბეგაშვილმა რჩევა მოგვცა (სასამართლო მას ახალი აქტის გამოცემას ავალებს), მონაწილეობა მიგვეღო საკრებულოსა და მერიაში მომავალში გამოსაცხადებელ კონკურსში, რომელიც არავინ იცის როდის გაიმართება. თუმცა "კეთილ რჩევამდე" ჩემმა რამდენიმე კოლეგამ საკრებულოსა და მერიაში გამოცხადებული კონკურსი და გასაუბრება წარმატებით გაიარა, მაგრამ საბოლოოდ უარი მიიღო.

სალომე ზანგურაშვილი, ერთ-ერთია 13 გათავისუფლებულიდან, ვინც საკრებოლოში გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა: "44 ქულა დავაგროვე, გამსვლელი კი 40 იყო, გასაუბრებაზეც ვიყავი, მაგრამ საბოლოოდ უარი მივიღე, სამსახურში არ მიმიღეს."

ჩვენ საკრებულოს აპარატის უფროს ელენე დუმბაძეს დავუკავშირდით:

- სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე მიმდინარეობს წარმოება, მათ დავუგზავნეთ შეტყობინებები, მოეწყო შეხვედრები, როგორც ჩემთან, ასევე - თავმჯდომარესთან. ახლა მიმდინარეეობს მაშინდელი რეორგანიზაციის მასალების სიღრმისეული შესწავლა. კანონოს თანახმად, პროცესი დაწყებულია და არ გვინდა მივიღოთ ნაჩქარევი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ვადებს, ვადები დარღვეული არაა. ერთი თვის ვადაში ჩვენ პროცესი უნდა დაგვეწყო, რაც ნამდვილად დაწყებულია და ვადები არ დაგვირღვევია.

დაარღვია თუ არა ვადები საკრებულომ? - ჩვენ "კონსტიტუციის 42 "მუხლის იურისტს ანზორ ხატიაშვილს გავესაუბრეთ.

- სასამართლოს გადაწვეტილების მიხედვით, საკრებულოს რა ვადა ჰქონდა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად?

_ საკრებულოს ჰქონდა ზუსტად ერთი თვის ვადა, იმისათვის, რომ გამოეცა ახალი აქტი. ერთთვიანი ვადის დარღვევა, ამ შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობას ნიშნავს, რითაც ირღვევა დაინტერესებული პირების ინტერესები. ეს ქმედება, ანუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებობა სისხლის სამართლის პასუხისმგეგლობის საკიტხია.

- სასამართოლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან, ორი თვის გასვლის მიუხედავად, არ მომხდარა ახალი აქტის გამოცემა, ვის უნდა დაეკისროს ამაზე პასუხისმგებლობა?

- ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ის მოხელე, ვისაც უშუალოდ ეკისრება ახალი აქტის გამოცემის ვალდებულება. ამ ქმედებისათვის სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს უფრო მკაცრ პასუხისმგებლობას, თუკი ის ჩადენილია სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლის, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოხელის მიერ (კერძოდ, მაქსიმალური სასჯელის სახით 4-წლამდე თავისუფლების აღკვეთას, როდესაც ჩვეულებრივ შემთხვევაში მხოლოდ 2-წლამდე პასუხისმგებლობაა გათავალისწინებული). ვინაიდან საკრებულოს მხრიდან ადგილი აქვს უმოქმედობას სასამართლოს გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შესრულებასთან დაკავშირებიტ, დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მიმართონ პროკურატურის და საგამოძიებო ორგანოებს, ასევე შეუძლიათ მიმართონ სასამართლოს იძულებითი აღსრულების პროცედურების დასაწყებად.

ლამუნა ირემაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)