არის თუ არა "ნაციონალების" ხმა ხალხის ხმა, ანუ როცა მგელი ცხვრის უფლებებს იცავს - კვირის პალიტრა

არის თუ არა "ნაციონალების" ხმა ხალხის ხმა, ანუ როცა მგელი ცხვრის უფლებებს იცავს

"ახლა იწყება ყველაფერი. ივანიშვილის დასასრული სულ მალე დადგება..."

აქციაში მონაწილეთა რაოდენობა და მუხტიც "ნაციონალებისთვის" ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლეოდა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ,,უნიათო მთავრობის" გადადგომის მოთხოვნით საკუთარ მხარდამჭერებს თავისუფლების მოედანზე მოუყარა თავი. ,,მთავრობა აღარ უსმენს ხალხს და ჩვენ გვსურს, გავაგონოთ მას ხალხის ხმა," - ამბობენ ისინი და ხელისუფლებას "არაფრის კეთებაში" ადანაშაულებენ.

აქცია, რომელიც ნიკა მელიამ გახსნა, დაგეგმილზე გვიან დაიწყო. გამომსვლელები ხალხს შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებდნენ და საუბრობდნენ იმ მიზეზებზე, რის გამოც მთავრობა უნდა გადადგეს. ,,ახლა იწყება ყველაფერი. ივანიშვილის დასასრული სულ მალე დადგება..." ,,სამი წელია ვუყურებთ, როგორ ანგრევენ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ვალია, რომ ამას წერტილი დავუსვათ..." ,,ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, რომ ეს უპასუხისმგებლო მთავრობა დიდხანს მოვითმინოთ..." - ასეთი ლოზუნგები ისმოდა ორგანიზატორების მხრიდან. დავით ბაქრაძე უფრო შორს წავიდა და პოლიციის მობილიზება მხოლოდ იმით ახსნა, რომ ხელისუფლებას მათი შეეშინდა. ,,ამ რაოდენობით პოლიციის და სპეცრაზმის მობილიზება მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას ჩვენი შეეშინდა. ეს ის პოლიციაა, რომელიც ჩვენ შევქმენით. დღეს გვყავს ოპოზიცია, რომელის პოლიციასთან ერთად დგას ქუჩაში." - განაცხადა დავით ბაქრაძემ და, რატომღაც, დაავიწყდა ის ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის უსაფრთხოება მის ორგანიზატორებთან ერთად დაგეგმა. აღსანიშნავია ერთი საკითხიც,  სამართალდამცავები მობილიზებული შეშინებული ხელისუფლების გამო კი არა, უფრო "ნაციონალური მოძრაობისა" და მათი მხარდამჭერების დასაცავად იყვნენ, რადგან 9-წლიანი მმართველობის დროს გამწარებულ არაერთ ადამიანს ჯერაც არ ასვენებს შურისძიების სურვილი...

აქციის მონაწილეებს მათი მომავალი სამოქმედო გეგმა გიორგი გაბაშვილმა გააცნო. მისი თქმით, იგეგმება საგანგებო კომიტეტების ჩამოყალიბება, რომლებიც რეგიონებში პერმამენტულ აქციებს ორგანიზებას გაუწევენ. ,,ჩვენ შევქმნით ანტიკორუფციულ ჯგუფებს, რომლებიც ადგილებზე ამხელენ კორუფციაში ჩაფლულ გუბერნატორებს და გამგებლებს. არ მოვასვენებთ ადგილობრივ გათავხედებულ ჩინოვნიკებს. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ დავიწყებთ პერმამენტულ აქციებს. პიკეტირებებს კანონის ფარგლებში, პარლამენტში საჭირო ხმების მოგროვებას იმისათვის, რომ დავიწყოთ მთავრობის გაშვების პროცედურა პარლამენტის მეშვეობით. მთავრობის გადადგომის შემდეგ საარჩევნო რეფორმაზეც ვიზრუნებთ და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას მოვითხოვთ. ეს არის გზა, რომელიც დღეს იწყება," - განაცხადა გაბაშვილმა.

აქციაზე ბრიუსელიდან ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი. მან დღევანდელ მთავრობას დამანგრეველი უწოდა, რომელმაც, მისი თქმით, 90-იანი წლების აჩრდილები დააბრუნა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ,,სადაც არ უნდა ვიყო, ჩემთვის მზე საქართველოდან ამოდის და ჩადის. გადავლახავ ყველა დაბრკოლებას და შევძლებ, თქვენს გვერდით დავდგე საქართველოს გადასარჩენად. 2003 წელს ჩვენ ყველა ერთად დავდექით იმისათვის, რომ საქართველო უძრაობის ჭაობიდან გამოგვეყვანა. სამწუხაროდ, დღესაც იგივე მიზანი გვამოძრავებს. ისევ გადასარჩენი გვყავს ჩვენი ქვეყანა. ისევ ამოსაყვანი გვყავს იმ ჭაობიდან, რომელშიც ცოტა ხნის წინ ხელახლა აღმოვჩნდით. ისევ საჭიროა განვითარების რელსებზე დაბრუნება, რადგან ჩვენ ამ რელსებიდან ჩამოვედით." - ამ სიტყვებით მიმართა მიხეილ სააკაშვილმა შეკრებილთ. ის დარწმუნებულია, რომ სულ მალე გაათავისუფლებს საქართველოს ,,უმაქნისი, ბნელი, დამანგრეველი ძალისგან." თუმცა აქციაში მონაწილეთა რაოდენობა და მუხტიც "ნაციონალებისთვის" ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ იძლეოდა.

აქციის დასასრულს მათ სახელმწიფო კანცელარიასთან გადაინაცვლეს. რათა მთავრობისთვის ეჩვენებინათ წითელი ბარათები, რომლებიც აქციის მონაწილეებს დარიგებული ჰქონდათ. ისიც უნდა ითქვს, რომ ამ აქციის პარალელურად კონტრაქცია გამართეს იმ ადამიანებმა, რომლებიც თვლიან, რომ "ნაციონალებს" მორალური უფლება არ აქვთ, თავისუფლების მოედანზე აქცია მოაწყონ.

რაც შეეხება შეფასებებს, პოლიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ნაციონალებს აქციის გამართვის კანონიერი უფლება აქვთ, ოღონდ არა მორალური. პოლიტოლოგი, ვახტანგ ძაბირაძე თვლის, რომ არა მხოლოდ საზოგადოებამ, თვით ნაციონალებმაც მშვენივრად იციან, რომ ამ აქციით ახალს ვერაფერს დაიწყებენ. ,,ავიწყდებათ, რომ 2012 წელს მათ ხელისუფლება კი არა, საზოგადოება დაუპირისპირდა. ვფიქრობ, მოსახლეობაში ეს განწყობა არ შეცვლილა და, სავარაუდოდ, არც შეიცვლება, რადგან "ნაციონალებმა" თვითდამკვიდრების თუ რებრენდინგის არასწორი სტრატეგია აირჩიეს."

... და მაინც, შეძლენენ თუ არა "ნაციონალები" კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნებას და აქციაზე გაჟღერებული იდეების ხორცშესხმას. ღარიბაშვილი ამბობს, რომ დღეს სახელმწიფო ძლიერია და დესტაბილიზაციას ვერავინ მოახერხებს. მაგრამ ისიც აშკარაა, რომ უნიათო მთავრობის იარლიყი ასე იოლად მოსაცილებელი არ არის. ხელისუფლებამ ეს იარლიყი ჯერ კიდევ მაშინ მოირგო, როცა ნაციონალური მოძრაობის გადარჩენა დემოკრატიულობის გამოვლინებად მიიჩნია. თუმცა "ნაციონალების" გადარჩენა არა ხელისუფლების ნებაზე, არამედ იმაზეა დამოკიდებული, საზოგადოებას რამდენად მოკლე მეხსიერება აღმოაჩნდება. "ნაციონალების მოთხოვნები გადაიქცევა თუ არა ხალხის ხმად, თუნდაც ეს მოთხოვნები საფუძველსმოკლებული არ იყოს. ერთ-ერთ ინტერვიუში დავით ზურაბიშვილმა თქვა, თუ "ნაციონალების" წარმომადგენელი იტყვის, რომ დღეს ოთხშაბათია, მე ვერ დავიწყებ მტკიცებას, რომ ხუთშაბათია, მხოლოდ იმის გამო, რომ მათთან თანამზრახველობა არ დამწამონო. შეუძლებელია, არ დაეთანხმო, მაგრამ, როცა "ნაციონალური მოძრაობა" ადამიანის უფლებების დარღვევებზე, ტერორსა და მათი მომხრეების დაშინებაზე საუბრობს და პროტესტს აცხადებს, ყველაზე რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. საზოგადოებას მეხსიერების პრობლემები არ აქვს. ეს დღევანდელი აქციიდანაც გამოჩნდა, ორგანიზატორების პათოსის მიუხედავად.

ნონა ბურნაძე (სპეციალურად საიტისთვის)