"ბურჯანაძის ქმარმა პირველმა იყვირა - დავარბიოთ ესენიო!" - ვის ემუქრება სულის ამოხდით თარაგამაძე ამჯერად - კვირის პალიტრა

"ბურჯანაძის ქმარმა პირველმა იყვირა - დავარბიოთ ესენიო!" - ვის ემუქრება სულის ამოხდით თარაგამაძე ამჯერად

"ლოთი", "ყბედი" და "ავანტურისტი" - "ბორის ნემცოვზე არ გავბრაზებულვარ"

"ისე, ბურჯანაძეს რატომ არაფერს ეკითხებიან იმაზე ,თვითონ 7 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო და აქციის დარბევა მოიწონა?!"

ბოლო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე მეტად გააქტიურდა. თუ ხელისუფლებაში ყოფნისას, ის დიდწილად მიუწვდომელი იყო ქართველი ჟურნალისტებისთვის და საზოგადოებაც იშვიათად თუ ხედავდა, დღეს ლამის ყოველდღიურად გავხსენებს თავს, განსაკუთრებით აქტიური კი სოციალურ ქსელშია. 21 მარტის აქციამდე, სხვადასხვა ტელევიზიით გასულ მოკლე სიუჟეტებში სწორედ მისი ცნობილი სიტყვები - "სულს ამოგხდით, ნაძირლებო" ედო ფონად ციხის კადრებს... რამდენად კმაყოფილია 21 მარტის აქციით და როგორ აპირებს "ნაციონალური მოძრაობა" მთავრობის გადაყენებას, "კვირის პალიტრის" კითხვებს გივი თარგამაძე პასუხობს:

- უდაოა, 21 მარტის აქცია შედგა და დღეიდან ბიძინა ივანიშვილი თუ მისი მონუკები მშვიდად ვერ დაიძინებენ. სწორედ ბიძინა ივანიშვილისგან გამწარებულ ადამიანებს უნდა მივცეთ საშუალება, საკუთარი აღშფოთება ხმამაღლა გამოთქვან. თავის მხრივ, ივანიშვილიც აუცილებლად მიხვდება, რომ თითოეული ამ ადამიანის გამწარება პირადად მისი დამსახურებაა და ვიღაცების ზურგსუკან ამოფარების მიუხედავად, პასუხისგებაც სწორედ მას მოუწევს.

- სიტყვა - "გამწარება" უკვე ორჯერ ახსენეთ... ფიქრობთ, რომ პირადად თქვენგან, რომელიც 2007 წელს აქციის მონაწილეებს სულის ამოხდომით დაემუქრეთ, დღეს გამწარებულ ადამიანებზე ლაპარაკი მორალურად გამართლებულია?

- ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ მიფიქრია, რომ შეცდომა დავუშვი, როცა ეს სიტყვები ვთქვი. ვინც საქართველოში რუსული დროშების ფრიალს აპირებს, იგივე სიტყვებს გავუმეორებ: - სულს ამოგხდით! 21 მარტს გამოსულ ადამიანებსა და 7 ნოემბერს აქციაზე მოსულ ადამიანებს შორის დიდი განსხვავებაა.

- მოთხოვნა იგივეა, მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრმა დარბევის ნაცვლად, კომფორტული პირობები წინასწარ შემოგთავაზათ.

- 7 ნოემბერს რუსული მანქანა მუშაობდა. მაშინ პირდაპირ რუსები ცდილობდნენ გადატრიალების მოწყობას, რაშიც მომიტინგეებიც ჩართულნი იყვნენ. სხვათა შორის, აქციის დარბევისთვის ყველაზე მაღალი ხარკი გადავიხადეთ - პრეზიდენტი გადადგა და რიგგარეშე არჩევნები ჩავატარეთ.

- მაშინ ოპოზიციამ არჩევნები გაყალებულად გამოაცხადა.

- არჩევნები მაშინ ითვლება გაყალბებულად თუ საერთაშორისო საზოგადოება და ექსპერტები ამას ამბობენ. 26 მაისზეც გეტყვით... 26 მაისის მთავარი გმირი ნინო ბურჯანაძე დღესაც დაუსჯელია. არადა, პოლიციელი სწორედ მის გამო მოკლეს.

- თქვენ იყავით მაშინ ხელისუფლებაში, რატომ არ დააკავეთ ბურჯანაძე?

- ბურჯანაძე პოლიტიკური ლიდერი იყო, რომლის დაკავებაც ქვეყნის იმიჯს შელახავდა. "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, 26 მაისის შემდეგაც კი, სახელმწიფოებრივად ვაზროვნებდით. ისე, ბურჯანაძეს რატომ არფერს ეკითხებიან იმაზე, თვითონ 7 ნოემბერს პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო და აქციის დარბევა მოიწონა? მისი ქმარმა კი, პირველმა იყვირა - დავარბიოთ ესენიო. აქციის მონაწილეებსაც საკმაოდ "საინტერესო" ეპითეტებით მოიხსენიებდა.

- ანუ 2007 წლის 7 ნოემბერს აქციის დარბევაზე პასუხისმგებლობას ახლა ნინო ბურჯანაძეს და ბადრი ბიწაძეს აკისრებთ?

- მე იმას ვამბობ, რომ ეს საკითხი რატომღაც ყველამ "გაატარა" და ბურჯანაძის როლზე არავინ ლაპარაკობს.

- კარგი, დღევანდელ რეალობას დავუბრუნდეთ. მთავრობის გადაყენებას რეალურად შეძლებთ?

- ამ უნიათო მთავრობას აუცილებლად გადავაყენებთ - ტექნიკურ მთავრობას მოვიყვანთ, რომლის ფორმირებაშიც ბიძინა ივანიშვილი ვერ ჩაერევა. სწორედ ეს ტექნიკური მთავრობა უზრუნველყოფს საარჩევნო კანონმდებლობის გამოსწორებას, რომლის შემდეგაც რიგგარეშე არჩევნები ჩატარდება. ჩვენ მმართველ კოალიციას დავამარცხებთ!

- ამას აქციებით აპირებთ და "მაიდნის" თემა თქვენთვის აქტუალურია?

- არამხოლოდ აქციებით, ცალკე "ფრონტი" პარლამენტშიც გვაქვს. საზოგადოებასთან სხვა ურთიერთობის ფორმებსაც გამოვძებნით, თუ საჭირო გახდა ხელმოწერებსაც შევაგროვებთ. ბუნებრივია, მომავალში მიტინგებიც იქნება, რადგან ამ მავნებლების ხელისუფლებაში ყოფნის თითოეული დღე ქვეყნის ძირითად ინსტიტუტებს ანგრევს. ამას არ შევეგუებით!

- ირაკლი ღარიბაშვილმა პროკურატურას თქვენი და უკვე ყოფილი პოლიციელის ბაზიაშვილის ფარული თანამშრომლობის საკითხით დაინტერესება მოსთხოვა. სოციალურ ქსელში დაწერეთ, რომ პრემიერს თქვენი დაკავება სურს...

- ღარიბაშვილს ბევრი რამ უნდა, მაგრამ ვიდრე რამეს დააბრეხვებს, კარგად უნდა დაფიქრდეს... ჩემ წინააღმდეგ ბრალის წარდგენაზე ლაპარაკი, აბსურდია. პოლიციელმა კი, ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება მიიღო, ამიტომ მას ბოლომდე ამოვუდგებით გვერდში. გარდა ამისა, ვუზრუნელყოფთ, რომ ის თანამდებობაზე აღადგინონ. ადრე თუ გვიან, აუცილებლად აღიძრება საქმე იმაზე, თუ ვინ გადააპარა პოლიციელის მკვლელი, ქურდული სამყაროს წარმომადგენელი საზღვარზე და რომელი სახელმწიფო მოხელე იყო ამაში ჩართული. პოლიტიკურ შურისძიებას არ ვაპირებთ, მაგრამ გამოძიება აუცილებლად ჩატარდება და კონკრეტული ადამიანები პასუხს აუცილებლად აგებენ.

- ბოლოს, ბორის ნემცოვის შეფასებაზეც გკითხავთ - რატომ გიწოდებდათ ის "ლოთს", "ყბედსა" და "ავანტურისტს"?

- რა გგონიათ, რადგან ეს თქვა, უნდა მიხაროდეს რომ მოკლეს?! მას ჩემთან კავშირს აბრალებდნენ, ამიტომ ეს  მისგან თავდაცვის მეთოდი იყო და ბორის ნემცოვზე არ გავბრაზებულვარ.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)