ოჰ, ეს გამოკითხვები - მარგველაშვილს ყველაზე მეტად ენდობიან?! - კვირის პალიტრა

ოჰ, ეს გამოკითხვები - მარგველაშვილს ყველაზე მეტად ენდობიან?!

”ორგანიზაციებმა, რომლებიც IRI-ისა და NDI-ის კვლევებში მონაწილეობენ, საზოგადოების დიდი სიმპათია და ნდობა ვერ დაიმსახურეს, თუმცა რაც გამოქვეყნდა, შევაფასებთ. აქ მარტო ნდობის თემა არ არის, ღრმა ანალიზია საჭირო."

ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ საქართველოში ჩატარებული პოლიტიკური კვლევების შედეგების მიხედვით, პოლიტიკური პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება: გამოკითხულთა 36% მხარს კოალიცია ”ქართულ ოცნებას" უჭერს, 14 % - "ნაციონალურ მოძრაობის" მხარდამჭერია, 10 % - ”თავისუფალ დემოკრატებს", 6 % - ლეიბორისტულ პარტიას ემხრობა, ხოლო 5 -5 % ბურჯანაძის "გაერთიანებული დემოკრატები" და ირმა ინაშვილის "პატრიოატთა ალიანსი" ინაწილებენ. აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა ყველაზე დიდი ნაწილი საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს ენდობა. მესამე ადგილს კი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია იკავებს. 56%-ით, მხოლოდ მეოთხე ადგილი ერგო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. რაც შეეხება კოალიციაში შემავალ ცალკეულ პარტიებს, გამოკითხულთა 40% პარტია ”ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს, ”თავისუფალ დემოკრატებს" - 12%, ”რესპუბლიკურ პარტიას" - 13%, ”კონსერვატიულ პარტიას" - 3%, ”ეროვნული ფორუმსა" და ”მრეწველებს" 2-2%. ამასთან, საზოგადოების 55% ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის. კითხვაზე, რა არის საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრობლემა, გამოკითხულთა 81%-მა ლარის გაუფასურებას ასახელებს. 45% კი ფიქრობს, რომ ქვეყნის ძირითადი პრობლემა მაღალი გადასახადებია. რაც შეეხება დასაქმების საკითხს, გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ უმუშევრობა გაიზარდა, 5% ფიქრობს, რომ შემცირდა, 30%-ის აზრით, იგივე დარჩა. შეკითხვაზე - რა არის მთავრობის მთავარი ჩავარდნა, გამოკითხულთა 29% დაპირებების შეუსრულებლობას ასახელებს, 11% _ ინფლაციას, 10% - ეკონომიკურ კრიზისს, 5% - კრიმინალს, 5% _ არაკომპეტენტურობას.

IRI –ის მიერ საქართველოში ჩატარებულ კვლევებს განსხვავებულად აფასებენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. მმართველი გუნდი მას უნდობლობას უცხადებს, "ნაციონალური მოძრაობა" კი, ქვეყანაში არსებულ ლოგიკურ სურათზე ლაპარაკობს.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის შეფასებით, IRI-ს კვლევის შედეგები დამაფიქრებელია, რადგან კვლევა ლარის გაუფასურების პერიოდშია ჩატარებული: ”ორგანიზაციებმა, რომლებიც IRI-ისა და NDI-ის კვლევებში მონაწილეობენ, საზოგადოების დიდი სიმპათია და ნდობა ვერ დაიმსახურეს, თუმცა რაც გამოქვეყნდა, შევაფასებთ. აქ მარტო ნდობის თემა არ არის, ღრმა ანალიზია საჭირო. პირველადი მონაცემები, რომელსაც გუშინ გავეცანი, დაფიქრების საფუძველს იძლევა. ”ქართული ოცნება" წინ არის, რაც მოსალოდნელი იყო. ნდობა მის მიმართ მაღალია და იმ პრობლემების შეფასება, რაც გუშინ წარმოადგინეს, საინტერესოა. კვლევები დაემთხვა ლარის მძლავრი რყევის პერიოდს და რასაკვირველია, ამან შედეგებზეც გავლენა მოახდინა. საუბარია ეკონომიკურ თემებზე, სოციალურ საკითხებზე-კვლევა ცუდ ფონზე ჩატარდა" . ვიცე-პრემიერი კახა კალაძეც ფიქრობს, რომ კვლევის შედეგებს ანალიზი ჭირდება.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, პარტია ძირითადი ოპოზიციური ძალის ნიშას ინარჩნებს: ”კმაყოფილი როგორ უნდა ვიყო, როდესაც ქვეყანა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია... რაც შეეხება კვლევის შედეგებს, ის საზოგადოების განწყობას ასახავს, რომელიც ფიქრობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. ნაციონალური მოძრაობა ძირითადი ოპოზიციური ძალაა და ამ პოზიციებს ინარჩუნებს, ეს სიახლეს არავისთვის წარმოადგენს. მთავარი საკითხი რეიტინგები კი არა, საზოგადოების განწყობაა _ მოსახლეობა იმედგაცრუებულია და ეს კვლევის შედეგებიდანაც გამოსჭვივის".

IRI –ს კვლევის შედეგები იმედის მომცემი აღმოჩნდა ნინო ბურჯანაძის პარტიისთვის: ”ადგილობრივი არჩევნების წინ ჩატარებული კვლევის შედეგად ჩვენს პარტიას 1 %-ზე ოდნავ მეტი ჰქონდა რეიტინგი. შედეგი ყველასათვის ცნობილია, რომ ათჯერ მეტი ავიღეთ. ახლა, როგორც მოგეხსენებათ 5%-იანი რეიტინგი გამოცხადდა, ასე რომ ჩვენს მხარდამჭერებს შეგვიძლია მივულოცოთ წინასწარ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება."- აღნიშნავს სოციალურ ქსელში ნინო ბურჯანაძე.

IRI კვლევის შედეგების გამოქვეყნებას 27 მარტსაც გეგმავს.