"პუტინს აშკარად უჭირდა საუბარიც" – რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას?! - კვირის პალიტრა

"პუტინს აშკარად უჭირდა საუბარიც" – რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას?!

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის 10-დღიანი გაუჩინარების შესახებ დღემდე არ წყდება მითქმა-მოთქმა. მედია კვლავინდებუად წერს, რომ მისი დროებით გაქრობა პოლიტიკური ასპარეზიდან შემთხვევითი არ ყოფილა და რომ ჭორი მისი ავადმყოფობის თაობაზე შესაძლოა უსაფუძვლო სულაც არ იყოს.

ამ საკითხზე რუსმა ოპოზიციონერმა, გარი კასპაროვმა ТСН -თან ინტერვიუშიც ილაპარაკა. მისი თქმით, ის საიდუმლოებით მოცული ვითარება, რაც რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობას უკავშირდება, იმის დამადასტურებელია, რომ პუტინი ნამდვილი დიქტატორია. გარი კასპაროვის თქმით, ნათელია, რომ პუტინს ჯანმრთელობის პრობლემები აწუხებს და ეს ნათლად ჩანდა ყირგიზეთის პრეზიდენტ ალმაზბეკ ატამბაევთან შეხვედრის დროს. "არც ერთი წამით არ შემიძლია წარმოვიდგინო, რომ პუტინმა ყირგიზეთის პრეზიდენტი ავტომობილით სასახლის გარშემო შემოატარა. ნათელია, რომ მას პრობლემები ჰქონდა, პუტინს აშკარად უჭირდა საუბარიც." - განაცხადა კასპაროვმა.

ხმაურიანი და იდუმალი გაუჩინარებისას ლაპარაკი იყო პრეზიდენტის ავადმყოფობას და შესაძლო ინფარქტზეც კი. ოპოზიციონერ ნავალნის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის გაუჩინარების მიზეზი, მორიგი კოსმეტოლოგიური სეანსი და სახის დაჭიმვა იყო, რადგან სურდა კარგ ფორმაში აღენიშნა ყირიმის რუსეთის ფედერაციაში შესვლის დღესასწაული.

პრეზიდენტი, რომელიც საზოგადოებისთვის ისედაც სუპერმენის ხატის შექმნას ცდილობს და ამაში მუდმივად ეხმარება მედია, ამჯერადაც მისი დახმარების იმედად იყო. შედეგად მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მისი გაუჩინარებისას იყენებდა მასალებს, რომელიც გაუჩინარებამდე იყო ჩაწერილი. მსგავსი ქმედება საზოგადოებისთვის უცხო არ არის, ისტორიას ახსოვს ელცინის შემთხვევა, როდესაც 1996 წელს არჩევნების წინა დღეებში ბორის ელცინმა ინფარქტი გადაიტანა. გარემოცვა საგულდაგულოდ მალავდა ამ ფაქტს, მედია კი ელცინის ავადმყოფობამდელ ვიდეოკადრებს ავრცელებდა. იმჟამად მთავრობის ეშელონებმა საზოგადოების ინტერესს ვერ გაუძლო და საბოლოოდ ავადმყოფობის ამბავი გამოაშკარავდა. პუტინმა, რომელიც საკუთარი იმიჯის მძევალად იქცა, რუსეთში ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი აზრი - "არის პუტინი - არის რუსეთი, არ არის პუტინი, არ არის რუსეთი."

რუსეთის პრეზიდენტის გაუჩინარების თაობაზე გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციების საპასუხოდ პუტინმა განაცხადა: "ცხოვრება ჭორების გარეშე მოსაწყენი იქნებოდა."