ხადურის ”შოკები” და ”შოკუნიები” - კვირის პალიტრა

ხადურის ”შოკები” და ”შოკუნიები”

ა.წ.  30 მარტს "პალიტრა TV"-ის გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-ში მაყურებელი ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის ინტერვიუს იხილავს. თუმცა გადაცემის ფრაგმენტები, რომელიც გამოქვეყნდა, მაყურებელში  უკვე ძალიან პოპულარულია.

ხადურის თქმით, ქვეყანაში შიდა შოკები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები. ფინანსთა მინისტრის განმარტებით, შექმნილი ეკონომიკური ვითარება გარე ფაქტორებთან ერთად, შიდა ფაქტორებითაც არის განპირობებული, რომელთა შორისაც უპირველესი ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით მოსახლეობის გადაჭარბებული მოლოდინებია.

"თავისთავად ცხადია, არის პრობლემების ჯაჭვი და ერთგვარი დომინოს ეფექტი. რაც შეეხება უშუალოდ შიდა ფაქტორებს, დავიწყოთ იმით, რომ მოსახლეობის მოლოდინები იყო გაცილებით უფრო სწრაფი ეკონომიკური ზრდა, რაც ვერ მივიღეთ. გადაჭარბებული მოლოდინები ადამიანებს ყოველთვის აქვთ, უნდა ჰქონდეთ და ეს ძალიან კარგია. მსოფლიოს ეკონომიკურ მეცნიერებაში არის მთელი მიმდინარეობა, რომელიც მოლოდინებზეა აგებული და ხალხმა... გარე შოკებზე ბევრს არ მოვყვები, რაც შეეხება შიდა შოკებს, შიდა შოკები, მადლობა ღმერთს არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს პატარა შოკუნიები და ეს პატარა შოკუნიები არის სურვილი ჩვენი ოპონენტების, რომ ნახონ ცეცხლში გახვეული საქართველო. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ ამას, ეს არის ყველაფრის გაბაიბურების მცდელობა, ეს არის მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვის მცდელობა..." - აცხადებს ხადური.

"პალიტრა TV"-ის გადაცემა "ბიზნეს-PRESS"-ში ნოდარ ხადურის ინტერვიუს მაყურებელი სრულად 30 მარტს, 22.30 იხილავს. ინტერვიუ "გაზეთ კვირის" პალიტრის 30 მარტის ნომერშიც გამოქვეყნდება.

იხილეთ ვიდეო