რატომ უჩივის საპარლამენტო უმრავლესობა ინგა გრიგოლიას - კვირის პალიტრა

რატომ უჩივის საპარლამენტო უმრავლესობა ინგა გრიგოლიას

"გია ვოლსკიმ საჩივარი შეიტანოს, თუ უნდა ათი. რა კომენტარი უნდა გავაკეთო, გულწრფელად მეცინება."

საპარლამენტო უმრავლესობის თავმჯდომარემ მოადგილე გია ვოლსკიმ განცხადებას გაავრცელა, რომელიც ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შეეხება: "21 მარტს ჟურნალისტმა, ქალბატონმა ინგა გრიგოლიამ ჯერ გადაცემის ანონსში, მოგვიანებით კი გადაცემა "რეაქციაში" ბრალი დასდო საპარლამენტო უმრავლესობას, რომ ის ჩაერია გადაცემა "რეაქციის" ფორმატში და კატეგორიულად მოითხოვა თემის შეცვლა. უფრო მეტიც, მან უმრავლესობის გადაწყვეტილება, "ნაციონალური მოძრაობის" აქციის წინ უარი ეთქვა დებატებზე, რისი ლეგიტიმური უფლებაც ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას აქვს, გააიგივა 2006 წელს ნაციონალური მოძრაობის მიერ ტელეკომპანია "იმედისთვის" გამოცხადებულ ბოიკოტთან. ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი პოლიტიკური ძალის და საპარლამენტო უმრავლესობის დისკრედიტაციის მცდელობა და უსაფუძვლო ბრალდება იმ ხელისუფლების მიმართ, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტიც არის სიტყვის თავისუფლება. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არასდროს საპარლამენტო უმრავლესობა არ ჩარეულა მედიის პროფესიულ საქმიანობაში, მითუმეტეს რომელიმე არხის თემის შერჩევაში. საუბარი იმაზე, რომ ჩვენი მხრიდან ადგილი ჰქონდა "კატეგორიულ მოთხოვნებს" ემსახურება ჩემთვის გაუგებარ მიზნებს, მაგრამ ფაქტია, რომ არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა. მივმართავთ "ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას", თავად ჟურნალისტებმა იმსჯელონ, რა ფაქტებზე დაყრდნობით გააკეთა ინგა გრიგოლიამ მსგავსი განცხადებები და შეესაბამებოდა თუ არა ეს სიმართლეს."

ჩვენ ვცადეთ ინგა გრიგოლიასთან დაკავშირება, თუმცა მან ჩვენ ზარებს არ უპასუხა, და "ფეისბუქზე" შემდეგი დაწერა: "მეგობრებო, მივმართავ ჩემს კოლეგებს,გადაცემაზე ვმუშაობ და არ მცალია პასუხისთვის..მესმის,რომ გაინტერესებთ გავაკეთებ თუ არა რაიმე კომენტარს გია ვოლსკის განცხადებაზე...მე დღეს ჩემი საკუთარი გადაცემა მაქვს საღამოს ათ საათზე და კომენტარს ვოლსკის ამ განცხადებაზე ჩემივე გადაცემაში გავაკეთებ,თუ საჭიროდ ჩავთვლი...ასე რომ.ტყუილად ნუ შეიწუხებთ ზარებით თავს. უბრალოდ, არ მცალია ,ძალიან დიდი გადაცემა მაქვს დღეს და ვერ ვცდები...თანაც სხვას რატომ მივცემ კომენტარს,როცა დღეს მე თვითონვე ვარ ეთერში."

თუმცა მოგვიანებით გამოცემა "ლიბერალთან" შემდეგი განაცხადა: "გია ვოლსკიმ საჩივარი შეიტანოს, თუ უნდა ათი. რა კომენტარი უნდა გავაკეთო, გულწრფელად მეცინება."