დაღდასმულები, ანუ "ჩვეულებრივი მოღალატეები" და კრიტიკასა და მტრობას შორის წაშლილი ზღვარი - კვირის პალიტრა

დაღდასმულები, ანუ "ჩვეულებრივი მოღალატეები" და კრიტიკასა და მტრობას შორის წაშლილი ზღვარი

თუ ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თავისი ახალი გადაცემით ,,20/30", რომელიც მხოლოდ ხელისუფლების დადებით მხარეებზეა ორიენტირებული, შეძლებს საზოგადოების დადებითად დამუხტვას, სამწუხაროდ, ის ცდება, ვინაიდან ერთი უკიდურესობის მეორე უკიდურესობით განეიტრალების მცდელობით, ის მხოლოდ ქარს გაატანს თავის ,,ჭარბ ავტორიტეტს". და ამაში ყველაზე მეტად მლიქვნელები დაეხმარებიან, და არა - კრიტიკოსები...

უახლოესი წარსულის თითქმის ყველა ხელისუფლების განწყობა განსხვავებული აზრის მიმართ მხოლოდ ერთი მიდგომით შემოიფარგლებოდა, - ,,ვინც ჩემთან არ არის, ჩემი მტერია." გასული კვირის პოლიტიკურმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ამგვარი არაჯანსაღი დამოკიდებულების ტყვეობიდან გათავისუფლება ვერც ამჟამინდელმა ხელისუფლებამ შეძლო.

პრემიერის ბოლო პრესკონფერენციიდანაც გამოჩნდა, რომ ხელისუფლება არ ცდილობს, განსხვავებულად მოაზროვნეთა შორის ერთმანეთისგან გამიჯნოს, ვინ მტერია, ვინ ჯანსაღი პოლიტიკური ოპონენტი და ვინ - ,,მოყვარეს პირში უძრახეს" პრინციპით მოქმედებს. კრიტიკა, ცხადია, არავის სიამოვნებს, საქებარი სიტყვების მოსმენა უკეთესია, მაგრამ, საკითხავია, რა უფრო აზარალებს ხელისუფლებას, ის კრიტიკა, რომელიც რეალობას ეყრდნობა და კეთილგანწყობით არის ნაკარნახევი, თუ ის ქება, რომელიც მხოლოდ მლიქვნელობაზეა დაფუძნებული?!

კომუნისტური რეჟიმისთვის არათუ თავისუფალი მედია, თავისუფალი აზროვნებაც კი მიუღებელი იყო. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ხალხის აზრს პარტია გამოხატავდა და სხვა აზრის გამოხატვა ღალატს ნიშნავდა. სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ერთხელ ექსპერტმა სოსო ცისკარიშვილმა რიტორიკული კითხვა დასვა, - ,,საიდან აქვთ ამ ახალგაზრდებს ამხელა ბოლშევიკური გამოცდილება?!" თითქოსდა ალოგიკურია, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლური იდეებით მოსული სააკაშვილის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ საზოგადოება საკუთარი იდეებით ესაზრდოებინა და მხოლოდ იმ მედიასაშუალებებისთვის გაეხსნა ფართო ასპარეზი, რომლებიც მათი რუპორის როლს მარტივად მოირგებდნენ. სხვა დანარჩენები კი მტრები იყვნენ, არა მხოლოდ მათი ხელისუფლების, არამედ, ქვეყნის. ამგვარმა დამოკიდებულებამ, დევნამ უამრავი ადამიანი დააზარალა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც გაირკვა, რომ სააკაშვილი ილუზიებით ხალხს კი არა, საკუთარ თავს კვებავდა. ამიტომაც აღმოჩნდა ის თავისივე ილუზიების ნანგრევებქვეშ.

დღეს რა ხდება?! დღეს მედია თავისუფალია. განსხვავებული აზრი არ იდევნება. საპროტესტო აქციებს არავინ არბევს. მაგრამ მიდგომა, ,,ვინც ჩემთან არ არის, ის ჩემი მტერია," კვლავ აქტუალურია. ვხედავთ, რომ ,,მტრების" რიგებში ოპოზიციაში გადაბარგებული ირაკლი ალასანია აღმოჩნდა. ღარიბაშვილმა ,,უზნეო პოლიტიკურ სპეკულირებად" შეაფასა თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადება იმის თაობაზე, რომ მინისტრის პოსტზე პარიზში მისი ბოლო ვიზიტის დროს, მინდია ჯანელიძემ მას დაურეკა და როგორც ალასანია ამბობს, უთხრა, არ მოეწერა ხელი საჰაერო თავდაცვის შესახებ შეთანხმებისთვის. ,,მსგავსი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, საიდუმლო საქმეებით სპეკულირება არ არის ვაჟკაცების საქმე", - განაცხადა ღარიბაშვილმა. ალასანიას პასუხმაც არ დააყოვნა, - "ღარიბაშვილმა არ იცის, რა არის ვაჟკაცობა და რა- სპეკულაცია." განაცხადა თავდაცვის ექსმინისტრმა. ასეთი რიტორიკით პოლიტიკური პაექრობა, მაინცდამაინც ჯანსაღად არ გამოიყურება. მით უფრო, როცა მინდია ჯანელიძემ დაადასტურა, რომ მათ შორის სატელეფონო საუბარი, მართლაც, შედგა. მაინცდამაინც არც ყოფილი თანამებრძოლებისთვის, ახლა კი მმართველი კუალიციიდან წასული მუდმან დუმბაძის, ჯემალ ფუტკარაძისა და მედეა ვასაძისთვის "ჩვეულებრივი მოღალატეების" ძახილია კარგი მოსასმენი. წინა ხელისუფლებისას მაგის მეტი რა გვისმენია, სხვა თუ არაფერი, მოგვბეზრდა... გია ხუხაშვილის თქმით, ღარიბაშვილი ცდილობს, ,,ძლიერი, შემტევი ლიდერის მანტია მოირგოს," თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ მას არ გამოადგება ,,მაჩოს" როლის თამაში...

ირაკლი ღარიბაშვილი პრესკონფერენციაზე IRI - ის ბოლოდროინდელ კვლევებსაც შეეხო და განაცხადა, რომ რეიტინგები მას არ აინტერესებს. ,,რეიტინგები არის უსაქმურების საქმე. მე მოვუწოდებ უსაქმურებს, დაკავდნენ რეიტინგების შესწავლით," -აღნიშნა პრემიერმა, თუმცა ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ღარიბაშვილის პრესკონფერენცია სწორედ ამ კვლევის შედეგების გამოძახილი იყო.

წინა პრემიერის მსგავსად, ირაკლი ღარიბაშვილიც აქტიურად განაგრძობს ჟურნალისტების მისამართით შეურაცხმყოფელ განცხადებების კეთებას. ,,ვინ დაგავალათ", ,,დაკვეთას ასრულებთ," ,,ბრმა იარაღი ხართ თქვენი ხელმძღვანელების ხელში"... ეს ფრაზები ხშირად გაისმის არა მხოლოდ პრემიერის, არამედ ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის მხრიდან. ამ მხრივ არც პრემიერ-მინისტრის ბოლო პრესკონფერენცია ყოფილა გამონაკლისი.

მართალია, მედიას მეოთხე ხელისუფლებას უწოდებენ, მაგრამ ის ხელისუფლების ნაწილი, მისი მეგობარი და თანამოაზრე ვერ იქნება. მედიის მოვალეობა მთავრობის არგუმენტირებული კრიტიკაა. ეს კი ხელისუფლების მიმართ მის მტრობას არ ნიშნავს. მედიისგან მტრის ხატის შექმნის, მისი მარგინალიზაციის, დაღდასმულ კასტად გადაქცევის მცდელობის ნაცვლად, აქტიურად თუ ითანამშრომლებს ხელისუფლება მედიასთან, მთავრობის მიერ გაკეთებული ის საქმეებიც უკეთ გამოჩნდება, რომლის გაშუქების ნაკლებობასაც ღარიბაშვილი ისევ და ისევ ჟურნალისტების მიკერძოებულობით ხსნის. მაგრამ, როგორც გია ხუხაშვილი ამბობს, ,,შენ თუ გაქვს დადებითი ამბავი, ,,რუს თავი 2"-იც კი ვერ მოახერხებს მის იგნორირებას." და, თუ ბიძინა ივანიშვილი მიიჩნევს, რომ თავისი ახალი გადაცემით ,,20/30", რომელიც მხოლოდ ხელისუფლების დადებით მხარეებზეა ორიენტირებული, შეძლებს საზოგადოების დადებითად დამუხტვას, სამწუხაროდ, ის ცდება, ვინაიდან ერთი უკიდურესობის მეორე უკიდურესობით განეიტრალების მცდელობით, ის მხოლოდ ქარს გაატანს თავის ,,ჭარბ ავტორიტეტს". და ამაში ყველაზე მეტად მლიქვნელები დაეხმარებიან, და არა - კრიტიკოსები...

...დაბოლოს, ისეთივეა დღეს ჟურნალისტიკა, როგორიც საზოგადოება და ხელისუფლება. არა მგონია, ჟურნალისტებზე მეტად კვალიფიცირებული ექიმები, ეკონომისტები ან პედაგოგები ჰყავდეს ქვეყანას. და, თუ მედიის მისამართით ობიექტურობასაც ახსენებს ვინმე, ეს საკითხი სუბიექტურობის პრიზმის გარეშე ვერ განიხილება. ყოველი ადამიანის ობიექტურობას მისი სუბიექტური აღქმის არეალი და თვალსაწიერის მასშტაბი განსაზღვრავს.

ნონა ბურნაძე (სპეციალურად საიტისთვის)