რა აკავშირებდა თამაზ თამაზაშვილს ბესო ხარძიანთან და რას პასუხობს ის ირაკლი კორძაიას ბრალდებებს?! - კვირის პალიტრა

რა აკავშირებდა თამაზ თამაზაშვილს ბესო ხარძიანთან და რას პასუხობს ის ირაკლი კორძაიას ბრალდებებს?!

"გარეწარმა კორძაიამ გარდაცვლილი მეგობრის სახელთან დაკავშირებით ჩემი სახელი რატომ ახსენა, არ ვიცი. ვერ გავიგე რა უნდა ამ კაცს? რა სიბინძურეს ატრიალებს?

"შეიძლება ვიღაც "ნაციონალი" ზონდერი იყო შსს-ში და ამაზე ვთქვი და ყურადღება მიაქციეს, რომ თანამდებობაზე არ დარჩენილიყო, სულ ეს იყო... დანარჩენად არანაირი სურვილი არ მქონია ვინმე სადმე დამენიშნა."

მოკლული ბიზნესმენის, ბესო ხარძიანის მეგობარმა ირაკლი კორძაიამ ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას რეპრესირებული ბიზნესმენის კუთვნილი ქონების დაბრუნების პროცესის ხელოვნურად შეყოვნებაში მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და შსს-ს გენინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელი ზვიად ჯანყარაშვილი დაადანაშაულა. "როდესაც ბესო ხარძიანი გამოვიდა ციხიდან, როდესაც გაჩნდა იმედი, რომ ბიზნესმენებს, მათ შორის ბესო ხარძიანს, დაუბრუნდებოდათ მათი კუთვნილი ქონება, გია უდესიანის გვარის გარდა ამ საქმეში, მართალია ფარულად, მაგრამ გამოჩნდა სხვა გვარებიც. ესენი არიან: ლაშა ნაცვლიშვილი, რომელიც ხელოვნურად აყოვნებდა ამ პროცესს. ასევე ბატონი ჯანყარაშვილი, რომელსაც ბიზნესინტერესები აკავშირებს ბატონ უდესიანთან. ვინც ბესო ხარძიანს კარგად იცნობს, მას პირადი მტრები არ ყოლია. ერთადერთი მტერი რომელიც მას ყავდა ეს იყო გიორგი უდესიანი, რომელიც არ არის საქართველოში." - განაცხადა ირაკლი კორძაიამ ტელეკომპანია ”იმედის” ეთერი. მისივე თქმით: "ღარიბაშვილს რომ ვამბობ, ვგულისხმობ ჯანყარაშვილს, ჯანყარაშვილს რომ ვამბობ ვგულისხმობ ზედელაშვილს და ზედელაშვილს რომ ვამბობ, ვგულისხმობ თამაზ თამაზაშვილს."

რა აკავშირებდა მოკლულ ბიზნესმენთან და რას პასუხობს ირაკლი კორძაიას პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი, თამაზ თამაზაშვილი, ამას ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:

- ბესო ხარძიანი მაშინ გავიცანი, როცა ციხიდან გამოვედი, ერთმანეთს შევხდით მერეც. ჩემთანაც იყო მოსული, მორალურად ერთმანეთს ვეხმარებოდით. ცხონებლმა გადაწყვიტა სასამართლოსთვის მიემართა. მოიგო კიდეც პროცესი და ძალიან კმაყოფილი იყო. ინტელექტუალი პიროვნება იყო, უპატიოსნესი და კარგი ადამიანი.. ძალიან გული დამწყდა... გარეწარმა კორძაიამ გარდაცვლილი მეგობრის სახელთან დაკავშირებით ჩემი სახელი რატომ ახსენა, არ ვიცი. ვერ გავიგე რა უნდა ამ კაცს? რა სიბინძურეს ატრიალებს?

- კორძაიამ ისიც თქვა, რომ თამაზაშვილი ცოტა ხანს ციხეში იჯდა და მისგან მაჰათმა განდი გამოიყვანესო...

- რა მაჰათმა განდი, ვერ გავიგე? ციხეში წელიწადი და 2 თვე ვიჯექი. ვერ გამიგია რა უნდა ამ კაცს, რა ბრალდებებს მიყენებს? ახალი ხელისუფლება რომ არ მოსულიყო, შეიძლება ციხიდან ცოცხალი ვერც მე გამოვსულიყავი. დღემდე ჩემი საქმე სასამართლოშია და კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერაც არ არის მიღებული. ვინც მე იარაღი ჩამიდო, ისინი კი დაიჭირეს, მაგრამ მერე ზოგი საპროცესოთი გამოუშვეს.

- კორძაიას თქმით, ბესო ხარძიანის საქმის გამოძიებას მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და გენინსპექციის ყოფილი უფროსი, თქვენი დისშვილი ზვიად ჯანყარაშვილი აფერხებდნენ... რას იტყვით ამ ბრალდებაზე?

- მე საიდან უნდა ვიცოდე, ვინ, რა დაბლოკა? არაფერი ვიცი.

- ზვიად ჯანყარაშვილი თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა, კულუარებში მასა და ბიძინა ივანიშვილის დაპირისპირებაზე ლაპარაკობენ...

- ვის რა გადაცდომა ჰქონდა, არ ვიცი. მე არაფერში არ ჩავრეულვარ. ბიზნესის შესახებაც არაფერი ვიცი. რა დაპირისპირება, ზვიადმა თავისი საქმე გააკეთა, შესაძლებლობები ამოწურა და წავიდა. სხვა მეტი არაფერი ვიცი. ჩემთვის ვარ, კახეთში. თბილისში ხანდახან თუ ჩამოვდივარ. მაგ საქმესთან არავითარი კავშირი არ მაქვს.

- ამჟამად, სად იმყოფება ზვიად ჯანყარაშვილი?

- ზუსტად არ ვიცი, რამდენიმე კვირაა მისთვის არ დამირეკავს.

- ბატონო თამაზ, ლაპარაკი იყო, რომ გარკვეული დროით ჯანყარაშვილთან ერთად საქართველო დატოვეთ, მართალია?

- არასად არ წავსულვარ, რატომ უნდა გავიქცე? საჯარო მოხელე ვარ თუ რამე დავაშავე? ეს არის კილაძისნაირი ჟურნალისტების ილუზიები... ჩემზე რაღაც ლეგენდებს ჰყვებიან, ჭიკაიძე შინაგან საქმეთა მინისტრად დანიშნაო და ა.შ. მე ამასთან შეხება არ მაქვს და არც არაფერი ვიცი...

- თუმცა, ბევრი მითქმა-მოთქმაა იმაზე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროზე დიდი გავლენა გქონდათ...

- შსს ჩემი გავლენის ქვეშ როგორ უნდა ყოფილიყო? ეს არის სიცრუე, ცრუ ჟურნალისტების მიერ გამოგონილი და დაწერილი. მე საჯარო მოხელე არ ვარ, როგორ შეიძლება ვინმეს მითითებები მივცე?! ჯერ ერთი, ამის უფლებას ჩემს თავს არ მივცემ, მეორეც, ჩემი აზრის თავზე მოხვევით იქ მომუშავეებს შეურაცხყოფას არ მივაყენებ. შეიძლება ვიღაც "ნაციონალი" ზონდერი იყო შსს-ში და ამაზე ვთქვი და ყურადღება მიაქციეს, რომ თანამდებობაზე არ დარჩენილიყო, სულ ეს იყო... დანარჩენად არანაირი სურვილი არ მქონია ვინმე სადმე დამენიშნა.

- თქვენი სიძის, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ გკითხავთ, ხომ არ ფიქრობთ, რომ ბოლო დროს მისი მიზანმიმართული დისკრედიტაცია ხედბა?

- არავითარი დისკრედიტაცია არ ხდება. თუ გაინტერესებთ, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს ერთმანეთთან როგორი ურთიერთობა აქვთ ახლა, გეტყვით, რომ ისევ ისეთი კარგ ურთიერთობა აქვთ, როგორც ადრე.

- გასული წლის მიწურულს, ერთ-ერთ ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ თანამდებობებზე ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ნათესავებია დანიშნული, ამ განცხადების შემდეგ კი, პრემიერის უახლოესმა გარემოცვის წევრებმა თანამდებობები პირადი განცხადების საფუძველზე დატოვეს, ეს არაფერს გეუბნებათ?

- ნათესავები რომ პრობლემაა, ამაში ეჭვი გეპარებათ? რა არის აქ ახალი? მე ვთქვი, რომ ნათესავები პრობლემა იქნება-მეთქი, ივანიშვლიმა თქვა, რომ ჩემი პრობლემაც ნათესავებიაო. მან თავისი ნათესავები ახსენა. რა, თქვენთან არ მოდის ვიღაც და არ გთხოვთ დახმარებას?

- გასაგებია, მაგრამ ჩვენ საჯარო სამსახურზე ვლაპარაკობთ... ხომ არ ფიქრობთ, რომ პრემიერის მთავარი დარტყმის მიზეზი სწორედ თქვენ ხართ?

- ეს რატომ ხდება ხომ იცით, ჩემზე ლაპარაკი კარგი თემაა. თავის დროზე გამტაცებელიც ვიყავი, დამნაშავეც და სხვა, "რუსთავი2" მუდმივად ატრიალებდა შეთითხნილ ბრალდებებს და კლიპებს. ჯერ კილაძე რევდა სიტუაციას, ახლა მას კორძაიაც აჰყვა. ხარძიანის ყველა მეგობარმა იცის, რომ მე მასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა.

- როგორ ფიქრობთ ვის და რატომ უნდა მოეკლა ბესო ხარძიანი?

- ბოლოს დაახლოებით ერთი თვის წინ ტელეფონით ველაპარაკე, ხანდახან ვურეკავდი ხოლმე , ისიც მირეკავდა... ბესო ხარძიანი ჩემს მიმართ ძალიან კეთილგანწყობილი იყო, დანარჩენი რა და როგორ მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)