რა შენიშვნები მისცა პრეზიდენტმა მთავრობას, რომლის წევრებმაც მისი ანგარიში კვლავაც არ მოისმინეს - კვირის პალიტრა

რა შენიშვნები მისცა პრეზიდენტმა მთავრობას, რომლის წევრებმაც მისი ანგარიში კვლავაც არ მოისმინეს

"არავინ შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების შრომის დამკვეთად და შემფასებლად, გარდა ხალხისა." - ხომ არ იგულისხმა ამგვარ შესაძლო დამკვეთად პრეზიდენტმა ივანიშვილი ?!

"დღეს სახეზე გვაქვს ისეთი სტრუქტურები, რომლებიც კანონმდებლობით უკვე არსებული სტრუქტურების დუბლიკატს წარმოადგენენ და, ხშირ შემთხვევაში, მათ ზემდგომადაც კი გვევლინებიან."

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტის წინაშე წლის შემაჯამებელი მოხსენებით წარსდგა. მთავრობის ლოჟა ამჯერადაც ცარიელი იყო. დამსწრეთა შორის, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობასა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. თუმცა მანამდე პრეზიდენტის მოსასმენად მთავრობის დასწრება-არდასწრების საკითხი კვლავაც აქტიურად განიხილებოდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციამ პარლამენტს ოფიციალური წერილით მიმართა და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტის მოსასმენად აღმასრულებელი ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის დასწრების უზრუნველყოფა სთხოვა. პარლამენტმა მთავრობის ოფიციალურად მიწვევაზე უარი განაცხადა. როგორც დავით უსუფაშვილმა განმარტა, "საქართველოს პარლამენტის სხდომაზე დასწრების უფლება ყოველგვარი დამატებითი ნებართვის, მოწვევის გარეშე აქვთ თანამდებობის პირებს. ყველა, ვინც მობრძანდება, მათთვის პარლამენტის კარი ღია იქნება."

გიორგი მარგველაშვილმა თავისი გამოსვლა იმით დაიწყო, რომ მის მიზანს მოვლენების სწორად შეფასება, პრობლემებისთვის თვალის გასწორება და გამოსავლის გზების დასახვა წარმოადგენდა. პრეზიდენტის მოხსენება თითქმის ყველა სფეროს და მიმართულებას შეეხო. ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას, მარგველაშვილმა ჯერ იმ პოტენციალსა და დადებით ასპექტებზე გაამახვილა ყურადღება, რაც საქართველოში ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკის განვითარებისთვის არსებობს. მაგრამ, ამავდროულად, ლარის კურსის რყევებით გამოწვეულ პრობლემებზეც შეჩერდა. "ლარის კურსის მკვეთრად ვარდნამ დღის წესრიგში დააყენა ქვეყნის საბიუჯეტო პარამეტრების ცვლილება. ამან კიდევ ერთხელ დაადასტურა საგარეო ეკონომიკური რისკების პირისპირ საქართველოს ეკონომიკის არცთუ საკმარისი მზაობა. ქვეყანაში ეკონომიკური პროგნოზირების, ფაქტობრივად, არ არსებობა." პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ გვესაჭიროება ეკონომიკური პროგნოზირების უფრო მოქნილი სისტემა და თანამშრომლობის გაღრმავება ფინანსთა, ეკონომიკის სამინისტროებსა და ეროვნულ ბანკს შორის ისე, რომ დაცული იყოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა.

მარგველაშვილი შეეხო იმ ფაქტს, რომ ქვეყანაში არსებობს ადამიანზე ორიეტრირებული საბიუჯეტო პოლიტიკა. მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი პროგრამების ეფექტიანობაზეც გაამახვილა ყურადღება, მაგრამ, ამავდროულად, იმასაც გაუსვა ხაზი, რომ მცირე და საშუალო ბიზნესის წილი ჩვენს ეკონომიკაში ჯერ კიდევ ვერ ასცდა 20 პროცენტს. მისი თქმით, "რეგულაციებმა არ უნდა შეაფერხოს ბიზნესის საქმიანობა. სახელმწიფომ უნდა მიაღწიოს ბიზნესის იმგვარ რეგულირებას, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი ბაზრის განვითარებას." პრეზიდენტმა ორიგოპოლიების, კონკურენციის შემზღუდავი შეთანხმებებისა და დომინირებული მდგომარეობების ბოროტად გამოყენების ფაქტებზეც ილაპარაკა და ამ მიმართულებით კითხვების არსებობის ადრესატად კონკურენციის სააგენტო და მისი ფუნქციონირების ხარისხი დაასახელა.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს დასავლურ არჩევანზე, ნატოსთან ურთიერთობებზე, რუსეთის ფაქტორზე, და ამ მიმართულებით გადადგმულ და გადასადგმელ ნაბიჯებზეც შეაჩერა ყურადღება. "ჰიბრიდულმა ომებმა დაგვანახა, თუ რამხელა საფრთხე ემუქრება მსოფლიო წესრიგს. მოვალენი ვართ, სწრაფად შევაფასოთ ვითარება. საქართველოს უსაფრთხოება უშუალოდაა დაკავშირებული ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან," - განაცხადა პრეზიდენტმა, რომელის მიიჩნევს, რომ ამ ინტეგრაციის გასამყარებლად საჭიროა საქართველოს გეოპოლიტიკური როლის უკეთ წარმოჩენა. მან საერთაშორისო პოლიტიკის დღის წესრიგში ჩვენი პრობლემების აქტუალიზაციის აუცილებლობაზეც იალაპარაკა და აღნიშნა, რომ ვიწროპარტიულმა ინტერესებმა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენოს ეს დღის წესრიგი.

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ილაპარაკა რუსეთის მიმართ ჩვენს სამშვიდობო მცდელობებზე და ამ მცდელობების მიმართ მათ არაადეკვატურ პასუხებზე. მავთულხლართებსა და იმ დაპყრობით პოლიტიკაზე, რომელსაც რუსეთი ახორციელებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა იმ ქვეყნების მიმართაც, რომლებმაც დამოუკიდლობისა და განვითარების გზა აირჩიეს. პრეზიდენტი თვლის, რომ "ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მოუგვარებელი კონფლიქტების მძევლად," განვითარება არ უნდა შევაჩეროთ და უნდა დავანახოთ ოსებს და აფხაზებს, რომ ევროპული საქართველო იქნება მათი თვითმყოფადობის გარანტი.

მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ ევროპული ტიპის პოლიტიკური სისტემის ჩამოსაყალიბებლად დროულად უნდა მოხდეს საარჩევნო სისტემის დახვეწა, პროკურატურის რეფორმირება, სასამართლო ხელისუფლების სანდოობის ამაღლება. "ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოიხსნას კითხვები პროკურატურის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით. არ უნდა დარჩეს ეჭვი, რომ გარდა სამართლიანი გადაწყვეტილებისა, სხვა მიზანი შეიძლება ჰქონდეს მოსამართლეს. ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა აღარასდროს არ უნდა განმეორდეს. ეს კი სახალხო დამცველის როლის გაძლიერებით უნდა მოხერხდეს." პრეზიდენტი უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ საყდრისის აფეთქება სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებამდე მოხდა. ასევე, უარყოფითად ეხმაურება იმ ფაქტსაც, რომ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით პარლამენტმა მისი აზრი არ გაითვალისწინა და ისეთი კანონი მიიღო, რომელსაც "მხარს არ უჭერს არც საერთაშორისო და არც ჩვენი ქვეყნის საზოგადოება." პრეზიდენტი, ასევე, უარყოფითად აფასებს უშიშროების საბჭოს მუშაობას და თვლის, რომ ხელოვნური წინაღობები ექმნება ისეთი მექანიზმის ფუნქციონირებას, სადაც პრეზიდენტი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ერთად უნდა იღებდეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

გიორგი მარგველაშვილი მთავარ პრობლემად მართვის სისტემაში არსებულ დისბალანსს და გაურკვევლობას მიიჩნევს. ის სერიოზულ პრობლემად აღიქვამს სხვადასხვა სტრუქტურებში, კომისიებსა და საბჭოებში საქმის გადანაწილებას და თვლის, რომ ასეთი მიდგომა არათუ ამუხრუჭებს პრობლემების მოგვარებას, არამედ გაურკვეველს ხდის პასუხისმგებელი პირის ვინაობას. "დღეს სახეზე გვაქვს ისეთი სტრუქტურები, რომლებიც კანონმდებლობით უკვე არსებული სტრუქტურების დუბლიკატს წარმოადგენენ და, ხშირ შემთხვევაში, მათ ზემდგომადაც კი გვევლინებიან." პრეზიდენტს მაგალითებიც მოჰყავს და ფიქრობს, რომ ახლადშექმნილი საგარეო პოლიტიკის უწყებათაშორისი საბჭო იმ ფუნქციების მატარებელია, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროს პირდაპირ მოვალეობას წარმოადგენს. პრემიერის აპარატთან კი შექმნილია საბჭო, სადაც დარგის მინისტრი საბჭოს რიგითი წევრია. რუსეთთან ურთიერთობის სპეციალური წარმომადგენლის მანდატი კი კანონით ზუსტად განსაზღვრული არ არის. მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ, როცა პასუხისმგებელი პირი გამოკვეთილი არ არის, ეს ფაქტორი ბიზნესწრეებშიც შეიძლება გახდეს სერიოზული დაბნეულობის შემომტანი. "უნდა ვიცოდეთ, რომელ დარგში ვინაა რეალურად გადაწყვეტილებების მიმღები. ვისი დამსახურებაა წარმატება, ან, ვინ არის მარცხზე პასუხისმგებელი. უნდა ვიზრუნოთ ისეთი მართვის სისტემის ჩამოყალიბებაზე, რომელიც მკაფიოდ გამოკვეთს პასუხისმგებელ პირებს. სახელმწიფო ინსტიტუტების დაშლით და დაკნინებით მივიგებთ ქაოსს და არავინ დარჩება მოგებული," - განაცხადა პრეზიდენტმა.

...დაბოლოს, გიორგი მარგველაშვილმა საზოგადოებას მოუწოდა აქტიურად ჩაერთონ ქვეყნის განვითარების პროცესში. "ყველაზე დიდი სახელმწიფოები მოქალაქეებმა შექმნეს. დღეს ხელისუფლება უსმენს ხალხს და ეს არის შანსი, რომ უფრო მოქნილი და აქტიური იყოს საზოგადოება. არავინ შეიძლება ჩაითვალოს ხელისუფლების შრომის დამკვეთად და შემფასებლად, გარდა ხალხისა." სავარაუდოდ, უახლოესი დღეების განმავლობაში მედიისა და ანალიტიკოსების მსჯელობის საგნად იქცევა - ხომ  ხომ არ იგულისხმა ამგვარ შესაძლო დამკვეთად პრეზიდენტმა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი ?!

ნონა ბურნაძე (სპეციალურად საიტისთვის)