რატომ შეხვდნენ სპორტის კომიტეტის წევრები ივანიშვილს და რა ჭორები მიაქვს მასთან უჩა მამაცაშვილს?! - კვირის პალიტრა

რატომ შეხვდნენ სპორტის კომიტეტის წევრები ივანიშვილს და რა ჭორები მიაქვს მასთან უჩა მამაცაშვილს?!

"უკმაყოფილო საუბარი მქონდა ბაჩიაშვილთან."

"მათი პრეტენზიები ვიცი ყიფიანთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს ამ თემაზე არ გვქონია საუბარი. თვითონ უნდა გაერკვნენ, მე ჩემი საქმე მაქვს." - განაცხადა ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მასთან სპორტის საპარლამენტო კომიტეტის წევრების სტუმრობის კომენტირებისას. დეპუტატები: შოთა ხაბარელი, ლერი ხაბელოვი, სოსო ჯაჭვლიანი, ლუკა კურტანიძე და ვალერი გელაშვილი მას ბიზნესცენტრში ეწვივნენ. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა ის პრეტენზიები იყო, რომელიც სპორტის მინისტრის, ლევან ყიფიანის საქმიანობის მიმართ კომიტეტის წევრებს აქვთ, თუმცა ბიძინა ივანიშვილმა ეს კატეგორიულად უარყო. როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს ბიზნესცენტრთან განუცხადა, სპორტის კომიტეტის ის წევრები, რომელბსაც დღეს შეხვდა, მისი მეგობრები არიან და მასთან მხოლოდ დამდეგი აღდგომის მილოცვის მიზნით იმყოფებოდნენ. ივანიშვილისვე თქმით, მისთვის კომიტეტის წევრების პოზიცია ყიფიანთან დაკავშირებით ცნობილია, თუმცა გადაწყვეტილების მიღება მის კომპეტენციას სცდება. თუმცა ბევრისთვის ს განცხადება ნაკლებად სარწმუნოა, რადგან ყიფიანთან დაკავშირებით, ღარიბაშვილი უპირველესად ივანიშვილის აზრს გაითვალისწინებს. ცნობილია, რომ კომიტეტის წევრებს მინისტრისადმი საკმაოდ მწვავე დამოკიდებულება აქვთ, ძნელად წარმოსადგენია, რომ მათ ივანიშვილთან შეხვედრისას არ ეცადათ მისთვის საკუთარი პოზიციებისა და არგუმენტების გაცნობა.

ივანიშვილი კიდევ რამდენიმე საკითხს შეეხო. მისი თქმით, ამნისტიის თემა "ნაციონალების" აგორებულია და, არ შეიძლება ვინმეს ეჭვი შეეპაროს იმაში, რომ ამნისტიით "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაკავებული უამრავი უდანაშაულო ადამიანი გათავისუფლდა. ექსპრემიერის თქმით, დანაშაული, მათ შორის პოლიციელის მკვლელობა, სხვა ქვეყნებშიც ხდება. "ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. ვსარგებლობ შემთხვევით და მივუსამძიმრებ პოლიციელის ოჯახს, მეორე პოლიციელს კი ვუსურვებ გადარჩენას და კარგად ყოფნას." - განაცხადა ივანიშვილმა.

ყოფილი პრემიერის აზრით, "სამართალდამცველები აბულაძეს ალბათ მალე დააკავებენ".

მან ასევე განაცხდა, რომ მისი დედაშვილის უჩა მამაცაშვილის მიმართ "ნაციონალურმა მოძრაობამ" აგიტმანქანა აამუშავა. შეგახსენებთ ექსსახელისუფლო პარტიამ გაავრცელა ინფორმაცი, რომ მამაცაშვილმა და ბაჩიაშვილმა თანაინვესტირების ფონდში შეღავათებით ისარგებლეს და მიწა 1 ლარად შეიძინეს. ივანიშვილის თქმით, მამაცაშვილი ამ საქმეში არაფერ შუაშია და 1 ლარად არაფერი შეუძენია. ხოლო ბაჩიაშვილთან მას მკაცრი საუბარი ჰქონდა.

"უკმაყოფილო საუბარი მქონდა ბაჩიაშვილთან. უჩა მამაცაშვილი აქ არაფერ შუაშია. სიცრუეა ის ინფორმაცია, რომ მან ისარგებლა შეღავათებით. ბაჩიაშვილმაც ისარგებლა კანონიერად. თუმცა მე არ მომეწონა ის, რომ შეღავათებით ისარგებლა და ამ თანხას, რომელიც 0,001 პროცენტს შეადგენს, მე გადავიხდი. მამაცაშვილს 1 ლარად არაფერი აუღია."- განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ორგანიზაციამ, რომლის დამფუძნებლები არიან უჩა მამაცაშვილი და გიორგი ბაჩიაშვილი, კანონის დაცვით შეიძინა მიწა ფრანგ პარტნიორებთან ერთად. "მათ ჰქონდათ უფლება, კანონის დაცვით ეს გაეკეთებინათ, ჰყავდათ პარტნიორები, რაღაც შეღავათები გააკეთეს, მაგრამ ჩემთვის ეს იყო სასაცილო. რა თქმა უნდა, არ მომეწონა ის, რომ კაპიკებს გამოეკიდნენ და ბაჩიაშვილს ამაზე შენიშვნა მივეცი. მან თავი დაიცვა ჩემთან. "ნაციონალები" ცდილობენ, "რუსთავი 2"-თან ერთად, სიცრუის ტირაჟირებას, რის გამოც, ისინი სიბრალულს იწვევენ. მათ ამუშავებული აქვთ აგიტმანქანა, იციან ერთი პირის ამოჩემება და ახლა ამოჩემებული ჰყავთ უჩა მამაცაშვილი. უჩას არანაირი კანონი არ დაურღვევია, პირიქით, ცდილობს, ბიზნესს არავინ შეეხოს და რასაც აკეთებს, არის ის, რომ ჭორები მოაქვს ჩემთან, თუ რამე გაიგო... "მეც ძალიან ვუფრთხილდები იმას, რომ ბიზნესი არავინ დააზარალოს." - განაცხადა ივანიშვილმა.

რაც შეეხება ზოგადად ბიზნესგარემოს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის შეფასებით, გასულ წლებთან შედარებით ამჟამად ბიზნესგარემო არის უპრეცედენტოდ თავისუფალი.

მომზადებულია "ინეტრპრესნიუსის" მასალების მიხედვით