რას პასუხობს ლაფანყურის სპეცოპერაციის თაობაზე არსებულ კითხვებს ექსთავდაცვის მინისტრი?! - კვირის პალიტრა

რას პასუხობს ლაფანყურის სპეცოპერაციის თაობაზე არსებულ კითხვებს ექსთავდაცვის მინისტრი?!

"ლაფანყურის სპეცოპერაციისას დანაშაული რომ ჩაგვედინა, ამას დღეს შეგვარჩენდნენ? ჩემ წინააღმდეგ საქმე იმის გამო აღიძრა, რომ დღესასწაულზე ტორტი ვჭამე..."

"ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროში ბევრი რამ გააფუჭა. თუ ის სხვის დავალებებს ბრმად ასრულებდა, ეს საჯაროდ უნდა განაცხადოს და საკუთარი შეცდომაც აღიაროს."

2012 წლის 26 აგვისტოს სოფელ ლაფანყურის მკვიდრი 5 ახალგაზრდა გაუჩინარდა. 2012 წლის 28 აგვისტოს კი ოფიციალური წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან საქართველოს ტერიტორიაზე დივერსიული ჯგუფი შემოვიდა. ხელისუფლებამ შექმნა კრიზისული საბჭო, რომელშიც იმჟამინდელი შს მინისტრი ბაჩო ახალაია, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის მინისტრი დიმიტრი შაშკინი შედიოდნენ. შტაბს ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა.

29 აგვისტოს კი, შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად შსს-ს თანამშრომლები დაიღუპნენ, დაჯგუფების 11 წევრი კი, ლიკვიდირებული იყო. მას შემდეგ ორ წელიწადზე მეტი გავიდა, თუმცა სპეცოპერაციის ირგვლივ არსებული კითხვები დღემდე პასუხგაუცემელია. სახალხო დამცველის მიერ მომზადებულ ანგარიშშიც საკმაოდ ბევრი შეუსაბამო ფაქტებია მოყვანილი, რომელზეც ამჟამინდელი გამოძიებაც დუმს. ცხადად ჩანს, რომ არანიარი დივერსიული ჯგუფი არ იყო შემოსული და პირიქით ჩრდილოკავკასიაში გადასვლას შეიარაღებული  ჯგუფი საქართველოდან ცდილობდა. რა მოხდა 2012 წლის აგვისტოში და როგორ აფასებს სპეცოპერაციის შედეგებს დღეს, ამასთანავე, რას ფიქრობს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, "კვირის პალიტრის" კითხვებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი პასუხობს:

- არ ვფიქრობ, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის ირგვლივ დღემდე პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს. ტრაგედია, რომელიც ქართველი და ჩეჩენი ერის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, ადეკვატურად მალევე შეფასდა. უბრალოდ, არჩევნების შემდეგ, ამ ტრაგედიით პოლიტიკურმა სპეკულაციამ და დაღუპულთა ოჯახის წევრების ემოციებით თამაშმა პიკს მიაღწია, რაც ჩვენ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს.

- ვერ დაგეთანხმებით, რომ ლაფანყურის ოპერაციაზე საზოგადოებაში კითხვები ამოწურულია. მაგალითად, სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, წინა ხელისუფლებამ იცოდა, რომ ჯგუფის წევრების მიზანი ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლა იყო, მაგრამ საჯაროდ, განსხვავებული განცხადებები კეთდებოდა. რატომ?

- სახალხო დამცველმა რუსეთის პროპაგანდა სიტყვა-სიტყვით გაიმეორა, რამაც ჩვენი სახელმწიფო ინტერესები დააზიანა. იმედია, მსგავსი სპეკულაციები დამთავრდება და ამ თემით პოლიტიკური ქულების დაწერის სურვილი არავის გაუჩნდება. ე.წ. ექსპერტების განცხადებები არასერიოზულია. საიდან უნდა ჰქონდეთ ამ ადამიანებს ინფორმაცია, როგორ მოქმედებდა მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტრო? თუ კონკრეტული ინფორმაცია მართლაც აქვთ, შსს-ს თანამშრომლისგან უნდა მიეღოთ, რაც ცალკე გამოძიების საგანია.

-კითხვაზე კონკრეტულ პასუხს არ მცემთ. კიდევ ერთი კითხვა -სპეოცპერაციისას დაღუპული ქართველების ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ცხედრების ექსპერტიზა არ ჩატარებულა...

-აბსოლუტური სისულელეა. სახალხო დამცველის ანგარიში სრული ბოდვაა. ცხედრები სამხარაულის ბიუროში გადაასვნეს და როგორ შეიძლებოდა მათ ექსპერტიზა არ ჩატარებოდათ?! უბრალოდ, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ გვამებთან გამნაღველები მუშაობდნენ - როცა ადამიანი ბრძოლაში იღუპება შესაძლოა მის სხეულში ასაფეთქებელი მოწყობილობა დარჩეს. რას იგონებენ და რაში ჭირდებათ ეს პრიმიტიული ტყუილები?

- ანუ, ოჯახის წევრები იტყუებიან?

-არა... ზოგიერთები ოჯახის წევრების ემოციებზე თამაშობენ. ამ ოჯახებში უდიდესი ტრაგედია დატრილდა და ბუნებრივია, მათი ემოციური ფონიც მძიმეა.

- სპეცოპერაციისას დაღუპული სამხედრო ექიმის ვლადიმერ ხვედელიძის მშობლებისთვის გადაცემულ დასკვნაში ნათვქამია, რომ მან მრავალჯერადი ჭრილობა მიიღო, თუმცა როცა მშობლებმა შვილის ცხედარი დაათვალიერეს, მას მხოლოდ ერთი ჭრილობა აღმოაჩნდა. ესეც ოჯახის წევრების ემოციებს მივაწეროთ?

- ვერ გეტყვით, დასკვნაში რა წერია, ისინი ახლა მე არ მაქვს და ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ...

-არც დაინტერესებულხართ?

- ხვედელიძის დაღუპვის ფაქტს, რამდენიმე ოფიცერი ესწრებოდა. ის მაშინ დაიღუპა, როცა დაჭრილი მებრძოლის ევაკუაციას ცდილობდა. თუ ვინმეს ფანტაზია ისე განვითარებული აქვს, რომ ოფიცრების გულწრფელობაში ეჭვი ეპარება, ეს უკვე შიზოფრენიაზე მიანიშნებს. ზოგადად, ყველაფრის მიმართ ეჭვი მსოფლიო პრობლემა გახდა. ბევრს სჯერა, რომ ამერიკელები მთვარეზე არ ყოფილან და ეს ყველაფერი ჰოლივუდში გათამაშდა, ვიღაც იმასაც ფიქრობს, რომ ბუშმა "ტყუპი ცათამბჯენები" თავად ააფეთდა და ა.შ. შიზოფრენიკები ამერიკაშიც არ აკლიათ, მაგრამ როცა სახელმწიფო და მთავრობაც ეჭვების დონეზე ლაპარაკობს, ეს პირველ რიგში, ქვეყნის ინტერესებს აზიანებს! როცა გამოძიება ჩატარდა, თავდაცვის მინისტრი გახლდით, ამიტომ დეტალების ცოდნა ჩემ მოვალეობაში არ შედიოდა. თავდაცვის სამინისტრო საქმეში მაშინ ჩაერთო, როცა უკვე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. მე ვიცი, როგორ დაიღუპა სამხედრო ექიმი და როგორ განხორციელდა დაჭრილთა ევაკუაცია, დანარჩენი შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის კომპეტენციაში შედიოდა.

- შეიძლება ბევრმა ჩათვალოს, რომ ახლა პასუხისმგებლობას იხსნით.

- რა თქმა უნდა, არა! ლაფანყურის სპეცოპერაციისას დანაშაული რომ ჩაგვედინა, ამას დღეს შეგვარჩენდნენ? ჩემ წინააღმდეგ საქმე იმის გამო აღიძრა, რომ დღესასწაულზე ტორტი ვჭამე...

- მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც შეაფასეთ. საინტერესოა, რას ფიქრობთYდღეს ირაკლი ალასანიას განცხადებაზე და რამდენად რეალურია, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელსაც საკმაოდ მწვავედ აკრიტიკებდით, ერთ დღესაც თქვენ ფლანგზე აღმოჩნდეს?

- არ ვიცი ირაკლი ალასანიას "ნაციონალურ მოძრაობასთან "რა ტიპის ურთიერთობა აქვს, დღეს პარტიის ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართული არ ვარ. სამწუხაროა, რომ მან პოლიტიკურ დევნაზე მხოლოდ მას შემდეგ დაიწყო ლაპარაკი, რაც ეს პრობლემა პირადად შეეხო. ისიც სამწუხაროა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებაზე მხოლოდ დღეს ლაპარაკობს, როცა უშუალოდ მისი მინისტრობისას აშშ-თან მრავალწლიანი შრომით მოპოვებული შეთანხება საქართველოში საჰაერო დანადგარების ჩამოტანაზე პირადად ჩაშალა. სწორედ მისმა სამხედრო პოლიციამ აღძრა ჩემ წინააღმდეგ საქმე ტორტის ჭამის ბრალდებით...

-ანუ, ფიქრობთ, ირაკლი ალასანია ქვეყნის თავდაცვის საკითხებით სპეკულირებს?

- იმედია, ეს კეკლუცობა არ არის... ირაკლი ალასანიამ თავდაცვის სამინისტროში ბევრი რამ გააფუჭა. თუ ის სხვის დავალებებს ბრმად ასრულებდა, ეს საჯაროდ უნდა განაცხადოს და საკუთარი შეცდომაც აღიაროს. ზოგადად, ქვეყანაში ორი პოლიტიკური ძალა უპირისპირდება ერთმანეთს - ერთი, რომელიც ქვეყნის განვითარების პერსპექტივას ევროპასთან და შეერთებულ შტატებთან ინტეგრაციაში ხედავს, მეორე, რომელიც გამოსავალს რუსეთთან მონობას მიიჩნევს. ამიტომ ნებისმიერ ძალას მივესალმები, რომელიც ნატო-სთან და ევროპულ მომავალთან საკუთარ პოზიციას მკვეთრად გამოხატავს. დღეს რეალურად საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას.

-ეს იმას ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ირგვლივ ე.წ. პროდასავლური ძალების გაერთიანებას ელით?

-როგორც გითხარით, პარტიის ყოველდღიურობაში ჩართული არ ვარ.

- რატომ, თქვენ ხომ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ იდეოლოგად ითვლებოდით, თუ ისევ საკუთარი პასუხისმგებლობის მოხსნას ცდილობთ?

- რატომ უნდა მოვიხსნა პასუხისმგებლობა, ნებისმიერ მომენტზე ვაგებ პასუხს, როცა ამ პარტიის ცხოვრებაში ვიყავი ჩართული, მაგრამ დღეს ვერ ვხედავ იმის საჭიროებას, რომ ჩემი ინტელექტუალური პოტენციალით პარტიაში აქტიურად ჩავერთო. როგორც ჩანს, "ნაციონალური მოძრაობის" ამჟამინდელი ხელმძღვანელობაც ასე ფიქრობს.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)