ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია - საჯილდაო ქვა მარგველაშვილსა და ივანიშვილს შორის - კვირის პალიტრა

ავლაბრის საპრეზიდენტო რეზიდენცია - საჯილდაო ქვა მარგველაშვილსა და ივანიშვილს შორის

ბიძინა ივანიშვილი: მალე 60 წლის გავხდები, კაცი დავბერდი და არასოდეს მინახავს, მოკლე დროში ასე შეცვლილიყოს ადამიანი. მარგველაშვილმა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სულ სხვა ხასიათი გამოავლინა.

გიორგი მარგველაშვილი: ეს არის ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირების თემა და ამ პოლიტიკურ საკითხში ინტერესი, ფაქტობრივად, არავის გააჩნია.

"მე, როგორც გიორგი მარგველაშვილი და რიგითი მოქალაქე ვიცავ ჩემს ღირსებას, როგორც პრეზიდენტი კი ვალდებულებას ვასრულებ და ვიცავ საპრეზიდენტო ინსტიტუტის ღირსებას!" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციის თააბაზე ატეხილი აჟიოტაჟის კომენტირებისას. ქვეყნის პირველი პირის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილისთვის მიუღებელია, რომ ის თავად წყვეტს საკუთარ პოზიციას, თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოს არ სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც სხვისი მითითებით დატოვებს შენობას.

"ყველასთვის ნათელია, რომ ეს თემა არ უკავშირდება არც კვადრატულ მეტრებს და არც საბინაო-კომუნალურ საკითხებს, ეს პოლიტიკური თემაა. თემა, რომლის შინაარსიც შემდეგია - სამწუხაროდ, ბატონი ბიძინასთვის მიუღებელია ის, რომ მე თვითონ ვწყვეტ ჩემს პოზიციას და ჩემს დამოუკიდებელ საქმიანობას. ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში, არც საქართველოს სჭირდება ისეთი პრეზიდენტი, რომელიც დაემორჩილება და მითითებისამებრ დატოვებს ერთ შენობას და გადავა მეორე შენობაში... ეს არის ჩემი და ბიძინას პიროვნული დაპირისპირების თემა და ამ პოლიტიკურ საკითხში ინტერესი, ფაქტობრივად, არავის გააჩნია." - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მას მალევე გამოეპასუხა ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, თუკი პრეზიდენტი არ გამოვა ავლაბრის რეზიდენციიდან, რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს მთავრობამ? - განაცხადა, რომ ამისთვის არსებობს საზოგადოება და საზოგადოება გამოიტანს დასკვნებს.

"მე არავისზე ზეწოლა არ განმიხორციელებია. გეკითხებით, როგორ ფიქრობთ, ნორმალურია, რომ დამატებითი 10 000 მეტრი ფართი გამოუყენებელი ჰქონდეს ვინმეს, ვინც არ უნდა იყოს ეს. თქვენ, როგორც მოქალაქეებმა უნდა გააანალიზოთ ყველაფერი." - განაცხადა ივანიშვილმა.

მოკლედ, საქმე ისე მიდის, რომ ცოტა ხანში მარგველაშვილს შეიძლება მართლაც გამოუყარონ ნივთები ავლაბრის რეზიდენციიდან და კინწისკვრით გამოასახლონ იქიდან. შეგახსენებთ, თავის დროზე ივანიშვილსა და მარგველაშვილს შორის შავმა კატამ სწორედ ამ რეზიდენციის დერეფნებში გაირბინა, უფრო სწორედ, ივანიშვილი აღაშფოთა მარგველაშვილის ავლაბრის რეზიდენციაში დაბინადრებამ. მისივე მტკიცებით, პრეზიდენტობის კანდიდატობისას მარგველაშვილი ამ რეზიდენციაში შესვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებდა. "ავლაბრის რეზიდენციაზე ამბობდა, ძალადობის, გარყვნილებისა და უსამართლობის სიმბოლოაო და იმ სასახლეში შევიდა. გუნდიდან ავლაბრის სასახლეში შესვლის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ის ეგ იყო." – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში, ჯერ კიდევ ექსპრემიერსა და პრეზიდენტს შორის დაპირისპირების გარიჟრაჟზე.

ესეც ივანიშვილის სიტყვებია: "მალე 60 წლის გავხდები, კაცი დავბერდი და არასოდეს მინახავს, მოკლე დროში ასე შეცვლილიყოს ადამიანი. მარგველაშვილმა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ სულ სხვა ხასიათი გამოავლინა."

მოკლედ, ეს ყველაფერი საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა ჟინიანობას რომ ემსგავსება, ამაზე ყველა კარგად უნდა დაფიქრდეს. სიმართლე მოითხოვს აღინიშნოს ისიც, რომ პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში მისი ადამინსტრაციის გარდა, სხვა სახელმწიფო სტრუქტურების განთავსების იდეითაც გამოდიოდა. ასე, რომ შესაძლებელია ეს 10 000 მეტრი ფართი პრეზიდენტთან ერთად  უფრო ოპტიმალურად გამოიყენოს სახელმწიფომ, თუ მაინც და მაინც მართლაც ვიღაცის აკვიატება არ არის მარგველაშვილის იქიდან გაგდება.

გამოყენებულია "ინტერპრესნიუსის" მასალები

წაიკითხეთ ასევე: პრეზიდენტს ასახლებენ - სააკაშვილი იცინის, იცინის, კვდება სიცილით