ქართული ნოუ ჰაუ - პოლიტიკოსებისთვის დაშენილი წიწილიანი კვერცხები - კვირის პალიტრა

ქართული ნოუ ჰაუ - პოლიტიკოსებისთვის დაშენილი წიწილიანი კვერცხები

გურჯაანში ჩასულ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს არა უბრალოდ კვერცხებით, არამედ წიწილიანი კვერცხებით გაუმასპინძლდნენ. მართლაც აღმაშფოთებელია ამის ამსახველი კადრები, რაც ნამდვილად ვერ ჩაიწერება ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ გულშემატკივართა აქტივში.

შეგახსენებთ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ანტიკორუფციული კომისია შექმნა, რომელმაც მათი მტკიცებით, რეგიონებში არსებული კორუფციული დარღვევები უნდა გამოავლიოს. კომისიის პირველი სხდომა გურჯაანში იყო დანიშნული, სადაც "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ასეთი "თბილი" დახევდრა მოუწყვეს სტუმრებს. მასპინძლებმა კვერცხების სროლის გარდა, სხვა ფიზიკურ შეუარცხყოფაზეც არ თქვეს უარი. ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობას" მუდამ პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს, თუ ეს მართლაც ასეა, ხელისუფლება ამ პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს და "სატოპკე" არ უნდა მისცეს ოპონენტს.

გიორგი ღვინიაშვილი, გურჯაანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი "ნაციონალური მოძრაობიდან:"

- როგორც მოგეხსენებათ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო ანტიკორუფციული კომისიების შექმნა, რომელიც იმუშავებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. პირველმა ასეთმა კომისიამ მუშაობა დაიწყო გურჯაანის რაიონში. ორშაბათს ჩამოვედით გურჯაანში. კომისია განთავსდა ჩემი ანუ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ოთახში. გამოვაკარით აბრაც, რომელიც იუწყებოდა, რომ მუშაობა დავიწყეთ. შუადღის მერე, კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი ავტომანქანით მოვიდა გამეგობის შენობასთან, ჩაიყვანა გამგებელი, მისაც კონკრეტული დავალება და ამის მერე დაახლოებით ათ წუთში, გამგეობის სამსახურის მთლიანი ადმინისტრაციული რესურსი (გამგებლის მოადგილეები, სოფლის რწმუნებულები და სხვ.) დაახლოებით 100 კაცი თავს დაესხა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, გვსროლეს კვერცხები და სხვა საგნები. სანამ ეს ე.წ. სპეცოპერაცია არ დასრულდებოდა ამ ყველაფერს კახეთის გუბერნატორი გურჯაანის პოლიციის უფროსის კაბინეტიდან ადევნებდა თვალყურს.

- ბევრს გაუჩნდა კითხვა თუ რატომ იყვნენ იქ ირმა ნადირაშვილი და ნიკა მელია?

- ირმა ნადირაშვილი არის საქართველოს პარლამენტის, ასევე ჩვენს მიერ შექმნილი ანტიკორუფციული კომისიის წევრი. სხვებიც, იქ ვინც იყვნენ, ყველა ამ კომისიის წევრია.

- რა ლეგიტიმაცია აქვს ამ კომისიას?

- ეს არის ანტიკორუფციული კომისია და მეტი რა ლეგიტიმიაცია უნდა?! ჩვენი გავასაჯაროებთ ყველა დარღვევას რომელსაც აღმოვაჩენთ, ასევე გავახმაურებთ ნეპოტიზმის ყველა ფაქტს.

- სხვა რაიონებში როგორ დახვედრას ელოდებით?

- ამ ხელისფლებისაგან სხვა რა დახვედრას შეიძლება ელოდოს ადამიანი?! დღეს არათუ კვერცხის, არამედ წიწილების სროლაც დაიწყეს. პრემიერ-მინისტრი გამოდის და ამბობს, რომ რაც გურჯაანში მოხდა ეს ნორმალური პროცესია და ამის მერე ხელისუფლებისაგან სხვას ელოდებით რამეს?! ის რაც ხდება, გურჯაანის რაიონის მოსახლეობის დამოკიდებულება არ არის, ესაა იმ საბიძაშვილო-სამამიდაშვილოს დამოკიდებულება,რომლებიც გამგეობაში ხელფასებს იღებენ.

მსოფლიო გამოცდილება გვეუბნება, რომ პოლიტიკოსთა და თუ სხვა ცნობილი ადამიანებისთვის კვერცხი და არა მოხლოდ კვერცხი,  აქამდეც არაერთხელ უცდიათ.

მოკლედ, თუ პოლიტიკოსი ხარ, უნდა გაფრთხილდე, რომ არ მოგხვდეს ნამცხვარი, კვერცხი, უკვე წიწილიანი კვერცხიც, არ შეგასხან კეტჩუბი, სოუსი და ა.შ.

2011 წლის 19 ივლისს, რუპერტ მერდოკი უეცრად ამოავლეს უცნაურ თეთრ ნივთიერებაში, რომელიც საპარსი ქაფი აღმოჩნდა. ის პარლამენტის წევრების წინ სიტყვით გამოდიოდა, როცა უცნობმა მამაკაცმა ქაფით დასვარა. მოსმენა, რა თქმა უნდა, გადაიდო.

მერდოკის მეუღლე, რომელიც იქვე იჯდა და უსმენდა მეუღლის სიტყვით გამოსვლას, ცდილობდა პოლიციას დახმარებოდა და ქაფისგან დაეფარა ქმარი. პოლიციამ დააკავა არეულობის ორგანიზატორი, აღმოჩნდა, რომ მერდოკს კომიკოსი მსახიობი გაუსწორდა.

2010 წლის 3 მარტს, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს დევიდ კამერონს კვერცხი ესოლეს.

2009 წლის 6 მაისს ჩეხეთის რესპუბლიკის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ცდილობს ხელით მოიგერიოს ნასროლი კვერცხები.

ფოტოზე ასახულია 2008 წლის 10 დეკემბერს მომხდარი ფაქტი, როდესაც აშშ-ს ექსპრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა სცადა აეცილებინა ერაყელი ჟურნალისტის მიერ ნასროლი ფეხსაცმელი.

ლადო გოგოლაძე

ეკა გადახაბაძე

(სპეციალურად საიტისთვის)