რა მიზნით ჩამოვიდა ლუკაშენკო საქართველოში და რატომ დატოვა სომხები გაოგნებული?! - კვირის პალიტრა

რა მიზნით ჩამოვიდა ლუკაშენკო საქართველოში და რატომ დატოვა სომხები გაოგნებული?!

"რუსეთთან "ჩახუტების" საშუალება რომ იყოს, ეგ ლუკაშენკოს გარეშეც მოხერხდებოდა"

"მან კარგად იცის, რომ რუსეთს ბელორუსთან დაკავშირებითაც აქვს გარკვეული პრეტენზიები, ისეთი როგორც ყირიმის მიმართ ჰქონდა, - როდესაც ბელორუსი შეიქმნა, მის შემადგენლობაში, რამდენიმე სუფთა რუსული რეგიონი მოხვდა და თუ მოსკოვმა ძალიან მოინდომა, მსგავს მაგალითს იქაც გაიმეორებს."

ბელორუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტმა ქართულ საზოგადოებას უამრავი კითხვა და ეჭვი გაუჩინა, - განსაკუთრებით განცხადებებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთთან ერთად "ერთ ოჯახში" ცხოვრების შესახებ. არსებობს ვერსიები, თუ რა წინაპირობები ჰქონდა ალექსანდრე ლუკაშენკოს ოფიციალურ ვიზიტს. ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში მამუკა არეშიძე, ჩვენთან საუბარში მისი ვიზიტის მნიშვნელობასა და მის ფარგლებში გახმაურებულ გზავნილებს აფასებს

მამუკა არეშიძე:

- საქართველოში ლუკაშენკოს ვიზიტი ჩვეულებრივი მოვლენა ნამდვილად არ არის. ბევრი რამის ვარაუდი შეიძლება, რადგან რეალური მზიანი ჯერჯეობით არ ვიცით. ერთ-ერთი ვერსიით, - ეს შესაძლოა რუსეთ-საქართველოს ურიერთობების დათბობის დასაწყისი იყოს. იყო თუ არა ლუკაშენკო შუამავალი რუსეთსა და საქართველოს შორის, ამაზე ცალსახად რამის თქმა ძნელია, მაგრამ შესაძლოა ასეც ყოფილიყო. კიდევ ერთი ვერსიით, მისი სურვილია, საქართველოს მეშვეობით დასავლეთთან კავშირები გააძლიეროს. არც ეს ვერსიაა გამორიცხული, ლუკაშნეკოსნაირი ეშმაკური გონების ადამიანისთვის ორივენაირი განზრახვა დასაშვებია. კიდევ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტი მინდა აღვნიშნო, - ლუკაშენკოს ვიზიტს ერევანში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა, რადგან 23 აპრილს ისინი გენოციდთან დაკავშირებით ღობისძიებებს მართავდნენ და დარწმუნებული იყვნენ, რომ "ევრაზიული კავშირის" ქვეყნების ლიდერები ამ ღონისძიებას აუცილებლად დაესწრებოდნენ. ნაზარბაევი არ დაესწრო, რადგან ის თურქული სამყაროს წარმომადგენლად მიიჩნევს თავს და ეს შეიძლება არავის გაუკვირდა, მაგრამ ლუკაშენკოს ერევანში ჩაუსვლელობამ, სომხები გაოგნებული დატოვა. მით უფრო, რომ მას რამე განსკუთრებული მიზეზი არ ჰქონია, თან თბილისში რომ ჩამოვიდა, შეიძლება ითქვას, რომ ამით ცეცხლზე ნავთი დაასხა.

- გამოდის, ბელორუსის პრეზიდენტს საქართველოში ჩამოსასვლელად ძალიან მნიშველოვანი მიზეზი უნდა ჰქონოდა...

- დიახ, ეს არის საფიქრალი, ეს რა მიზეზი შეიძლება ყოფილიყო?! მით უფრო, რომ ამ დღეს კიდევ ერთი ფაქტი მოხდა, - მსოფლიო ლიდერები თურქეთში გალიპოლისთან ბრძოლაში გამარჯვების იუბილეს აღნიშნავს. მაშინ გალიპოლისთან, ქემალ ფაშას მეთაურობით, ფრანგებისა და ბრიტანელების დესანტი დაამრცხეს. ეს დღე ამ ქვეყნის ლიდერებისთვის სასიამოვნო აღსანიშნავი არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ თურქეთში მათი წარმომადგენლები მაინც იმყოფებოდნენ. თუ იმ ვერსიასზე დავიწყებთ ლაპარაკს, რომ ალექსანდრე ლუკაშენკო დასავლეთთან ურთიერთობების განმტკიცება სურდა, მაშინ ჯობდა, თურქეთში ჩასულიყო.

- რაც შეეხება, იმ ხუთ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოეწერა...

- ეს არის შირმა, - ამ ხუთი ხელშეკრულებიდან რამე განსაკუთრებულ ეკონომიკურ გარღვევას ვერცერთი ვერ მოახდენს. ასე რომ, აქ უფრო სხვა გზავნილებზეა საფიქრალი.

- ერთმა ნაწილმა მისი ვიზიტი რუსეთთან "ჩახუტების" წინაპირობად აღიქვა...

- რუსეთთან "ჩახუტების" საშუალება რომ იყოს, ეს ლუკაშენკოს გარეშეც მოხერხდებოდა. არ არის ეს საშუალება, რადგან ლუკაშენკო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღადგენს, - ან იმ პრობლემას, რაც ორ ქვეყანას შორის ძირითადი დავის საგანია, ის ვერ მოგვიგვარებს. მათ ან რაღაც ტიპის შემოთავაზება ჩამოიტანა, ან სხვა რაღაცაშია საქმე.

- "არასდროს ვყოფილვარ საქართველოში, გარდა სოხუმისა" - ბელორუსი პრეზიდენტის ამ განცხადებას საზოგადოების გაოცება მოჰყვა.

- საქმე ის არის, რომ მან ეს საქმით დაამტკიცა, რუსეთის დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, მან არცერთი ჩვენი რეგიონის დამოუკიდებლობა არ აღიარა. თუმცა, ეს ქართველების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულებსი გამო არ მომხდარა

- უბრალოდ პრაგმატული მიდგომა არჩია, მან კარგად იცის, რომ რუსეთს ბელორუსთან დაკავშირებითაც აქვს გარკვეული პრეტენზიები, ისეთი როგორც ყირიმის მიმართ ჰქონდა, - როდესაც ბელორუსი შეიქმნა, მის შემადგენლობაში, რამდენიმე სუფთა რუსული რეგიონი მოხვდა და თუ მოსკოვმა ძალიან მოინდომა, მსგავს მაგალითს იქაც გაიმეორებს.

- ძალზედ ბუნდოვანია რა იმალება მისი მეორე, ასევე მნიშვნელოვანი გზავნილის მიღმა - "უახლოეს დროში ჩვენ მოვძებნით თუნდაც ერთ პასუხს პატარა კითხვაზე, რა ნაბიჯი უნდა გადავდგათ იმისთვის, რომ არა მხოლოდ შეწყდეს ეს რიტორიკა, არამედ დავუახლოოთ სახელმწიფოს პოზიციები ერთმანეთს და ვიცხოვროთ ერთ ოჯახში, როგორც ოდესღაც ვცხოვრობდით. არ არსებობს წინააღმდეგობები ქართველ ხალხს, ბელარუს ხალხსა და რუს ხალხს შორის..."

- ასეთი ტიპის განცხადებები, ყოველთვის კეთდებოდა ერთიან მართლმადიდებლ სივრცეზე, ასეთი ტიპის განცხადებებს მხოლოდ ბელორუსები კი არა, რუსი პოლიტიკოსებიც ხშირად აკეთებენ. ამას გულისხმობდა ლუკაშენკოც, რომელმაც ტრადიციული, საბჭოური ფრაზაც მიაყოლა, - ერთ ოჯახად ვიცხოვროთო...

- ამ განცხადებაში პოლიტიკური სივრცე არ იგულისხმებოდა?

- რა თქმა უნდა, პოლიტიკური სივრცე იგულისხმებოდა, მაგრამ პირდაპირ რომ დაესვა ვინმეს კითხვა, - რას გულისხმობდა ამაში, აუცილებლად გეტყოდათ, - ერთიანი მართლმადიდებლური სივრცე ვიგულისხმეო. მესიჯები ნაკლებად მნიშვნელოვანია, მთავარია რა შემოთავაზება ჩამოიტანა ლუკაშენკომ და ეს ალბათ მალე გახდება ცნობილი.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)