"პროვოკაციული კვერცხები" და ავლაბრის რეზიდენცია - კვირის პალიტრა

"პროვოკაციული კვერცხები" და ავლაბრის რეზიდენცია

გასულ კვირას ორი რამ დარჩა ჩემთვის ამოუხსნელი: გურჯაანში კრუხებს კვერცხები რატომ მოჰპარეს და ივანიშვილი ისე რატომ "ჩაიციკლა" ავლაბრის რეზიდენციაზე, რომ კვადრატულ მეტრებს ითვლის?

კრუხებსა და წიწილებიან კვერცხებზე აღარ გავაგრძელებ. ვფიქრობ, რომ სამარცხვინოდ იქცევა ორივე პარტია. ერთი პროვოკაციაზე მიდის, მეორე კი სიამოვნებით ეგება ამ პროვოკაციას. აი, ბიძინასა და ავლაბრის რეზიდენციის ამბავს კი ცოტა ვრცლად შევეხები, რადგან, ვფიქრობ, ეს არ არის მხოლოდ რეზიდენციის თემა და იმაზე კამათი, პრეზიდენტი სად იცხოვრებს.

აქ კითხვა უპირველესად ასე დგას: რატომ არის ასე მნიშვნელოვანი ივანიშვილისთვის, რომ პრეზიდენტი რეზიდენციიდან გამოვიდეს? ამბობენ, ვერ ინელებს იმას, რომ ვიღაცამ მის ჭკუაზე არ გაიარაო. თუ ასეა, ძალიან ცუდად გვქონია საქმე. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ აქ წამყვანი მიზეზი უფრო ივანიშვილის სააკაშვილისადმი სიძულვილია. მახსოვს, როცა პირველად გააკრიტიკა მარგველაშვილი და რეზიდენციის თემას შეეხო, თქვა: სააკაშვილმა ერთხელ ყველაზე მეტად რაც მთხოვა, ის იყო, რომ იმ რეზიდენციას ნუ დამიტოვებთ უქმად, იქნებ შენ შეხვიდეო. ეს იყო სააკაშვილის სანუკვარი ოცნება, რომ რეზიდენციას ფუნქცია არ დაჰკარგოდა და ახლა მარგველაშვილი მას ამ ოცნებას უსრულებსო. ანუ რა გამოდის? რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა, როგორმე სააკაშვილი არ გავახაროთ და გავამწაროთ? ამისთვის არის ატეხილი ამხელა ამბავი? შეიძლება ორივე მიზეზია: მარგველაშვილის სიჯიუტის გატეხის სურვილიც და სააკაშვილის გამწარებისაც, მაგრამ რომელია ნორმალური?! ვის სჯერა ახლა, რომ მთელი პრობლემა ზედმეტ კვადრატულ მეტრებშია? და რომ გამოვიდეს იქიდან მარგველაშვილი, რას უზამენ ამ კვადრატულ მეტრებს? გააქირავებენ? ეს სასახლე ხომ მხოლოდ როგორც სამთავრობო დანიშნულების ობიექტი, ისეა მოწყობილი და რთულია, იქ სხვა რამე განთავსდეს.

მარგველაშვილთან მხოლოდ ერთი პრეტენზია შეიძლება არსებობდეს: თავიდან რატომ იყო წინააღმდეგი ამ სასახლეში გადასვლის, თორემ რომ გადავიდა, ძალიანაც კარგი ქნა და ის ათონელის სასახლეც თავიდანვე როგორც პრემიერის რეზიდენცია, ისე შენდებოდა. ჰოდა, ადგეს ეს ჩვენი ღარიბაშვილი და გადავიდეს იქ! რა დარჩენია იმ მახინჯ, კომუნისტების დროინდელ კანცელარიაში, აქედან ფეხს არ მოვიცვლიო, რომ გაიძახის?!

ივანიშვილის მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ მიშასა და "ნაციონალების" კომპლექსი აქვს. ყველაფერს "ნაციონალური მოძრაობის" პრიზმაში უყურებს - მათ რა უნდათ, რა მოეწონებოდათ ან რა ეწყინებოდათ. არასამთავრობოებსაც და პოლიტიკურ ოპონენტებსაც მხოლოდ ამ კრიტერიუმით აფასებს: მათი რიტორიკა "ნაციონალების" რიტორიკას ემთხვევაო, ესაა მისი კრიტიკის მთავარი არსი! რა გამოდის: "ნაციონალებმა" თეთრზე რომ თქვან, თეთრიაო, შენ უნდა უარყო, რომ შენი აზრი მათსას არ დაემთხვეს და მერე "ნაციონალობა" არ დაგწამონ?!

გაიღვიძეთ, ბატონო მერო!

თბილისელებისთვის "სითი პარკი" ვერ მოუშორებიათ. უცხოურ კომპანიას 47 ათასი გადაუხადეს, რომ ხელშეკრულება შეესწავლათ და ახლა გამოდიან და ამბობენ, წინა ხელისუფლებამ ისეთი პირობებით გაუფორმა "სითი პარკს" ხელშეკრულება, რომ ჯარიმის გარეშე ვერ გავუწყვეტთ კონტრაქტსო. ამის დასადგენად იყო საჭირო 47 ათასი ლარის გადახდა და უცხოური კომპანიის მოწვევა? მოკლედ, ათი წელია, ისევ ის კომპანია უნდა ავიტანოთ, რომელიც მხოლოდ ჩვენი დაჯარიმებითა და მანქანების მოტაცებითაა დაკავებული. ის მაინც აიძულონ, რომ პარკინგის დამატებითი ადგილები მოაწყოს ქალაქში!

მაგრამ ნარმანიას ისიც ვერ მოუგვარებია, ქუჩებს რომ გადათხრიან, ასფალტი მალევე დააგონ. ორმოები რომ გაჩნდება, ვიდრე მანქანები დაიმტვრევა, მანამდე უნდა ამოავსო, თორემ მერე რა ფასი აქვს? ხალხი უკვე იცინის, ამ ორმოებში ნარმანიამ ხეები მაინც ჩარგოს, აღარ ჩავცვივდებითო. ცალკე საკითხია, როგორ ასრულებს ნარმანია მილიონი ხის დარგვის დაპირებას, მაგრამ რომც დარგოს, ეს არ აძლევს უფლებას, უკვე ზრდასრული ხეების მოჭრის ნებართვები გასცეს. არადა, მშენებლობების გამო ხეებს ისევ ჭრიან და სკვერებს ანადგურებენ. სამაგიეროდ, ამ კომპანიებს ვავალებთ, სხვაგან უფრო მეტი ხე დარგონო. ვის აყრიან თვალში ნაცარს?! იმისთვის, რომ ახალდარგულმა იგივე ეფექტი მოგვცეს, ათი წელი მაინც არის საჭირო!

ეს კიდევ რაა? საცობებია მთავარი პრობლემაო, გაიძახის, და ერთი მარტივი საკითხი ვერ დაურეგულირებია: ნაგვის მანქანები დღისით და, მით უმეტეს, პიკის საათებში რომ არ გამოვიდნენ ქუჩებში და არ ჩახერგონ ისედაც გართულებული მოძრაობა. რატომ არის პრობლემა სხვანაირი გრაფიკის შემუშავება, ვერ ვხვდები. ქალაქების უმეტესობაში ხომ ნაგავი ღამით გააქვთ, თუ ჩვენს მენაგვეებს არ ეკადრებათ ღამე მუშაობა?!

მოკლედ, ცოტა გაიღვიძეთ, ბატონო დავით!