აუდიტის სამსახურის ანგარიში და მომსახურების სააგენტოში გაცემული 367%-იანი პრემიები - კვირის პალიტრა

აუდიტის სამსახურის ანგარიში და მომსახურების სააგენტოში გაცემული 367%-იანი პრემიები

როგორც ჩანს, ზურაბ ახალკაციშვილის გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი დიდი ოდენობით გაცემული პრემიებიც არის, კიდევ რა წერია აუდიტის სამსახურის ანგარიშში?

გასულ კვირს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ახალკაციშვილმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ის ამბობდა, რომ გადაწყვეტილების მიზეზი მედიაში გავრცელებული ის ინფორმაცია გახდა, რომელშიც მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელის მიერ კანონის დარღვევაზე იყო ლაპარაკი. იგი ხაზგასმით აცხადებდა, რომ კანონდარღვევა არ მომხდარა. მალევე აუდიტი სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ფინანსურ საქმიანობაში დარღვევები აღმოაჩინა და შესაბამისი მასალების მასალების მთავარ პროკურატურაში გაგზავნას გეგმავს. გაჩნდა ვარაუდუ, რომ ახალკაციშვილის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი, სავარაუდოდ, აუდიტის სამსახურის დასკვნა გახდა. ამჯერად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის ნაწილი ხდება ცნობილი, რომლის მიხედვითაც ჩანს, რომ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორი 2013 წლის განმავლობაში პრემიას ყოველთვიურად იღებდა.

ამასთან, აუდიტორების დასკვნის თანახმად, აღნიშნულ პერიოდში პრემია ყოველთვიურად გაიცემოდა სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეებზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე, მათ მოადგილეებზე და განყოფილების უფროსებზე.

ანგარიშის მიხედვით, 2013 წელს მათზე ყოველთვიურად გაცემული პრემიების ოდენობა ხელფასის 50% -დან 367% - მდე შეადგენდა.

"2013 წელს სააგენტოში შრომის ანაზღაურებაზე საკასო ხარჯმა სულ შეადგინა 2,776.8 ათასი ლარი, აქედან ხელფასის სახით - 1,720.8 ათასი ლარი (62%), ხოლო პრემიის სახით - 1,056.0 ათასი ლარი (38%). იყო შემთხვევები, როდესაც სააგენტოს რიგ თანამშრომლებზე გაიცემოდა ხელფასის ოდენობის და ხელფასზე მეტი ოდენობის პრემია, ხოლო დეკემბერში სააგენტოს თანამშრომელზე გაცემულია პრემია ხელფასის 367% - ის ოდენობით.

ყოველთვიურად პრემიები ძირითადად გაიცემოდა სააგენტოს დირექტორზე (2013 წელს), სააგენტოს გენერალური დირექტორის მოადგილეებზე, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებზე (სამსახურის უფროსებზე), მათ მოადგილეებზე და განყოფილების უფროსებზე. აუდიტს დაქვემდებარებულ პერიოდში ყოველთვიურად მათზე გაცემული პრემიების ოდენობა ხელფასის 50% - დან 367% - მდე შეადგენდა", - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშში.

რაც შეეხება 2012 წელს, აუდიტორების ინფორმაციით, აღნიშნული თანამდებობის პირებზე სულ გაცემილია 337,0 ათასი ლარი (41%), ხოლო 2013 წელს 472.4 ათასი ლარი (45%).

"2012 წელს აღნიშნული პირების ხვედრითი წილი სააგენტოს მთლიან თანამშრომელთა 22,2% - ს შეადგენს, ხოლო 2013 წელს 17,1% - ს. მიზანშეწონილი იქნება სააგენტომ ბიუჯეტის დაგეგმვისას გაითვალისწინოს გასაწევი ხარჯების აუცილებლობა, ხოლო მასში ცვლილებები განხორციელდეს სააგენტოსათვის მნიშვნელივანი ხარჯების დასაფინანსებლად", - აღნიშნულია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით