ყიფიანი გადადგა - მთავრობაც გადამდგარია! - კვირის პალიტრა

ყიფიანი გადადგა - მთავრობაც გადამდგარია!

ბევრი მითქმა-მოთქმისა და ლაპარაკის შემდეგ, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის სავარძელი ლევან ყიფიანმა დატოვა.

ლევან ყიფიანმა სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე თავდაპირველად მისი მინისტრობისას გაწეულ სამუშაოებზე ილაპარაკა. მისი თქმით, სპორტს ერთიანობა სჭირდება და არა ერთმანეთისთვის ლაფის სროლა. "ჩვენს მიღწევებს, იმედი მაქვს, სწორედ გაიგებს საზოგადოება, მაგრამ არ მინდა წავიდე პოლიტიკურ დაპირისპირებაზე ჩემ თანაგუნდელებთან, ვგულისხმობ, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტს, რომლის წევრებისგან განსხვავებით ქვეყნის ინეტერესებს უფრო მაღლა ვაყენებ და მათაც ამისკენ მოვუწოდებ. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს, რომელთან ერთადაც მოვედით ხელისუფლებაში. რაც ხდებოდა ბოლო ხანს ეს ჩემთვის სრულიად მიუღებელია და სცილდება სინდის-ნამუსს. ეს არის ჩემი გადადგომის მიზეზი, არ მინდა ეს პრობლემა გამწვავდეს და გადავიდეს ზღვარს." - განაცხადა ყიფიანმა. მისივე თქმით, ის ვრცელი წერილით მიმართავს პრემიერ-მინისტრს, რომელშიც ყველა შეკითხვას და პრეტენზიას პასუხობს.

შეგახსენებთ, მის წასვლას წინ უსწრებდა მისი დაპირისპირება პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრებთან, როგორც ჩანს, მათ მოახერხეს დაერწმუნებინათ მთავრობა და ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი იმ პრეტენზიების სიმართლეში, რასაც ისინი ყიფიანს უყენებდნენ. ლევან ყიფიანი გუშინ მთავრობაში ადმინისტრაციაში იმყოფებოდა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა, თუმცა იქიდან გამოსული ამბობდა, რომ მის გადადგომაზე ლაპარაკი არ ყოფილა.

კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტში მთავრობის ნდობის საკითხი მინისტრთა კბინეტის 1/3-ის შეცვლის შემდეგ დგება, ეს კი ნიშნავს, რომ მთავრობა 7

მინისტრმა უნდა დატოვოს. უკვე, მე-7 მინისტრიც შეცვლილია, შესაბამისად, დღის წერიგში უკვე ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების საკითხი დგას.

ახლა უკვე პრემიერ-მინისტრიც და მთავრობის სხვა წევრებიც ავტომატრად გადამდგარია, ისინი მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლები არიან.

ვინ შეინარჩუნებს სავარძელს ამჟამინდელი მთავრობიდან და ვინ - ვერა, ამას უახლოეს მომავალში გავიგებთ. როგორც ინფორმაცია ვრცელდება, კანცელარიაში  პრემიერ-მინისტრთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები იკრიბებიან. ისინი, სავარაუდოდ, სწორედ ამ საკითხს განიხილავენ. მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცებას პარლამენტართა 76 ხმა სჭირდება. პარლამენტს მთავრობის ახალ შემადგენლობას პერზიდენტი წარუდგენს.