"მადლობა ჩემს უღალატო, წესიერ, ღირსეულ მეგობარს - ლევან ყიფიანს" - კვირის პალიტრა

"მადლობა ჩემს უღალატო, წესიერ, ღირსეულ მეგობარს - ლევან ყიფიანს"

სპორტისა და ახალაგზარდობი სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი ეკა კვიტაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგ ჩანაწერს აქვეყენებს:

"2 წელიწადზე მეტი ვიმუშავე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად. ეს იყო რთულიც და მარტივიც.

რთული იმიტომ, რომ დანგრეული, გაცამტვერებული, ამორფული, სრულიად პოლიტიზირებული 2 განსხვავებული სფერო ( სპორტი და ახალგაზრდობა) ჩავიბარეთ. მარტივი იმიტომ, რომ სამინისტროში ლევან ყიფიანთან ერთად მივედით.

ეს იყო რთული, რადგან ჩვენი მისვლის დროს არ არსებობდა არც ახალგაზრდობის და არც სპორტის განვითარების არანაერი გეგმა. ეს იყო მარტივი, რადგან ძალიან ძლიერი გუნდის მიერ 1 წელიწადში შეიქმნა სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტები და სამოქმედო გეგმა, რომლითაც იხელმძღვანელებს ყველა ახალი მინისტრი და ქვეყანაში ამ სფეროების განვითარება არა ვინმეს ნებაზე, არამედ სახელმწიფოს მიერ დეკლარილებულ პოლიტიკაზე იქნება ( არის) დამოკიდებული.

ეს იყო რთული, რადგან ფედერაციები შეჩვეული იყვნენ, რომ მათ სამინისტრო მართავდა. ეს იყო მარტივი, რადგან ლევან ყიფიანის მეგობრულმა, პარტნიორულმა დამოკიდებულებამ დაანგრია სამინისტროსა და ფედერაციებს შორის არსებული უნდობლობის კედელი და "ზედამხედველი" სამინისტრო მათ პარტნიორად აქცია.

ეს იყო რთული, რადგან ახალგაზრდული სფერო სრულიად იყო პოლიტიზირებული. ეს იყო ადვილი, რადგან ლევან ყიფიანი, რატი ბრეგაძე, ნუგზარ კანდელაკი მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ამის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ძალიან მარტივად შეძლეს ახალგაზრდული სფეროს სრული დეპოლიტიზირება.

ეს იყო რთული, რადგან ყველა ფედერაციისა და ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელს, უამრავ მოქალაქეს სურდა პირადად შეხვედროდა მინისტრს. ეს იყო ადვილი, რადგან მინისტრი ლევან ყიფიანი შეძლებისდაგვარად ყველას ხვდებოდა, ყველას უსმენდა, ყველას გასაჭირი გულთან მიჰქონდა.

ეს იყო რთული, რადგან სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე გვქონდა უამრავი შეხვედრა, გასვლა, ღონისძიება. ეს იყო მარტივი, რადგან მე, როგორც პრ-ის ხელმძღვანელი ვნერვიულობდი მხოლოდ იქამდე, სანამ ლევან ყიფიანი შემოვიდოდა შეხვედრაზე. მისი შემოსვლის შემდეგ მე უსაქმოდ ვრჩებოდი. მინისტრის ადამიანებისადმი კეთილგანწობა, ზრდილობა, თავმდაბლობა, უშუალობა დიდთან თუ პატარასთან, გულგრილს არავის ტოვებდა.

ეს იყო რთული, რადგან მიწევდა პრ-ისთვის საჭირო ყოველ თეთრზე თხოვნა- მუდარა აკაკი ლოდიასა და გოგა მაჭავარიანთან. ეს იყო მარტივი, რადგან, როგორც კი რომელიმე რეგიონს სპორტულ ინვენტარი, ხოლო სპორტსმენს, გუნდს, მოქალაქეს, ცნობილი სპორტსმენის ოჯახს, შშმ ახალგაზრდას - დახმარება დასჭირდებოდა, ისინი მაშინვე მზად იყვნენ დასახმარებლად ( თხოვნა-მუდარის გარეშე).

ეს იყო რთული, რადგან ყველა ფედერაცია და ახალგაზრდული ორგანიზაცია თვლიდა, რომ სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო მათი პრესსამსახურიც იყო. ეს იყო მარტივი, რადგან ამ დროს ჩემს გვერდით იყვნენ - ლექსო, ჭანო, დათო, ლაშა, დიმა, პაპუნა, დათო, ვეკო, თამუნა, ტარიელი.

ეს იყო რთული, რადგან ვმუშაობდით 24 საათიან რეჟიმში, გვეძინა ტატამზე, სპორტის სასახლეში ვაკრავდით სტიკერებს, ბანერებს, კუს ტბაზე ბავშვებს ვჩუქიდით ფერად ბუშტებს, სტადიონზე ვარიგებდით ფლაერებს. ეს იყო მარტივი, რადგან ჩემს გვერდით იყვნენ ნათია, ირიშკა, ნინია.

ეს იყო რთული, რადგან სულ მჭირდებოდა სხვადასხვა სახის ინფორმაცია. ეს იყო მარტივი, რადგან ვიცოდი, რომ დავურეკავდი დავაწიოკებდი ვახოს, ნატოს, დათოს, ვასიკოს, მანჩოს, ტოლას, შორენას, ტატას............. ( აქ ძალიან ბევრი იგულისხმება -თითქმის მთელი სამინისტრო) და ისინი თავისი საქმის პროფესიონალები უცბად მომაწვდიდნენ საჭირო ინფორმაციას.

ეს იყო რთული, რადგან ჩვენ ერთად ბევრი კარგი საქმის კეთება გვინდოდა და ეს იყო მარტივი, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი კარგი საქმე ერთად გავაკეთეთ.

ყველა ამ სირთულისა და სიმარტივისთვის მადლობა ჩემს უღალატო, წესიერ, ღირსეულ მეგობარს - ლევან ყიფიანს, რომელთან ერთადაც მოვედი სამინისტროში და რომელთან ერთადაც წასვლა ჩემთვის პატივია!"