"ყოველი შიმშილობის შემდეგ 10-12 კილოს ვიკლებ" - წერეთელი სააკაშვილის დევნის შეწყვეტას ითხოვს - კვირის პალიტრა

"ყოველი შიმშილობის შემდეგ 10-12 კილოს ვიკლებ" - წერეთელი სააკაშვილის დევნის შეწყვეტას ითხოვს

"დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უსამართლო პატიმრობიდან ქართველი პოლიტპატიმრები: ბაჩანა ახალაია, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ღირსეული და პატრიოტი ქართველი სამხედრო პირები."

"დავიჯერო დემოკრატიული ძალებიც ფეხებზე დამიკიდებენ და თუნდაც ჩემს საპატივსაცემოდ ერთ მიტინგს მაინც არ გამართავენ?!"

ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი წერეთელმა შიმშილობა გამოაცხადა. რატომ გადაწყვიტა მან პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიემართა, სწორედ ამ კითხვით დავიწყეთ მასთან საუბარი:

- მინდა, გავაკეთო პრინციპული ახსნა-განმარტება, - მე არ ვმშიმშილობ მხოლოდ პოლიტიკური პერსონების სოლიდარობის მოთხოვნით! მე მაქვს 7 მოთხოვნა, საიდანაც ხუთი არის ეროვნულ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის, ხოლო ორი არის პერსონალურ-პოლიტიკური. მე მოვითხოვ: საქართველოს პარლამენტმა, სასწრაფოდ მიიღოს ორგანული კანონი, საქართველოს წინააღმდეგ, რუსეთის მიერ განხორციელებული მრავალწლოვანი იმპერიული აგრესიისა და მისი დანაშაულებრივი შედეგების საერთაშორისო მხილების, დაგმობის, აკრძალვისა და აღკვეთის შესახებ; საქართველოს პარლამენტმა, შესაბამისი საკანონმდებლო, სავალდებულოდ აღსასრულებელი სამართლებრივი-საკანონმდებლო აქტის მიღებით, დაადასტუროს საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური სახელმწიფოს უზენაესი კანონის - 1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუციის უზენაესობა; შეიქმნას დროებითი კოალიციური მთავრობა, ოპოზიციის წარმომადგენელთა მონაწილეობითაც; საქართველოს ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვის, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში, სასწრაფო წესით შემოვიდნენ აშშ-ს სამხედრო კონტიგენტები და საქართველოში განთავსდეს აშშ-ს სამხედრო ბაზები; 2015 წლის 26 მაისს თბილისში, ყველა ეროვნული, დემოკრატიული, ატლანტიკური ძალის ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდეს მაქსიმალურად მრავალრიცხოვანი პოლიტიკური ზეპარტიული დემონსტრაცია, გამოკვეთილად კონკრეტული მოთხოვნებით ეს რაც შეეხება პოლიტიკური მნიშვნელობის მოთხოვნებს. მაქვს ასევე ორი პოლიტიკურ-პერსონალური მოთხოვნა - დაუყოვნებლივ შეწყდეს ყოვლად გაუმართლებელი, ყოვლად სამარცხვინო საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სისხლის სამართლებრივი დევნა და დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ უსამართლო პატიმრობიდან ქართველი პოლიტპატიმრები: ბაჩანა ახალაია, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ღირსეული და პატრიოტი ქართველი სამხედრო პირები. ყველა ეს მოთხოვნა არის ჩემთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ვშიმშილობ, რადგან ქართველს ერს ვაჩვენო თავგანწირვის და თავდადების მაგალითი.

- ანუ მიიჩნევთ, რომ მიხელ სააკაშვილს, გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილს და სხვ. დანაშაული არ ჩაუდენიათ?

- არ ვეხები მათ დამნაშავეობას თუ უდანაშაულობას. მე, ჩემი და ჩემი მეგობრების გარდა, მხოლოდ ერთადერთ ძალას ვხედავ ვინც სისტემატიურად აკეთებს ანტისაოკუპაციო აქციებს და განცხადებებს. ეს ძალაა "ნაციონალური მოძრაობა", ხოლო სხვები, ვინც დაკავებულია სააკაშვილის ლანძღვით, ერთ ადგილას უძვრებიან რუსებს. ჩემი ამოცანაა ყველა ქართველი გაერთიანდეს, ხოლო თუ ვინმეს რაიმე დანაშაული აქვს ჩადენილი, ხომ შეიძლება ქრისტიანულად მივუტევოთ?!

- მაშინ მივუტევოთ და გამოვუშვათ ყველა პატიმარი და საერთოდაც გავაუქმოთ ციხე...

- მიხეილ სააკაშვილთან და "ნაციონალურ მოძრაობასთან" ბევრი სიკეთეც ხომაა დაკავშირებული? - ქართული სახელმწიფო, რაც შევარდნაძის დროს დაინგრა, ამ ხალხმა ხომ აღადგინა, სწორედ ამას ვამბობ მე. თანაც დემოკრატიული და ცივილიზებული საზოგადოება სოლიდარობას უცხადებს ამ ადამიანებს.

- როცა თქვენი თანამებრძოლი ირაკლი ბათიაშვილი დააკავეს, მაშინ რატომ არ გამოხატეთ პროტესტი ამ ფორმით?

- მაშინ რაც კი მიტინგი იყო ირაკლის მხარდასაჭერი არცერთს გამოვკლებივარ, უბრალოდ შიმშილობა მართლაც არ გამომიცხადებია, რადგან მხოლოდ ერთი კაცის გათავისუფლების მიზნით ხომ არ დავიწყებდი შიმშილს?!

- თუ თქვენი მოთხოვნები არ შესრულდა, შიმშილით სიკვდილს აპირებთ?

- ჩემი შიმშილობა არაა უვადო, მე გამოვაცხადე მხოლოდ გრძელვადიანი შიმშილობა. ჩემი ერთ-ერთი მოთხოვნაა 26 მაისს ყველა პროგრესულმა ძალამ მოაწყოს დემონსტარცია, თუ მთავრობამ ფეხებზე დამიკიდა, დავიჯერო დემოკრატიული ძალებიც ფეხებზე დამიკიდებენ და თუნდაც ჩემს საპატივსაცემოდ ერთ მიტინგს მაინც არ გამართავენ?! სხვათა შორის, მინდა გითხრათ, რომ მე ვინც ფეხებზე დამიკიდებს, ყველა მწარედ იქნება დაკიდებული ერთ ადგილზე და ამის მაგალითი ბევრია.

- თქვენთვის ეს პირველი შიმშილობა არა, ყველაზე დიდხანს რამდენი დღე გიშიმშილიათ?

- ყველაზე დიდი შიმშილობა გაგრძელდა 32 დღე და ამ დღეების მანძილზე ერთი ლუკმაც არ მიმიღია.

- საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ შიმშილობის დრო ჭამთ...

- როცა ადამიანი სინდისიერად და პატიოსნად შიმშილობს, რამდენიმე დღეში მის სისხლში და შარდში ეს აისახება. ვისაც ეჭვი შეეპარება ჩემს კეთილსინდისიერად შიმშილობაში, შემიძლია ჩემი შარდი გავუგზავნო და ჩაუტაროს ანალიზი. ვინც ჩემს წინააღმდეგ ცრუ ბარლდებას გააჟღერებს ყველას აუცილებლად დავსვამ საბრალდებო სკამზე და ძალიან დიდ "მაყუთს" გავაკეთებ. როგორ შეიძლება ვიტყუებოდე, მაშინ როცა ყოველი შიმშილობის მერე 10-12 კილოს მაინც ვიკლებ...

- სოციალურ ქსელში ბევრი წერს, რომ სწორედ წონის დაკლების მიზნით დაიწყეთ ეს შიმშილობა...

- მე დავიწყე შიმშილობა ძალიან დიდი პოლიტიკური მოთხოვნებით და პარალელურად სიკეთეც რომ მოჰყვეს ამ აქტს, რა არის ამაში ცუდი? მე რომ წონის გამო ვშიმშილობდე ასე ხმამაღლა კი არ ვიტყოდი, არამედ ჩუმად ვიშიმშილებდი, ყოველგვარი პოლიტიკის გარეშე.

- როცა შიმშილობთ ყველაზე მეტად, რომელი კერძი გენატრებათ?

- ყველაზე მეტად მენატრება კარგი ქეიფი... შიმშილობის პირველი ათი დღე ძლიერია საკვების მიღების მოთხოვნილება, მერე იკარგება... შიმშილობის დროს სუსტდება ორგანიზმი, მაგრამ როგორც არ უნდა დავსუსტდე, ინტერვიუს მიცემის თავიც ყოველთვის მექნება, მთავრობის შეყანყალებისაც და ლამაზი ქალებისაც...

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)