ბიძინა ივანიშვილი: მე რატომ უნდა დავბრუნდე?! - კვირის პალიტრა

ბიძინა ივანიშვილი: მე რატომ უნდა დავბრუნდე?!

ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა სამთავრობო ცვლილებებზე პირველი კომენტარი გააკეთა: "ელგუჯა ხორკიშვილი ჩემთვის ყველაზე სიმპათიური მინისტრი იყო," - განაცხადა მან "თბილისი მარიოტში" ორგანიზაცია "მოქალაქის" და "2030-ის" მიერ ორგანიზებული ეკონომიკური კონფერენციის დაწყებამდე.

როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ ასეთი მინისტრი წავიდა.

"მახსოვს მას ბრალდებები რომ წაუყენეს ბილეთებთან დაკავშირებით, როგორი პასუხი გასცა. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მინისტრი წავიდა. ამ კაცმა გენიალურ პიროვნებად წარმოაჩინა თავი. ვერ მოახერხა ოჯახის გადმოყვანა და ოჯახს უერთდება. სამწუხაროა, რომ ასეთი მაღალი სტანდარტის მინისტრი გადის მთავრობიდან, მაგრამ ჩემი ცხოვრების წესისთვის, აბსოლუტურად გასაგებია, რომ ოჯახი დააყენა წინ. წავიდა და გაერთიანდა ოჯახთან, სადაა აქაც კითხვები? ეს ნორმალური პროცესია. ერთი კაცი ავად გახდა, მეორე კაცს ოჯახთან გაერთიანება მოუნდა და ახსნა. რატომაა ამდენი აჟიოტაჟი? რატომ შფოთავთ ასე?", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ჩვეულებრივი პროცესია.

მისივე თქმით, ეს რომ ევროპაში მომხდარიყო, კითხვები არ გაჩნდებოდა. მისი თქმით, მთავრობის ახალი შემადგენლობა, პარლამენტისგან ნდობას აუცილებლად მიიღებს.

"მე ვფიქრობ, რომ კითხვაც არ ისმის, რომ ნდობას მიიღებს, რამეთუ გუნდს პარლამენტში ჰყავს უმრავლესობა. ხმების პრობლემა არ არსებობს. შიდა დაპირისპირებაზე მე არაფერი გამიგია. ვფიქრობ, რომ არავითარი პრობლემა არ იქნება ახალი მთავრობის დამტკიცების", - განაცხადა ივანიშვილმა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა იგი თავად ხელისუფლებაში დაბრუნებას, ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამის არავითარი მიზეზი არ არის. "მე რატომ უნდა დავბრუნდე, არ ჩანს ამის არანაირი მიზეზი", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპერსნიუსის" მასალების მიხედვით