"მომავალი არჩევნები ყველაზე მძიმე, პესიმისტური განწყობებით სავსე არჩევნები იქნება" - კვირის პალიტრა

"მომავალი არჩევნები ყველაზე მძიმე, პესიმისტური განწყობებით სავსე არჩევნები იქნება"

"2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს ის, ვინც ხალხს რეალურ ეკონომიკურ პროგრამას და წესრიგს შეთავაზებს."

"მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას საერთოდ არ აინტერესებს სად მუშაობს პრეზიდენტი"

"საზოგადოებრივი ნდობა ისეთი საეჭვო კრედიტია, რომელიც შეიძლება მოულოდნელად თვალსა და ხელს შუა გაქრეს"

"ღირებულებებზე ფიქრისთვის ადგილი არ რჩება იქ, სადაც კუჭია საფიქრალი".

პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებულ დაპირისპირებაზე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებზე, პოლიტიკის და სამართლის ცენტრის თავმჯდომარეს ამირან გიგუაშვილს ვესაუბრებით.

- ბატონო ამირან, ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური თემა პრეზიდენტ მარგველაშვილის საპრეზიდენტო სასახლეში ყოფნის ლეგიტიმურობაა. ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებობს თამაშის წესები, რომელსაც ყველა უნდა დაემორჩილოს, მათ შორის პრეზიდენტი. თავად პრეზიდენტი მარგველაშვილი აცხდებს, რომ ეს საკითხი მისი და ყოფილი პრემიერის პირადი დაპირისპირების გაგრძელებაა, რადგან იგი არ დათანხმდა ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილის ნების მორჩილი აღმსრულებელი. ამით პრეზიდენტმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ქვეყანაში მართლაც არსებობს გარკვეული წესები, რომელსაც ყველაზე ავტორიტეტული მოქალაქე, ბიძინა ივანიშვილი ადგენს და იგი ამ წესების დაუმორჩილებლობის გამო არის შერისხული. თქვენ რამდენად დამაჯერებელად გეჩვენებათ პრეზიდენტის ეს ვერსია, თუ საქმე მართლაც კვადრატულ მეტრებსა და საბიუჯეტო სახსრების დაზოგვაშია, რაზეც ბიძინა ივანიშვილი აკეთებს აქცენტს?

- როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველი ფეხის ნაბიჯზე საქმე გვაქვს საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ, არაპროპორციულ ხარჯვასთან. როდესაც ვხედავთ, რომ კვლავაც ხდება უზარმაზარი პრემიების თუ სახელფასო დანამატების გაცემა საჯარო სამსახურებში, როდესაც არსებობს ეჭვები სახელმწიფო ტენდერების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ცხადია ძალიან რთულია ამ ფონზე დავიჯეროთ, რომ საქმე მხოლოდ პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ ჭარბად ათვისებულ თუ აუთვისებელ კვადრატულ მეტრებშია. რეალურად ვის აინტერესებს დღეს ეს საკითხი? თუ ის ადამიანები, ვისაც დღეს პრეზიდენტ მარგველაშვილის საპრეზიდენტო სასახლეში ცხოვრება მიაჩნიათ მთავარ პრობლემად, გამოვლენ საკუთარი კაბინეტებიდან და ქუჩაში ხალხს შეეკითხებიან რა არის მათთვის მთავარი პრობლემა, აღმოაჩენენ, რომ ხალხს საერთოდ არ აინტერესებს სად ცხოვრობს და სად მუშაობს პრეზიდენტი მარგველაშვილი. ადამიანებს დღეს გაზრდილი საბანკო პროცენტები, გაუფასურებული ლარი, პროდუქტებზე გაძვირებული ფასები და უმუშევრობა აინტერესებთ. რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილისადმის ჭარბ ნდობას, ნუ დაგვავიწყდება, რომ საზოგადოებრივი ნდობა ისეთი საეჭვო კრედიტია, რომელიც შეიძლება მოულოდნელად თვალსა და ხელს შუა გაქრეს. ასე, რომ მე ასეთი თამამი ვერ ვიქნებოდი ამ თვალსაზრისით, თუმცა ცხადია, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ საკმარისზე დიდი რესურსი აქვს საზოგადოებრივი პროცესების მართვისათვის და იგი თავისი განცხადებებით თუ ქმედებებით სწორედაც ადგენს თამაშის წესებს ამ ქვეყანაში. რაც ჯანსაღი პროცესი ცხადია რომ არ არის, რადგან ქვეყანაში თამაშის წესებს უნდა ადგენდეს კონსტიტუცია და არა რომელიმე, თუნდაც ყველაზე ავტორიტეტული მოქალაქე.

- სწორედ არაფორმალური მმართველობის საფრთხეებზე მიუთითებენ ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციები. ამასვე იძახიან სულ რამდენიმე თვის წინ სახელისუფლებო კოალიციაში მყოფი თავისუფალი დემოკრატები. თავად ყოფილი პრემიერი კი ყველას ვინც ამის შესახებ აკეთებს განცხადებებს, ნაციონალურ მოძრაობასთან ალიანსში დებს ბრალს. რამდენად დამაჯერებლად გამოიყურება არასამთავრობო სექტორის და თავისუფალი დემოკრატების ფარული თუ სამომავლო ალიანსი ნაციონალურ მოძრაობასთან?

- საერთოდ ერის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყანაში პიროვნებებს უფრო დიდი ავტორიტეტი აქვთ, ვიდრე კანონებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანაში მასიურად და მიზანმიმართულად მიმდინარეობს საერო თუ სასულიერო პიროვნებების კულტის ზრდა და ამაში ყველაზე აქტიურად სწორედ პოლიტიკოსები მონაწილეობენ. საბოლოოდ ეს აუცილებლად საზოგადოების დეგრადაციამდე მიგვიყვანს, რადგან კაცობრიობის მთელი ისტორია, სწორედ პიროვნებების კულტის მსხვრევის და თაობების იმედგაცრუების ისტორიაა. რაც შეეხება არასმთავრობო ორგანიზაციების თუ თავისუფალი დემოკრატების და ნაციონალური მოძრაობის ალიანსს, ეს საპნის ოპერების მოყვარულ მაყურებელზეა გათვლილი. სიმართლე როგორც ყოველთვის გაცილებით უფრო პროზაულია ხოლმე. არსებობს კონკრეტული ინტერესები და თუ მოხდა ამ ინტერესების თანხვედრა, შეიძლება შედგეს პარტნიორობა. ასეთივე წარმატებით შეიძლება ითანამშრომლონ ნაციონალურმა მოძრაობამ და ქართულმა ოცნებამ. მით უმეტეს, რომ ე.წ. "გაქოცებული ნაცებით" სავსეა როგორც პარლამენტი, ისე ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოები. ასევე ნუ დაგვავიწყდება, რომ მალე საპარლამენტო არჩევნები მოდის, რომელშიც აშკარაა, რომ ერთპიროვნულ გამარჯვებას ვერც ერთი ცალკე აღებული სუბიექტი ვერ მოახერხებს.

- ყველა თანხმდება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტიები სხვადასხვა კოალიციებში დაჯგუფდებიან. რა ღირებულებების ირგვლივ მოხდება მათი გაერთიანება. პროდასავლელობის, პრორუსობის, თუ პოლიტიკური იდეოლოგიების ნიშნით?

- ეს იქნება ალბათ ყველაზე მძიმე, პესიმისტური განწყობებით სავსე საპარლამენტო არჩევნები. აბსოლიტურად სწორია ირაკლი ალასანიას განცხადება, რომ 2016 წელს უნდა მოხდეს არა პიროვნებების წინააღმდეგ, არამედ ღირებულებების ირგვლივ გაერთიანება. სხვა საკითხია, რამდენად არის ჩვენი საზოგადოება მზად ამისთვის. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დღეს შიმშილობის ზღვარზეა ამ სიტყვის ყველაზე მძიმე და პირდაპირი გაგებით. ამიტომაც მომავალ არჩევნებში ხალხი გაჰყვება არა პროდასავლურ ან პრორუსულ პარტიას. არა ლიბერალურ ან კონსერვატიულ ღირებულებებს, არამედ მათ ვინც რეალურ ეკონომიკურ პროგრამას და წესრიგს შეთავაზებს. ღირებულებებზე ფიქრისთვის და ინსპირაციისათვის ადგილი არ რჩება იქ, სადაც კუჭია საფიქრალი. ეს ის მწარე რეალობაა, რომელსაც ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ.

ზაალ აბულაძე (სპეცალურად საიტისთვის)