მინდია ჯანელიძეს თინა ხიდაშელი შეცვლის?! - ქვეყანა ახალი მთავრობის მოლოდინში - კვირის პალიტრა

მინდია ჯანელიძეს თინა ხიდაშელი შეცვლის?! - ქვეყანა ახალი მთავრობის მოლოდინში

ტელეკომპანია "იმედმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტზე მინდია ჯანელიძე შესაძლოა "რესპუბლიკელმა" თინა ხიდაშელმა თინა ხიდაშელმა შეცვალოს.

დაანონსებულია, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას ხვალ, 10:00 საათზე დაასახელებს.

ჯერ კიდევ გუშინ ღარიბაშვილი ამბობდა, რომ მთავრობაშიახალი მხოლოდ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრები იქნებოდნენ. მაგრამ დღეს უკვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა სხვა ცვლილებებიც მოხდეს. დეპუტატი თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. როგორც ხიდაშელმა განაცხადა, მინისტრებთან დაკავშირებით განცხადებას თავად პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გააკეთებს.

"ვერაფერს გეტყვით, რადგან პრემიერ-მინისტრი თავად გააკეთებს განცხადებას. მე დღეს უკვე გავაკეთე კომენტარი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს მთავრობასთან დაკავშირებით ბევრ თემაზე. ამაზე პრემიერი თავად გააკეთებს განცხადებას. როდესაც ხარ პოლიტიკაში, ყველაფერს ეთანხმები", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთიმა ლიდერმა მანანა კობახიძემ განაცხადა:

"პრემიერის ექსკლუზიური უფლებაა დაასახელოს, ვის სად განიხილავს, რომელ ვაკანსიაზე. მან უნდა წარმოგვიდგინოს კანდიდატები და თვითონ განახორციელოს ამ პირების დანიშვნა. შემდეგ უკვე პრეზიდენტმა უნდა წარმოგვიდგინოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა. ვიტყვი როგორც ქალი დეპუტატი, ქალის გამინისტრება, რა თქმა უნდა ჩემთვის, როგორც ქალი პოლიტიკოსისთვის, არის პოზიტივი და მისაღები."

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძალოა სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე ოთარ დეანელია აღარ წარადგინონ. რაც შეეხება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის სავარძელს, როგორც ამბობენ, მას, სავარაუდოდ, შსს-ს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე დაიკავებს. გარემოსა და ბუნებრივი დაცვის მინისტრის სავარაუდო ერთ-ერთ კანდიდატურად მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს ნინო კობახიძეს ასახელებენ, თუმცა მეორე ვერსიით ამ პოსტს "რესპუბლიკელი" გიგლა აგულაშვილი დაიკავებს, რომელიც ამჟამად პარლამენტის აგრალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

გამოყენებულია "ინტერპრესნიუსის" მასალები