საქართველოს თავდაცვის პირველი ქალი მინისტრი ეყოლება - ვინ დადო "რესპუბლიკელებზე" ფსონი?! - კვირის პალიტრა

საქართველოს თავდაცვის პირველი ქალი მინისტრი ეყოლება - ვინ დადო "რესპუბლიკელებზე" ფსონი?!

საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა მთავრობის ახალი შემადგენლობის წარდგენას. როგორც დანონსებული იყო, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1-ლ მაისს, 10 საათზე წარმოადგინა მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელსაც პარლამენტმა უახლოეს მომავალში ნდობა უნდა გამოუცხადოს. თავდაპირველად ღარიბაშვილი ამბობდა, რომ მთავრობაში ახალი მხოლოდ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრები იქნებოდნენ, თუმცა ასე არ მოხდა და მან ორის ნაცვლად მინისტრობის სამი ახალი კანდიდატი წარადგინა. პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენს ქვეყანას ეყოლება პრველი ქალი მინისტრი. ამ პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა "რესპუბლიკელი" თინა ხიდაშელი წარადგინა.

პრემიერ-მინისტრმა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრის პოსტზე ტარიელ ხეჩიკაშვილი დაასახელა. მისი თქმით, ის წარმატებული ბიზნესმენი, კარგი მენეჯერი და ამავდროულად სპორტული სფეროთი დაკავებული პირია. ის გახლავთ "იბერია ბიზნესჯგუფის" ხელმძღვანელი და ფლობს საფეხბურთო კლუბ "საბურთალოს".

ღარიბაშვილმა განაცხდა, რომ ხეჩიკაშვილი წლების განმავლობაში ქართული სპორტის ქომაგი იყო და ამ მიმართულებით არაერთხელ უქველმოქმედია. ღარიბაშვილმა საზოგადოებას ასევე აუწყა, რომ მას შვიდი შვილი ჰყავს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კი ასევე "რესპუბლიკელი" გიგლა აგულაშვილი გახდება, რომელიც დღემდე აგრალურ სკითხთა საპარლამენტო კომიტეტს ხელმძღვანელობდა.

მას მერე, რაც დამტკიცდება მთავრობა, პარლამენტში ორი ადგილი გამოთავისუფლდება. ვინაიდან თინა ხიდაშელი არის საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი, სავარაუდოდ, ამ რაიონში შემოდგომაზე ჩატარდება შუალედური არჩევნები. გიგლა აგულაშვილის ადგილს კი კოალიციის საპარლამენტო სიიდან "რესპუბლიკელთა" წარმომადგენელი დაიკავებს.

ყველა ელოდა, რომ შექმნილი ეკონომიკური ვითარების გამო, რაიმე ცვლილება იქნებოდა მთავრობის ეკონომიკურ გუნდში, თუმცა ეს არ მოხდა, რატომ შეიცვალა ჯანელიძე, უცნობია, მას პრემიერმა ძველი თანამდებობის - უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს თავმჯდომარის პოსტის დაკავება შესთაავზა.

რას ნიშნავს რესპუბლიკური პარტიის მთავრობაში ასეთი მასშტაბით წარმოდგენა, ეს შეიძლება მივიჩნიოთ დასავლეთისთვის გზავნილად, მით უფრო თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელის დანიშვნა. ასევე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა და კოალიხცია "ქართულმა ოცნებამ" ფსონი მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის სწორედ "რესპუბლიკელებზე" დადეს.  შესაძლოა მომხდარი ორივე მოტივით იყოს განპირობებული.