ნოდარ პაპუკაშვილი: პრემიერ-მინისტრის მიერ მინისტრების დანიშვნა კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება - კვირის პალიტრა

ნოდარ პაპუკაშვილი: პრემიერ-მინისტრის მიერ მინისტრების დანიშვნა კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება

"პერსონიფიცირებული" და "ქართველური ჩანახატებით" გაჯერებული კონსტიტუცია უახლოეს მომავალში ოპერატიულ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.”

როგორც კონსტიტუციური სამართლის დოქტორი, პროფესორი ნოდარ პაპუკაშვილი აცხადებს - არანაირი საკონსტიტუციო ჩანაწერი პრემიერ-მინისტრს არ ართმევს უფლებას მოვალეობის შემსრულებლებად დანიშნოს მინისტრები, თუნდაც ნდობის ვოტუმის მოპოვების მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესში

როდესაც საუბარია პარლამენტის ნდობის გამოცხადებამდე პრემიერ-მინისტრის მიერ მინისტრების დანიშვნის მართლზომიერებაზე, მიზანშეწონილია გაიმიჯნოს ორი საკითხი. პირველი, ეს არის ვითარება, როდესაც კანონიერი საფუძვლის გამო ხდება მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტა და ასეთ დროს, კონსტიტუცია ნათლად მიუთითებს სავალდებულო პროცედურების თაობაზე მთავრობის ლეგიტიმაციის უზრუნველყოფისთვის. მეორე შემთხვევაა, როდესაც იცვლება გამოცხადებული მთავრობის მინისტრთა 1/3, შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია პარლამენტის მხრიდან ხელახლა მოიპოვოს ნდობა, ხოლო, ამ დროს, კონსტიტუციური წესრიგის დასაცავად, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, ასეთ ვითარებაში, ითვლება თუ არა მთავრობა უფლებამოსილება შეწყვეტილად.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პირველ შემთხვევაში ყველაფერი ნათელია და ერთი შეხედვით ამ მარტივ სამართლებრივ კაზუსს არეგულირებს საქართველოს კონსტიტუციის 80 პრიმა მუხლი, რომლის თანახმად მთავრობის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის იმავე შემადგენლობას აკისრებს მოვალეობის შესრულებას ახალი შემადგენლობის შექმნამდე. თუ განვიხილავთ მთავრობას უფლებამოსილებაშეწყვეტილად, ასეთ ვითარებაში, პრეზიდენტი ვალდებული იყო გამოეცა აქტი მოქმედი მთავრობისთვის დროებით უფლებამოსილების დაკისრების თაობაზე, რის შემდეგაც ყველა პროცესი წარიმართებოდა საკონსტიტუციო ჭრილში და ზედმეტი კითხვებიც არ გაჩნდებოდა.

რამდენადაც, კონსტიტუცია პირდაპირ არაფერს ამბობს და შესაბამისად, პრაქტიკაც იქეთკენ წავიდა, რომ მთავრობა უფლებამოსილებაშეწყვეტილად არ იქნა აღიარებული, ჩემი აზრით, აღნიშნული კაზუსი მართებულად იქნა აღქმული კონსტიტუციონალისტების მიერ, გამოდის, რომ მთავრობას, მათ შორის, პრემიერ-მინისტრს გააჩნია სრული კომპეტენცია, რომელიც მას კონსტიტუციამ მიანიჭა, მათ შორის, მინისტრების დანიშვნის უფლებაც. აღნიშნულ ჭრილში, საკამათო აღარ უნდა იყოს იმ სამი მინისტრის ლეგიტიმაციის საკითხი, რომლებიც ნდობის ვოტუმის მოპოვების მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესში იქნენ დანიშნულნი, რადგან კონსტიტუციის თანახმად ყველა მინისტრი, მათ შორის ის სამიც, ხელახლა დანიშვნა/გადანიშვნას ექვემდებარება პრემიერ-მინისტრის მიერ.

გამომდინარე აქედან, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის 81 პრიმა მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პარლამენტის მიერ მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება ხდება კონსტიტუციის მე-80 პრიმა მუხლით დადგენილი წესით, ანუ, პრემიერ-მინისტრის მიერ მინისტრების დანიშვნა უნდა განხორციელდეს პარლამენტის მხრიდან ნდობის ვოტუმის მინიჭების შემდეგ, აღნიშნული საკონსტიტუციო ჩანაწერიც კი პრემიერ-მინისტრს არ ართმევს უფლებას მოვალეობის შემსრულებლებად დანიშნოს მინისტრები, თუნდაც ნდობის ვოტუმის მოპოვების მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესში, მის მოპოვებამდე.

გარდა ზემოაღნიშნული კაზუსის ბუნდოვანი რეგულაციისა, კონსტიტუცია მომავალშიც ბევრ სიურპრიზს გვიმზადებს. მთლიანობაში კი, ეს არის შედეგი იმ საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობისა, რომლის მუშაობამ მიგვაღებინა, როგორც ჩემი პედაგოგი პროფესორი ოთარ მელქაძე იტყოდა, "პერსონიფიცირებული" და "ქართველური ჩანახატებით" გაჯერებული კონსტიტუცია და რომელიც უახლოეს მომავალში ოპერატიულ ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს.