"ან ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში ანაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს" - კვირის პალიტრა

"ან ივანიშვილი უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში ანაც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს"

,,გვაქვს კონსტიტუცია, რომელიც კრიზისებს კი არ აგვარებს, არამედ ქმნის"

,,ნაციონალებს" ხელს აძლევთ ის სიტუაცია, რომელიც დღეს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებობს"

ბოლო დროს ქვეყნის კონსტიტუცია არაერთხელ გახდა ინტერპრეტაციების და პოლიტიკური სპეკულაციების ობიექტი. ყველაზე დიდი პოლემიკა სახელმწიფოს ცხოვრებაში პრეზიდენტის როლისა და ადგილის განსაზღვრის ირგვლივ მიმდინარებდა. ფაქტია, კონსტიტუციას ყველა თავისებურად კითხულობს და განმარტავს. როგორც ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, ,,ჩვენ ისეთი კონსტიტუცია გვაქვს, მუდმივად დარტყმების მოგერიების რეჟიმში ამყოფებს ხელისუფლებას და არ აძლევს საქმეზე კონცენტრაციის საშუალებას." ხელისუფლება კი, ძირეული ცვლილებებს, რატომღაც, მუდმივი მოგერიების რეჟიმში ყოფნას ამჯობინებს. ებრძვის პრობლემას და არა პრობლემის გამომწვევ მიზეზებს. რატომ მიიჩნევს ხელისუფლება კონსტიტუციის და საკანონმდებლო ბაზის დახვეწას ცუდ ტონად? ხომ არ არის ეს წინა ხელისუფლების ქმედებებისგან გაჩენილი კომპლექსი, როცა კონსტიტუცია და კანონები ხშირად იცვლებოდა კონკრეტული ჩინოვნიკების სასარგებლოდ? - ჩვენს კითხვებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე პასუხობს.

- კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა გართულებული უნდა იყოს, ოღონდ იმ მიზნით, რომ ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა პოლიტიკურმა ძალამ საკუთარ თავზე მისი მორგება ვერ შეძლოს. ამის თავიდან ასაცილებლად ერთი ცნობილი შესაძლებლობა არსებობს, თუმცა მისი მიღება ამ ეტაპზე არავის სურს. საქმე შეეხება მოქმედი პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ხმათა 2/3-ით და ორი მოსმენით მიღებას. ოღონდ შესწორებული ვარიანტი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა შევიდეს ძალაში, თუ მას ახლადარჩეული პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცებს. ეს, ფაქტობრივად, იმის დაზღვევა იქნება, რომ კონსტიტუციაში არ შევა იმ სახის ცვლილებები, რასაც დღემდე ჰქონდა ადგილი. 2004 წლიდან მოყოლებული კონსტიტუციაში ცვლილებები მხოლოდ იმ მიზნით ხორციელდებოდა, რომ ის ქვეყნის პირველ პირზე ყოფილიყო მორგებული. მოგეხსენებათ, დღეს არსებული კონსტიტუციაც 2010 წელს სწორედ ამ შედეგზე იყო გათვლილი, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. იმ მოდელის მიხედვით, რომელზეც მე ვლაპარაკობ, პარლამენტი არ შეეცდება კონსტიტუცია საკუთარ ინტერესებს მოარგოს, რადგან მომავალ საკანონმდებლო ორგანოში მას გარანტირებული უმრავლესობის მოლოდინი ვერ ექნება.

- პოლიტიკური სპეკულაციის საგანი არაერთხელ გამხდარა პრეზიდენტის უფლებები და სახელმწიფოს ცხოვრებაში მისი ადგილის განსაზღვრის საკითხი. ამ ბოლო დროს ინტერპრეტაციების საგნად პარლამენტის ნდობის გამოცხადებამდე პრემიერ-მინისტრის მიერ სამი მინისტრის დანიშვნა იქცა...

- ჯერ კიდევ 2010 წელს, როდესაც კონსტიტუცია იცვლებოდა, მე და სხვა არაერთი კონსტიტუციონალისტი ვამბობდით, რომ ეს იქნებოდა კონსტიტუცია, რომელიც კრიზისებს კი არ მოაგვარებდა, არამედ შექმნიდა. ახალი ხელისუფლების მოსვლასთან დაკავშირებული ჩემი მოლოდინი ძირითადად ამ ხარვეზების გასწორებას, საკონსტიტუციო და სახელმწიფო მოწყობის კომისიის შექმნას და მის აქტიურ მუშაობას უკავშირდებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ჭაობიდან ვერასდროს ამოვალთ, რეალურ დემოკრატიულ ინსტიტუტებს ვერ შევქმნით და სტაბილურ განვითარებას ვერ დავიწყებთ, თუ სახელმწიფოს პოლიტიკურ მოწყობას არ შევცვლით. 81 პრიმა მუხლი, სადაც მთავრობის განახლებაზეა ლაპარაკი, შესაცვლელია, მაგრამ ჩვენ თუ ცალკეული მუხლების ცვლილებას დავიწყებთ და არ მოვახდენთ კონსტიტუციის მთლიანობაში გააზრებას, ასეთი კაზუსები ყოველთვის იქნება. 2010 წლის შემდეგ ცალკეულ მუხლებში არაერთი შესწორება შევიდა, მაგრამ ამან სხვა მუხლებთან წინააღმდეგობები წარმოშვა.

- კონსტიტუციონალისტების, და არა მხოლოდ მათი მხრიდან, დაისვა კითხვა, რამდენად ადეკვატურია, რომ მთავრობის განახლების შემთხვევაში ქვეყნის პირველი პირი წარადგენს მას პარლამენტში?

- ვინ უნდა წარადგინოს მთავრობის განახლებული შემადგენლობა პარლამენტში, კონსტიტუციაში ეს წერია. პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს. კონსტიტუციას ხომ არ დავარღვევთ. ამასთან დაკავშირებით თუ ვინმეს სხვა მოსაზრება აქვს, საამისოდ საკონსტიტუციო კომისია არსებობს, რომელიც, მართალია, ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ მაინც ,,მუშაობს." აქვს თუ არა აზრი საკითხის საკონსტიტუციო კომისიაში დაყენებას, ესეც საკითხავია. "ნაციონალებს" ხელს აძლევთ ის სიტუაცია, რომელიც დღეს პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებობს. პიარის თვალსაზრისით ეს მათთვის მომგებიანია. იმის მიუხედავად, მიიღებენ თუ არა მას, რამენაირად უნდა მოვახერხოთ ისეთი კონსტიტუციის შექმნა, რომელიც ქვეყნის ინტერესებს მოერგება და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის.

- როგორც თქვენგან არაერთხელ მომისმენია, მომხრე ხართ იმის, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. რატომ?

- როდესაც ამაზე ვლაპარაკობდი, მხედველობაში მქონდა ის გარემოება, რომ არჩევნები ზუსტად განსაზღვრავს, სად იქნება ივანიშვილი. ან ის უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში და სახელისუფლებო გუნდს ჩაუდგეს სათავეში, ან უნდა ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ის ჯგუფი, რომელიც იბრძოლებს ხელისუფლებაში მოსასვლელად, თავისუფალი იქნება იმ კომპლექსისგან, რომ ისინი ივანიშვილმა მოიყვანა. ბოლოსდაბოლოს, დასრულდება ლაპარაკი იმაზე, რომ ქვეყანას ივანიშვილი მართავს.

- რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, თქვენ მას ხელისუფლებისთვის, ხოლო რევოლუციური მდგომარეობების დროს ოპოზიციისთვის ხელსაყრელი კოდექსი უწოდეთ. ამჟამად აქტუალურია მაჟორიტარების საკითხი. თუმცა თქვენ არც მხოლოდ პროპორციული სიებით დაკომპლექტების მომხრე ხართ. რა არის ის მესამე ვარიანტი, რაც ამ ორ უკიდურესობას გამორიცხავს?

- ბოლო ათი წელია ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც ამბობს, რომ დეპუტატები მაჟორიტარული სისტემით ავირჩიოთ, მაგრამ ხმის მიცემის წესი შევცვალოთ. ამომრჩეველი უნდა დავავალდებულოთ, რომ მან ხმა მისცეს აუცილებლად სამ მისთვის სასურველ კანდიდატს, რომელთა შეფასებაც ნუმერაციის მიხედვით ათი, ცხრა და რვა ქულით მოხდება. 150 მაჟორიტარულ ოლქში მხოლოდ პარტიებს უნდა ჰქონდეთ კანდიდატების წარდგენის უფლება, რათა დავასრულოთ არაპოლიტიკოსი დეპუტატების ეპოქა. ერთადერთი, რაზეც ამ მოდელის საპირისპიროდ აპელირებენ, არის ის, რომ ამომრჩეველთა დავალდებულებით ადამიანის უფლებები შეიზღუდება. მაგრამ ამ ვალდებულების გარეშე სხვა ყველაფერი აზრს დაკარგავს. ეს სისტემა დაამთავრებს საქართველოში არჩევნების გაყალბების ეპოქას. გარდა ამისა, დასრულდება ერთკაციანი პარტიების ეპოქაც. რადგან პარტია თვითონ წარადგენს სიას და კოალიციაში მოხვედრით ფონს გასვლას ვეღარ მოახერხებს.

დღევანდელი პოლიტიკური სპექტრის პარტიული ელიტა იბრძვის იმისთვის, რომ როგორმე გამსვლელ სიაში მოხვდეს. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როდესაც ვამბობდი, რომ პროპორციული სია არის პარტიული ელიტის სია. ასეთ პირობებში, სერიოზული პოტენციალის მქონე რიგით წევრს, თუ ის ელიტასთან დაახლოებას ვერ მოახერხებს, განვითარების შესაძლებლობა არ ეძლევა. იმ საარჩევნო სისტემით კი, რომელზეც მე ვლაპარაკობ, საარჩევნო რინგის წესებს პარტიულ ელიტასთან სიახლოვე არ განსაზღვრავს, არამედ თანაბარ პირობებში მოუწევს ბრძოლა როგორც ლიდერს, ასევე, რიგით წევრს. ამით დასრულდება ხანგრძლივვადიანი მუდმივი თავმჯდომარეობის ეპოქაც. ულოგიკო და უხერხული იქნება თავმჯდომარედ იმ პირის დარჩენა, რომელსაც რიგითმა წევრმა აჯობა არჩევნებში.

რაც მთავარია, ასეთი პარლამენტი დამოუკიდებელი იქნება. დღეს მთელმა პარლამენტმა და მთავრობამ იცის, რომ ისინი მხოლოდ ერთი კაცის დამსახურებით იმყოფებიან ხელისუფლებაში.

ნონა ბურნაძე (სპეციალურად საიტისთვის)