"ანქვაბი რუსეთში უსაფრთხოების გარანტების არარსებობის გამო ვერ წავიდოდა" - მკურნალობს თუ - არა, დე ფაქტო ექსლიდერი თბილისში? - კვირის პალიტრა

"ანქვაბი რუსეთში უსაფრთხოების გარანტების არარსებობის გამო ვერ წავიდოდა" - მკურნალობს თუ - არა, დე ფაქტო ექსლიდერი თბილისში?

გურამ ოდიშარია: მას არც რუსეთში და არც ევროპულ ქვეყნებში სამკურნალოდ წასვლის პრობლემა არ აქვს, თუმცა, თეორიულად მაინც ვუშვებ, რომ ანქვაბი შეიძლება აქ მკურნალობდეს.

"დღემდე არსებობს სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები, უბრალოდ, ამის წამოწევას ვერავინ ბედავს..."

ვიდრე საქართველოში აქტიურად განიხილავდნენ აფხაზეთის დე ფაქტო ექსპრეზიდენტის თბილისში მკურნალობის შესაძლებლობას, სოჭში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერ რაულ ხაჯიმბას შეხვდა. თითქმის ერთსაათიან შეხვედრაზე მთავარი თემა  "მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ" გასული წლის ნოემბერში გაფორმებული შეთანხმების რეალიზების საკითხი იყო.

ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დე ფაქტო ექსპრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი, რომელმაც თავის დროზე ამ შეთანხმებაზე რუსეთს ხელი არ მოუწერა, თბილისში მკურნალობს. ერთ-ერთი ვერსიით, ცოტა ხნის წინ, მან გულის ოპერაცია გაიკეთა, თუმცა მისი მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ამიტომაც მისი სასწრაფოდ თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო. როგორც წყარო ამბობს, ანქვაბის თბილისში ჩამოყვანისა და მკურნალობის ფაქტი მკაცრად გასაიდუმლოებულია. აფხაზეთიდან სამკურნალოდ ჩამოსულთა ვინაობა ისედაც კონფიდენციალურია, მით უმეტეს, ორმაგად დაცულია ინფორმაცია, თუ კი სამკურნალოდ აფხაზი ყოფილი მაღალჩინოსანი ჩამოდის.

კულტურის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარია გავრცელებულ ვერსიას არ გამორიცხავს:

- ეს ინფორმაცია მეც მედიიდან გავიგე, მიუხედავად იმისა, რომ მას დიდი ხანია ვიცნობ. ისიც ვიცი, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები დიდი ხანია უკვე აწუხებს, თუმცა ცოტა საეჭვოდ მეჩვენება თბილისში ჩამოსულიყო სამკურნალოდ. მას არც რუსეთში და არც ევროპულ ქვეყნებში სამკურნალოდ წასვლის პრობლემა არ აქვს, თუმცა, თეორიულად მაინც ვუშვებ, რომ ანქვაბი შეიძლება აქ მკურნალობდეს.

- რატომ მხოლოდ თეორიულად? თავად მისაუბრია აფხაზეთიდან გადმოსულ მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ის ახალგაზრდა ბიჭები გადმოდიან ხშირად, რომლებსაც C ჰეპატიტი აწუხებთ. უთქვამთ, რომ მომსახურებითაც ძალიან კმაყოფილნი არიან და მხოლოდ მგზავრობაში ეხარჯებათ ფული...

- დიახ, გვაქვს ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები, რომლითაც აფხაზეთისა და და სამაჩაბლოს მოსახლეობაც სარგებლობს. ახლა C ჰეპატიიტთან დაკავშირებითაც გვაქვს ახლი პროგრამა და ამას ალბათ უფრო მეტი აქტიურობა მოჰყვება.

თბილისში გავრცელებული ინფორმაციას გადაჭრით არც აფხაზეთში გამორიცხავენ. ჩვენი აფხაზი რესპონდენტის თქმით, მსგავსი ინფორმაცია აფხაზეთში გავრცელდა და არავის გაჰკვირვებია, რასაც ორი რამით ხსნიან:

- აფხაზეთიდან საქართველოში (! - ლ.პ.) სამკურნალოდ წლებია უკვე ჩამოდის ხალხი, ანქვაბის ჩამოსვლა ერთი შეხედვით ცოტა გასაკვირი კია, მაგრამ თუ კარგად დავფიქრდებით ამაში უცნაური სულაც არაფერია. საქმე ისაა, რომ ჯერ ერთი, ანქვაბი თბილისში კარგა ხნის განმავლობაში ცხოვრობდა და მუშაობდა, იქ უამარავ ადამიანს იცნობს, მეორეც ალექსანდრე ანქვაბი ის პერსონაა, რომელიც წლების განმავლობაში ყელში ეჩხირებოდა რუსეთს, სწორედ მან არ ამოუწერია ხელი იმ დოკუმენტზე, რომლის ფარგლებშიც რუსეთი აფხაზეთს "ერთიანი ჯარის" შექმნას და საზღვრის ერთობლივ კონტროლს სთავაზობდა. სწორედ ამიტომ მოუწყვეს მას გადატრიალება და ახლა ყველამ იცის, რომ მაშინ ანქვაბს უკან რომ არ დაეხია, შესაძლოა ყველაფერი სხვაგვარად განვითარებულიყო. ასე რომ, დღეს თუ კითხვა ისმის, რატომ არ წავიდოდა ანქვაბი სამკურნალოდ რუსეთში, ამაზე პასუხი არსებობს, - იმიტომ, რომ მას არ ჰქონდა უსაფრთხოების გარანტია. სხვათა შორის დღემდე არსებობს სერგეი ბაღაფშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვები, უბრალოდ, ამის წამოწევას ვერავინ ბედავს...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)