სად ცხოვრობს ადეიშვილის ოჯახი, რატომ გაყიდა ბინა საქართველოში და როგორ ხსნის ინტერპოლის მიერ მისი ძებნის შეწყვეტას?! - კვირის პალიტრა

სად ცხოვრობს ადეიშვილის ოჯახი, რატომ გაყიდა ბინა საქართველოში და როგორ ხსნის ინტერპოლის მიერ მისი ძებნის შეწყვეტას?!

"როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით, ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ინტერპოლთან"

"ჩემი ახლობლები, რა თქმა უნდა, წუხან იმის გამო, რომ სახლში არ არიან, ეს ჩემი შვილებისთვის სტრესია."

"ტრაგედიაა, რომ ისეთი ოდიოზური ფიგურა, როგორიც ზურაბ ადეიშვილია, გაჭირვებაში მყოფ უკრაინას ჭკუას არიგებს," - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მისი წინამორბედის ზურაბ ადეიშვილის მიერ უკრაინული მედიისთვის მეცემული ინტერვიუს შეფასებისას.

"ინტერვიუ ვნახე და მომეჩვენა, რომ წარსული მელაპარაკებოდა. ეს არის ის წარსულის რეცეპტები, მექანიზმები, რომელმაც საქართველოში ძალიან ბევრი უბედურება მოიტანა და რატომღაც ახლა ამ უბედურების შემქმნელი ერთ-ერთი ავტორი სხვა ქვეყანაში მოიაზრება დემოკრატიის მშენებლად. ეს თავისთავად არის ტრაგედია. მაგრამ მე სხვა ინფორმაციაც მაქვს, რომ მისით, მისნაირი სხვა მრჩევლების მიმართ უკრაინის საზოგადოებაში იზრდება გაღიზიანება. მე ვეტყოდი უკრაინელებს, რომ ამ რჩევებს არანაირი ფასი არა აქვს. ყველა ციხეში, დააპატიმრეთ მოსამართლე და რეპრესიით ებრძოლეთ მთელ ნომენკლატურას და სახელმწიფო მანქანას – ეს არ ამართლებს. რა თქმა უნდა, დანაშაული უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეს შიშველი ძალადობა, რომელსაც ჩემი წინამორბედი ქადაგებს, არ ამართლებდა საქართველოში და არ გაამართლებს უკრიანაში", - განაცხადა წულუკიანმა.

ზურაბ ადეიშვილი საქართველოში ყოფნისას ყოველთვის სიტყვაძუნწობით გამოირჩეოდა, ის, ფაქტობრივად, არ ჩნდებოდა მედიასთან, არასდროს აკეთებდა კომენტარს... შესაბამისად, ვფიქრობთ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება რა განაცხადა მან უკრაინულ ინტერნეტგამოცემა "გლავკომთან". გთავაზობთ ინტერვიუს მცირედ შემოკლებულ ვარიანტს:

ზურაბ ადეიშვილი: საქართევლოში 3 წლის განმავლობაში მოსამართლეთა 10% დავაკავეთ, რატომაც არ უნდა გააკეთოთ თქვენც იგივე?!

- რას მიიჩნევთ საქართველოში თქვენს ყველაზე დიდ პირად მიღწევად?

- მე გახლდით იმ ახალი ადმინისტრაციული კოდექსისა და ინფორმაციის შესახებ კანონის ავტორი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო გახდა ვალდებული საჯარო გაეხადა ის ინფორმაცია, რაც მანამდე საზოგადოებისთვის დაფარული იყო. როდესაც სახელმწიფო უშიშროების მინისტრი გავხდი, ჩვენ შევძელით და აჭარაში დავასრულეთ სეპარატისტული განწყობები, ეს ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია. საქართველოსთვის აჭარის წართმევა უნდოდათ ისევე, როგორც უკრაინას წაართვეს ყირიმი. ჩემი გენერალური პროკურორობისა და იუსტიციის მინისტრობის დროს კი საქართველო ყველაზე კორუმპირებული და კრიმინალური ქვეყნიდან, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად გარდაიქმნა.

- როგორ ფიქრობთ, საქართველოში უყვარხართ იმისთვის, რაც გააკეთეთ?

- არ შემიძლია ვთქვა საქართველოში ხალხს ვიყვარვარ, თუ -არა. ჩემი აზრით, პოლიტიკოსები საერთოდ არც უნდა უყვარდეთ. მთავარია ისაა, თუ რას დატოვებენ ისინი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. ჩვენი მთავარი მემკვიდრეობა ისაა, რომ საქართველო ერთ- ერთი ყველაზე არაკორუმპირებული და უსაფრთხო ქვეყანაა და რომ დღეს საქართველოში არსებობს ყველაზე თანამედროვე სახელმწიფო მომსახურების ცენტრები.

- რატომ დაინიშნა უკრაინის გენპროკურორის მოადგილედ თქვენი ყოფილი ხელქვეითი დავით საყვარელიძე და არა - თქვენ?

იმიტომ, რომ საჭირო მუშაობის შესაძლებლობა ახალგაზრდებს მივცეთ - დავით საყვარელიძე 33 წლის, ახალგაზრდა და მეტად გამოცდილი კადრია. მას წარმატებული რეფორმების განსახორციელებლად ყველა საჭირო თვისება აქვს. ახლა 42 წლის ვარ, თუმცა როცა საქართველოს იუსტიციის მინისტრად დავინიშნე 31 წლის ვიყავი.

- ვინ მოგიწვიათ უკრაინაში და რამდენი ხანია, რაც აქ ხართ?

- მე და ჩემი გუნდი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გასული წლის შემოდგომაზე მოგვიწვია. ამ ხნის განმავლობაში მოვასწარი რჩევებით დავხმარებოდი გენერალურ პროკურატურასა და უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროს.

- თქვენი აზრით, უკრაინის გენპროკურატურა შეძლებს კორუფციასთან გამკლავებას? ჯერჯეროთ ცვლილებების ნიშნები არ ჩანს...

- ჩემთვის მეტად ნაცნობი ვითარებაა, როდესაც სამართალდამცავი ორგანოების წინაშე მთავარი ამოცანა კორუფციასთან ბრძოლა არ არის. როდესაც საქართველოს გენპროკურორი გავხდი, ჩვენ გვქონდა ამ ბრძოლის პოლიტიკური ნება, მაგრამ არ გაგვაჩნდა სათანადო მექანიზმები და გამოცდილება. რთული იყო, იმ გამომძებლებისა და პროკურორებისთვის კორუფციასთან ბრძოლის დავალება, რომელთაც საკუთარი საქმიანობა ბიზნესად და პირადი გამდიდრების წყაროდ მიაჩნდათ. ჩვენ შევისწავლეთ და გავაანალიზეთ საერთაშორისო გამოცდილება და გამოვიყენეთ საკუთარ საქმიანობაში.

და რა არის ეს გამოცდილება?

- მთავარი, საიდანაც ჩვენ დავიწყეთ, ის არის, რომ შევქმენით სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ახლებური მექანიზმი და კორუმპირებულ ჩინოვნიკებს მოპარული ქონება ჩამოვართვით. დაცვის გარანტიები მივეცით მათ, ვინც ჩვენთან ითანამშრომლებდა, სხვა შემთხვევაში ქრთამის აღების ფაქტს არავინ დაადასტურებდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის სანაცვლოდ, მექრთამეები ნაკლები სასჯელს ან სულაც თავისუფლებას მიიღებდნენ.

ეს არის საპროცესო შეთანხმება. ალბათ გაგიკვირდათ, მაგრამ მათ ვინც აღიარებდა დანაშაულს და ჩვენებას მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ აძლევდა, სხვა პრობლემების მოგვარებასაც ვთავაზობდით.

- რა პრობლემების და როგორ?

- როდესაც ერთ-ერთი ბიზნესმენი საბაჟო სამსახურში კორუფციული სქემის მხილებაში დაგვეხმარა და მაღალჩისნონების წინააღმდეგ მისცა ჩვენება, მას საბაჟოდან შემოუთვალეს, რომ მის საქონელს მეტად აღარ გამოატარებდნენ. მას შემოსატანი პროდუქციისთვის საჭირო დოკუმენტაცია ჰქონდა, შესაბამისად, ჩვენ მას საბაჟოსთან ურთიერთობაში დავეხმარეთ. ჩვენ ადამიანების ცხოვრებას ჯოჯოხეთად კი არ ვაქცევდით, არამედ მათ ბიზნესის პატიოსნად წარმოებაში ვეხმარებოდით. უკრაინაში კი არსებობს საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი, მაგრამ ის ჯერჯერობით სრულად ვერ მუშაობს.

საქართველოში გადასახადებს არ იხდიდნენ და ყველა ორ ბუღალტერიას - თეთრსა და შავს აწარმოებდა. მსხვილ და საშუალო ბიზნესკომპანიებს ხშირად დისტრიბუტორები ძარცვავდნენ, რომლებიც ემუქრებოდნენ, რომ ხელისუფლებას მათი ორმაგი ბუღალტერიის შესახებ აცნობებდნენ. რის შემდეგაც ბიზნესმენები პოლიციას კი არა, კანონიერ ქურდებს მიმართავდნენ. ჩვენ დავპირდით, რომ არ ასეთი პრობლემების შემთხვევაში მათ ბუღალტერიას არ შევამოწმებდით, თუმცა შემხვედრი ნაბიჯი მათაც უნდა გადმოედგათ და თავისი ინტერესების დასაცავად კანონიერი მექანიზმები აერჩიათ. ჩვენ ერთი მხრივ ვასრულებდით დანაპირებს, პარალელურად კი ქურდებს ვებრძოდით.

- ჩინოვნიკებისთვის მაღალი ხელფასების დანიშნვნა კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიანი გზაა?

- ქრთამი არ აიღებენ იქ, სადაც კარგი ანაზღაურება და პერსპექტივაა. ღირსეული მატერიალური ანაზღაურება და დანაშაულის შემთხვევაში სასჯელისაგან თავის დაღწევის შეუძლებლობა - აი, ეს არის თქვენი კითხვის პასუხი.

- ბრძოლა კორუფციასთან საიდან უნდა დაიწყოს - ოლიგარქებიდან თუ მაღალჩინოსნებიდან?

- სამართალდამცავი ორგანოებიდან, უპირველესად ეს უწყებები უნდა გაიწმინდოს, თანაც ყოველგვარი დათმობების გარეშე.

- კორუმპირებულ მოსამართლეებზე რას იტყვით, მათ გარეშე ხომ არანაირ რეფორმას არ ექნება აზრი?

- უკრაინას დასაწყისისთვის სჭირდება თუნდაც ერთი კორუფციისგან სუფთა კუნძული, თუ გაიწმინდება პროკურატურა, შსს, ანტიკორუფციული ბიურო, მოსამართლეები ვეღარ შეძლებენ კორუმპირებულებად დარჩენას. 3 წლის განმავლობაში ჩვენ 310 მოსამართლიდან 30 დავაპატიმრეთ. თქვენ რატომ არ უნდა გააკეთოთ იგივე? მექრთამეს იმუნიტეტი არ უნდა იცავდეს. ასევე მოვექეცით დეპუტატებსაც, მათ შორის ჩვენი გუნდიდანაც. ჩემი აზრით, უკრაინაში უნდა შეიქმნას სპეციალიზირებული ანტიკორუფციული სასამართლო.

- თქვენ ინტერპოლით იძებნებოდით, რატომ შეწყდა თქვენი ძებნა?

- როდესაც ხელისუფლებაში ვიყავით, ძალიან კარგი სამუშაო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ინტერპოლთან, რის შემდგაც ინტერპოლში გადაწყვიტეს, რომ ახალი ხელისუფლებაც ისეთივე იყო, როგორც ჩვენი - ძალაუფლება ხომ არჩევნების გზით, დემოკრატიულად გადავეცათ. მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ აირჩია პოლიტიკური ოპონენტების და ძველი ხელისუფლების წევრების დევნის გზა. მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, ჩემ წინააღმდეგ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, სასამართლო პროცესი ჩემ გარეშე ორი წელია მიმდინარეობს, თუმცა განაჩენი ჯერაც არ გამოუტანიათ. ფორმალურად მე დამადანაშაულეს პატიმრების უფლებების დარღვევაში, მაგრამ საქმე ისაა, რომ პენიტენციური სისტემა არ შედის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი.

- ეს გლდანის ციხეს შეეხება?

- დიახ, ეს დაიწყო 2012 წელს, გლდანის ციხის სკანდალიდან. ჩვენ მაშინ ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ვიყავით და დავაპატიმრეთ ისინი, ვინც პატიმრების წამებაში იღებდნენ მონაწილეობას, თუმცა ზოგიერთი მათგანი ახალმა ხელისუფლებამ გაუშვა. ამის შემდეგ კი აღძრეს საქმეები ჩემი და ხელისუფლების სხვა ყოფილი წარმომადგენლების წინააღმდეგ. ინტერპოლმა ბოლოს და ბოლოს გაიგო, რომ მე პოლიტიკური მოტვით მდევნიდნენ. მე ახლა საქართველოში დაბრუნება არ შემიძლია.

- ამბობთ, რომ საქართველოში კორუფცია არ არის, მაშ, თქვენი, სააკაშვილის და ბევრი სხვის მიმართ სისხლის სამართლის საქმეები რატომ აღიძრა?

- ეს კორუფფცია არ არის, ეს იმის დასტურია, რომ საქართველოში კერ კიდევ არ არსებობს სრულფასოვანი დემოკრატიული ინსტიტუტები. სამწუხაროდ, ახალმა ხელისუფლება საკუთარი ამბიციები კანონის მაღლა დააყენა. მას შემდეგ, რაც მათ გადაწყვიტეს შური ეძიათ, საქართველომ, დემოკრატიულ განვითარების გზაზე, ნაბიჯი უკან გადადგა.

- სად ცხოვრობს თქვენი ოჯახი ამჟამად?

- ჩემი ოჯახი ევროკავშირის ერთ-ერთ სახელმწიფოში ცხოვრობს. იქ, სადაც მე პოლიტიკური თავშესაფარი მივიღე. მე ჩემი ბინა საქართველოში გავყიდე. ჩემი ახლობლები, რა თქმა უნდა, წუხან იმის გამო, რომ სახლში არ არიან, ეს ჩემი შვილებისთვის სტრესია, მაგრამ ჩვენზე და ჩვენს გამოცდილებაზე მოთხოვნილება არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ სხვა ქვეყნებშიცაა...

წყარო

პ.ს. სიმართლე მოითხოვს ითქვას, რომ ზურაბ ადეიშვილმა საქართველო 2012 წლის არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე დატოვა, ისე, რომ მის წინააღმდეგ ჯერ არანაირი სისხლის სამართლის საქმე აღძული არ იყო.