"თუ ეკონომიკური წინსვლა არ დაიწყება, გუნდი ვიღაცას უნდა შეელიოს" - ვის წასვლაზე მიანიშნებს თამარ კორძაია?! - კვირის პალიტრა

"თუ ეკონომიკური წინსვლა არ დაიწყება, გუნდი ვიღაცას უნდა შეელიოს" - ვის წასვლაზე მიანიშნებს თამარ კორძაია?!

"ქართულ ოცნებასთანაც" საკმაოდ საინტერესო საქმიანი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ერთად არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი დავამტკიცეთ. მართალია, ფარული მოსმენების შესახებ კანონის განხილვისას ერთმანეთს ღიად ვეწინააღმდეგებოდით, თუმცა მათთან პიროვნული კონფლიქტი არასოდეს მქონია."

"მანანა კობახიძის განცხადებაზე აუცილებლად ვიფიქრებ. დავტოვებ თუ - არა პარტია "ქართულ ოცნებას", ამას საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს."

ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დაპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტში ფრაქციის შეცვლა გადაწყვიტა და "ქართული ოცნებიდან" "რესპუბლიკელებში"გადაბარგდა. ის უახლოეს მომავალში არც პარტია "ქართული ოცნების"დატოვებას გამორიცხავს. ერთ-ერთი ვერსიით, კორძაიამ თანაგუნდელებს უბრალოდ დაასწრო, რადგან არც ისე დიდი ხნის წინ, დავით საგანელიძემ ფრაქციიდან მის შესაძლო გარიცხვაზე ღიად მიანიშნა. რა მოხდა საპარლამენტო უმრავლესობის კულუარებში, "კვირის პალიტრის"კითხვებს დეპუტატი თამარ კორძიაა პასუხობს:

- "რესპუბლიკურ პარტიასთან" როგორც შინაგანი, ისე ღირებულებითი სიახლოვე ყოველთვის მქონდა, არადა, დავით უსუფაშვილისა და თინა ხიდაშელის გარდა, პარტიის დანარჩენ წევრებს პარლამენტში შესვლამდე არც კი ვიცნობდი. "ქართულ ოცნებასთან" შედარებით "რესპუბლიკელებთან" გაცილებით მეტი საერთო ღირებულებები მაკავშირებს, ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება, ვფიქრობ, ლოგიკურია.

- საერთო ღირებულებების დეფიციტს თუ გრძნობდით, თავიდანვე პარტია "ქართულ ოცნებაში"რატომ გაწევრდით? მეტიც, პარტიის სახელით ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარად კენჭიც იყარეთ.

- ადამიანებს შორის გარკვეულ საკითხებზე წინააღმდეგობა ყოველთვის შეიძლება გაჩნდეს. თანაც არავინ იცის, ხვალ და ზეგ რა იქნება... როგორც გითხარით, პარლამენტში ახალი მეგობრები, როგორც ადამიანურ ურთიერთობებში, ისე პოლიტიკიურ ასპარეზზე შევიძინე. "ქართულ ოცნებასთანაც"საკმაოდ საინტერესო საქმიანი ურთიერთობა ჩამომიყალიბდა, ერთად არაერთი მნიშვნელოვანი კანონპროექტი დავამტკიცეთ. მართალია, ფარული მოსმენების შესახებ კანონის განხილვისას ერთმანეთს ღიად ვეწინააღმდეგებოდით, თუმცა მათთან პიროვნული კონფლიქტი არასოდეს მქონია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფრაქციას მაშინვე დავტოვებდი. საერთოდ, პოლიტიკოსმა გადაწყვეტილება ცხელ გულზე არ უნდა მიიღოს.

- ანუ თქვენთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდით?

- უფრო მშვიდ პოლიტიკურ ვითარებას ველოდებოდი. გაცილებით რთულად იქნებოდა საქმე, უმრავლესობიდან რომ წამოვსულიყავი, თუმცა დღეს უმცირესობასთან შედარებით მმართველ გუნდთან მეტ საერთოს ვპოულობ. ასე რომ, პარლამენტში ჩემი მცირე გადანაცვლება განსაკუთრებულ მოვლენას არ წარმოადგენს, ეს მარტივი პოლიტიკური პროცესია.

- განსაკუთრებული არა, მაგრამ უცნაური პოლიტიკური ვითარება მაინც შექმენით - დღეს "ქართული ოცნების"პარტიის წევრი ხართ, თუმცა ფრაქცია "რესპუბლიკელების"რიგებში ირიცხებით. მანანა კობახიძემ პარტიის დატოვებაზეც მიგანიშნათ, თქვენ რას აპირებთ?

- მანანა კობახიძის განცხადებაზე აუცილებლად ვიფიქრებ. დავტოვებ თუ - არა პარტია "ქართულ ოცნებას", ამას საზოგადოება აუცილებლად შეიტყობს.

- ფაქტია, "ქართული ოცნების"ფრაქციიდან თქვენი გარიცხვის საკითხი წესრიგში ისედაც იდგა, რაზეც ცოტა ხნის წინ დავით საგანელიძემაც მიანიშნა. თუმცა ამბობდნენ, რომ ფრაქციაში სოზარ სუბარის რეკომენდაციით რჩებოდით. კოლეგების გადაწყვეტილებას ხომ არ დაასწარით?

- კოლეგების განცხადებებს ჩემ გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია... უბრალოდ, ყოველთვის გამნჭვირვალე ურთიერთობების მომხრე ვარ. სოზარ სუბარმა ნაძალადევში მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატურის შერჩევისას რეკომენდაცია მართლაც გამიწია, ამისთვის მისი მადლობელი ვარ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად აღარ უნდა მივიღო. დღეს ხელისუფლება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, მეც სირთულეებს არასოდეს გავურბივარ. პასუხისმგებლობისგან თავის არიდება რომ მინდოდეს, უმრავლესობას დავტოვებდი. ფაქტია, ეკონომიკური ვითარება გაუმჯობესებას საჭიროებს და ამაზე ყველანი უნდა დავფიქრდეთ.

- იმ პოლიტიკოსთა რიგში ხართ, ვინც ეკონომიკური გუნდის შეცვლის მომხრეა?

- ამ ეტაპზე, უმრავლესობამ მიიჩნია, რომ შექმნილი რთული ვითარებიდან გამოსვლას მთავრობის არსებული შემადგებლობა შეძლებს. თუ ეს ვერ მოხერხდა და ეკონომიკური წინსვლა არ დაიწყო, ერთინი გუნდი ვიღაცას უნდა შეელიოს. მმართველი გუნდი ერთი ადამიანის თანამდებობაზე ყოფნაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. ამ თემას მეტად ახლა ვერ დავაკონკრეტებ, ამომრჩეველი ხმას იმისთვის გვაძლევს, რომ მასთან გულწრფელი ვიყოთ.

- თქვენ რა გააკეთეთ ორი წლის განმავლობაში ამომრჩევლისთვის, ნაძალადევის რაიონის მოსახლეობისთვის უკეთესობისკენ რა შეიცვალა?

- ორი წლიდან, ერთი წელი თვითმმართველობაში ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობა" იყო. თანაც ეს რაიონი თბილისში ყველაზე მძიმე პრობლემებით გამოირჩევა. თბილისში მყოფი 3800 სოციალურად დაუცველი დევნილიდან, 3500 ნაძალადევში ცხოვრობს. მაქსიმალურად ვცდილობ თვითმმართველობასთან ერთად პრობლემები სწრაფად გადავჭრათ, მაგრამ არასოდეს მქონდა ილუზია, რომ ყველაფერი ერთბაშად მოგვარდებოდა. დღეს ნაძალადევში ყველა ქუჩა შესაკეთებელია. თუ თვითმმართველობა ვითარებას არ გამოასწორებს, ამაზე ხმამაღლა ვილაპარაკებ. სხვა მხრივ, ჩემი მადნატი გამგეობის საქმიანობაში ჩარევის უფლებას არ მაძლევს.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)