"ღომის გაკეთება დათომ მასწავლა" - გრძნობს თუ არა თბილისში თავს უსაფრთხოდ დედაქალაქის მერის ცოლი?! - კვირის პალიტრა

"ღომის გაკეთება დათომ მასწავლა" - გრძნობს თუ არა თბილისში თავს უსაფრთხოდ დედაქალაქის მერის ცოლი?!

"მიწევს შევეგუო დათოს მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს. უწინ ვბრაზობდი და ოჯახის წევრებთან ხმამაღლა განვიხილავდი ამ უსამართლობას, თუმცა ნელ-ნელა შევეჩვიე. ახლა უკვე მიკვირს, დათოს კრიტიკა თუ არ მესმის და ხუმრობით ვკითხულობ: ქვეყანაში რა მოხდა ისეთი, რომ ოპოზიციის აგრესიის ობიექტი შეიცვალა?"

ჟურნალ "რეიტინგის" ვრცელი ინტერვიუ მისცა თბილისის მერის დავით ნარმანიას მეუღლემ თიკა თინიკაშვილმა, რომელიც უკვე სამი შვილის დედაა. გთავაზობთ ინტერვიუს შემოკლებულ ვარიანტს:

- ქალბატონო თიკა, რთულია იყო თბილისის პირველი ლედი?

- საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, თბილისის პირველ ლედის მოვალეობები არ აკისრია. შეიძლება, მან თავისი სურვილით აიღოს რაიმე ვალდებულება საკუთარ თავზე. რა თქმა უნდა, მისასალმებელია, როდესაც იგი ხალხის დახმარებას ცდილობს. ამ დროს ალბათ სასიამოვნოდ დაიღლება კიდეც.

- რაიმე პროექტი განახორციელეთ ამ დროის განმავლობაში?

- ჯერჯერობით არა, თუმცა მაისში ქალების დახმარებას ვგეგმავ. ძალიან მნიშვნელოვანია მათი ჯანმრთელობა. არ მინდა, ეს თემა განვავრცო, სანამ განზრახვას რეალობად არ ვაქცევ.

- რა შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში არჩევნების შემდეგ?

- მეუღლეს კიდევ უფრო იშვიათად ვნახულობ. ამ დროს ქალური ეგოიზმი მძვინვარებს ხოლმე, მაგრამ რა გაეწყობა, უნდა შევეგუო. წუწუნს აზრი არ აქვს. ქვეყნის ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას. ადრე დათოს შეეძლო, ჩემი ხათრით ცოტა ხნით საქმე გვერდზე გადაედო, მაგრამ ახლა აღარც ვთხოვ, ვიცი, რომ საქართველოს პრობლემებს აგვარებს.

მინდა, მეუღლესთან ერთად სადმე დავისვენო, ბავშვებთანაც მეტი დრო გაატაროს. აგრეთვე მიწევს შევეგუო დათოს მიმართ უსაფუძვლო ბრალდებებს. უწინ ვბრაზობდი და ოჯახის წევრებთან ხმამაღლა განვიხილავდი ამ უსამართლობას, თუმცა ნელ-ნელა შევეჩვიე. ახლა უკვე მიკვირს, დათოს კრიტიკა თუ არ მესმის და ხუმრობით ვკითხულობ: ქვეყანაში რა მოხდა ისეთი, რომ ოპოზიციის აგრესიის ობიექტი შეიცვალა?

- დაცვა ხომ არ აგიყვანიათ?

- არა. თავს უსაფრთხოდ ვგრძნობ. თბილისი არაჩვეულებრივი ქალაქია. ძალიან მომწონს მისი ეთნიკური მრავალფეროვნება. მოქალაქეებს ერთმანეთისადმი თბილი დამოკიდებულება აქვთ და ყურადღებიანები არიან.

- თბილისში არსებული პრობლემებიდან ყურადღებას რაზე გაამახვილებდით?

- საცობებსა (რაც ძალიან რთული მოსაგვარებელია) და ეკოლოგიაზე. თითოეული ბინისთვის გამოყოფილი დამლაგებელი და ნაგვის ურნა ვერაფერს შეცვლის, სანამ თითოეული ადამიანი არ გააანალიზებს, რამდენად მნიშვნელოვანია სანიტარიული ნორმების დაცვა. თუ ევროპაში შესვლა გვსურს, კულტურა უნდა შემოვუშვათ ჩვენს გონებაში. შეიძლება, გამოსავალი ჯარიმებში იყოს. როცა ადამიანმა იცის, რომ კონკრეტული ქმედებისთვის დაისჯება, მისი განხორციელებისგან თავს შეიკავებს.

- რით მოგხიბლათ ბატონმა დავითმა სტუდენტობისას?

- ძალიან მოწესრიგებული იყო. გაოცება ვერ დავმალე, როცა გავიგე, რომ ცოლი არ ჰყავდა და თავად უვლიდა თავს. ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს განათლებას. თუ კაცს ჭკუა აქვს, აღარ ვუყურებ მის გარეგნობას, სტატუსს ან წარმომავლობას. როდესაც დავახლოვდით, თავისი ადამიანური თვისებებითაც მომაწონა თავი.

- ხელი რომ გთხოვათ, ადვილად დათანხმდით?

- იმის მიუხედავად, რომ ძალიან მიყვარდა და ჩემი მომავალი მხოლოდ მასთან ერთად წარმომედგინა, იმწუთასვე მაინც არ დავთანხმებულვარ. დავფიქრდი, ყველაფერი თავიდან ავწონ-დავწონე. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმისას აუცილებელია წინდახედულობა. ვკითხე საკუთარ თავს, ხომ ნამდვილად მინდოდა გათხოვება? ვიყავით თუ არა მზად მე და დათო ამხელა პასუხისმგებლობის ასაღებად.

- კერძების მომზადება გეხერხებათ?

- დიახ. ჩემს დედამთილსაც კი ძალიან მოსწონს ჩემი მომზადებული საჭმელები, ამიტომ, როცა სტუმრად ჩამოდის, ვცდილობ, გემრიელი კერძები დავახვედრო. თავად კულინარიული გამოცდილება არ გაუზიარებია. ღომის გაკეთება დათომ მასწავლა. არასდროს მიცდია გებჟალიას მომზადება, რადგან რძის ნაწარმი არ მიყვარს. დათოს გამორჩეულად საყვარელი კერძი არ აქვს, თუმცა ყველა სამზარეულოს მეგრულს ამჯობინებს.

- ეჭვიანი ხართ?

- არა. დათო არასდროს მაძლევს საბაბს, მეტიც, ხშირად ვერც კი ამჩნევს, ქალბატონები ინტერესს რომ იჩენენ მის მიმართ. ვერავის დავუშლი, ჩემს ქმარს ნუ უყურებ ან ელაპარაკები-მეთქი. არც ჩემი მეუღლეა ეჭვიანი. გათხოვების შემდეგ მყავდა შემორჩენილი ერთგული თაყვანისმცემლები, მაგრამ მათი აქტიურობა იმდენად სერიოზული არ ყოფილა, რომ ქმარი შემეწუხებინა.

იხილეთ სრული ვერსია