"მელიამ ხელები დაბლა ჩასწია და სწორედ ამ დროს მიჩქმიტა" - რატომ უპირებდა ელისო ჩაფიძე სანიკიძის მრჩეველს სასამართლოში ჩივილს?! - კვირის პალიტრა

"მელიამ ხელები დაბლა ჩასწია და სწორედ ამ დროს მიჩქმიტა" - რატომ უპირებდა ელისო ჩაფიძე სანიკიძის მრჩეველს სასამართლოში ჩივილს?!

"მელია ჩემს რეაქციას ელოდა, უნდოდა, რომ გაწევ-გამოწევა მომხდარიყო, მოგეხსენებათ, ეს მათი ცნობილი მეთოდია, მაგრამ მის პროვოკაციაზე არ წამოვეგე. მელიას გავერიდე და კობა სუბელიანს ვუთხარი, შენი პარტიის ნასვამ წევრებს აუხსენი, საჯაროდ ადამიანებს არ უნდა უჩქმიტონ-მეთქი"

ჩქმეტა-ჩქმეტაში პატარძალი დაორსულდაო,- სწორედ ეს გამონათქვამი გამახსენდა, როცა სანიკიძის მრჩევლის ოთარ აბესაძის "ფეისბუქსტატუსი" ვნახე. მოკლედ, განათლების მინისტრის თამარ სანიკიძის მრჩეველმა, ოთარ აბესაძემ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა, რომ განათლების სამინსიტროთან გამართულ აქციაზე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. კერძოდ, კი "მუცელზე ე.წ. ღიპზე უჩქმიტა." აქციის მონაწილეები სკოლაში იმ ბავშვების დაშვებას მოითხოვდნენ, რომლებსაც 6 წელი პირველ იანვრამდე უსრულდებათ. მომიტინგეებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ნიკა მელია და კობა სუბელიანი შეუერთდნენ. ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც მომიტინგეებთან მოსალაპარაკელად მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე გამოჩნდა.

შეგახსენებთ, ეს ის აბესაძეა, რომელსაც ამ ცოტა ხნის წინ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო ჩაფიძე სასამართლოში ჩუვილს უპირებდა.

როგორც ელისო ჩაფიძე აცხდებდა, ოთარ აბესაძე მას მუქარის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა. "არ გამოვრიცხავ, რომ ოთარ აბესაძეს სასამართლოში ვუჩივლო და საქმეს მუქარის შემცველი მოკლეტექსტური შეტყობინებები დავურთო." - ამბობდა ჩაფიძე.

ოთარ აბესაძე "კვირის პალიტრის" შეკითხვებს პასუხობს:

- ვიდეოში, რომელიც მე გავავრცელე, კარგად ჩანს, როგორ მიჩქმიტა ნიკა მელიამ (იცინის). მოკლედ, სამინისტროსთან სასკოლო ასაკთან დაკავშირებით ზოგიერთმა მშობელმა და "თავისუფალი ზონის" წევრებმა საპროტესტო აქცია ჩაატარეს. აქცის მონაწილეებთან მოსალაპარაკებლად მივედი, ისინი განათლების მინისტრთან შესახვედრად უნდა წამეყვანა. მე მათ მშვიდად და აუღელვებლად ვესაუბრებოდი, რა დროსაც ნიკანდრო მელიას რატომღაც მოუნდა პროვოკაციის მოწყობა. მელიამ და სუბელიანმა საუბარი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანეს. ეს ვიდეოშიც კარგად ჩანს. მელიამ კობა სუბელიანს ჩემზე უთხრა, ამასთან ლაპარაკს აზრი არ აქვსო და ხელები დაბლა ჩაწია, სწორედ ამ დროს მიჩქმიტა. როგორც ჩანს, მელია ჩემს რეაქციას ელოდა, უნდოდა, რომ გაწევ-გამოწევა მომხდარიყო, მოგეხსენებათ, ეს მათი ცნობილი მეთოდია, მაგრამ მის პროვოკაციაზე არ წამოვეგე. მელიას გავერიდე და კობა სუბელიანს ვუთხარი, შენი პარტიის ნასვამ წევრებს აუხსენი, საჯაროდ ადამიანებს არ უნდა უჩქმიტონ, ხალხში მოქცევა ასწავლეთ-მეთქი. სულ ეს იყო.

- ვინ იყო ნასვამი?

- ნიკანდრო მელიას პირის ღრუდან ალკოჰოლის სუნი ამოსდიოდა.

- ბოდიში თუ მოგიხადათ?

- რა ბოდიში?! ამბობს, რომ არ ვუჩქმიტეო. არადა, ვიდეოში ყველაფერი კარგად ჩანს. თან ამ დროს ყურში "საინტერესო" სიტყვებს მეჩურჩულებოდა. მესმის მშობლების აღშფოთების, მაგრამ ამ აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" რიგით წევრ ნიკა მელიას რა უნდოდა, არ ვიცი.

- განათლების სამინისტროზეც გკითხვათ, კონკრეტულად რომელ სფეროში ხართ თამარ სანიკიძის მრჩეველი?

- მრჩეველი სტუდენტური განათლებისა და ახალგაზრდულ საკითხებში ვარ. ცხადია, როცა რაღაც დაძაბულობაა, ერთი გუნდი ვართ და ერთად ვმოქმედებთ,  ამ შემთხვევაშიც სწორედ ასე მოხდა, როცა აქციის მონაწილეებთან მივედი. 21 ფაკულტეტის დაფინანსება, დოქტორანტურის დაფინანსება, სტუდენტური დასაქმება - ჩემი პროექტია. მეც დოქტორანტი ვარ და ხარისხს ვიცავ, ამიტომ სტუდენტურ სიტუაციებს კარგად ვიცნობ.

ოთარ აბესაძესთან საუბრის შემდეგ, ნიკა მელიას პოზიციით დავინტერესდით. თუმცა, მან ამ თემაზე ლაპარაკი არ ისურვა. მელია მიიჩნევს, რომ ამ თემაზე ლაპარაკი არასერიოზულია.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისითვის)