დადიანის საშველი, ანუ რატომ გააცეცხლა ღარიბაშვილი ნარმანიამ? - კვირის პალიტრა

დადიანის საშველი, ანუ რატომ გააცეცხლა ღარიბაშვილი ნარმანიამ?

უკვე რამდენიმე დღეა დადიანის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგების გამალებული სამუშაოები მიმდინარეობს, ეს მაშინ, როდესაც უკვე თვეებია ამ ქუჩას არ დაადგა საშველი.

სტატია ამის თაობაზე" კვირის პალიტრამაც" მოამზადა, რომელშიც ადგილობრივი მცხოვრები ქეთევან მუმლაძე ყვებოდა: "შარშანაც, ზუსტად ამ დროს, დადიანის ქუჩაზე მილებს ცვლიდნენ... მაშინ ასფალტის დაგებასაც გვპირდებოდნენ, მაგრამ ერთი წელი გავიდა და ყველაფერი ისევ ისეა. თავდაპირველად გზის მარჯვენა ნაწილი გადაკეტეს და ასფალტის ფენები აიღეს, მოგვიანებით სამუშაოები მარცხენა ნაწილზე ისე განაახლეს, რომ გადათხრილი ასფალტის ხელახლა დაგებაზე არც უფიქრიათ. არადა, ეს ცენტრალური გზაა, ყოველდღე უამრავი მანქანა დადის და ხშირად საცობია. დაახლოებით თვე-ნახევარია, დანგრეულ გზაზე მილების ამოთხრა განაახლეს. ერთი წელია, მტვერში ვიხრჩობით, ფანჯრებს ვერ ვაღებთ. აქვე პატარა კაფე მაქვს, მაგრამ უკვე რამდენიმე თვეა, ქირის გადახდასაც ვერ ვახერხებ. ასეთ მტვერსა და გადათხრილ ტროტუარებზე ვინ გამოივლის?! თანაც, ხშირად წყალიც არ გვაქვს."

დადიანის ქუჩაზე ქალაქის მერიც კი იყო მისული, თუმცა ამან საქმეს არ უშველა. საბოლოოდ, როგორც გავარკვიეთ, ვითარების გარკვევა პრემიერ-მინსტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოიწადინა. 16 მაისს "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი უძღვებოდა. ყველასთვის მოულოდნელად სხდომაზე თბილისის მერი დავით ნარმანია გამოჩნდა.

"ვისაუბრეთ თბილისში მიმდინარე პროექტებისა და პროგრამებს მიმდინარეობის თაობაზე, ასევე ვისაუბრეთ ახალგაზრდული ოლიმპიადის მოსამზადებელ სამუშაოებზე." - განაცხადა სხდომიდან გამოსულმა თბილისის მერმა. როგორც სარწმუნო წყარომ გვითხრა, სწროედ ამ შეხვედრისას დაინტერესდა ირაკლი ღარიბაშვილი დადიანის ქუჩის ბედით. ნარმანიას გაჭიანურებული სამუშაოს ახსნა ტენდერში მონაწილე კომპანიების დაპირისპირებით უცდია, თუმცა გაცეცხლებულ ღარიბაშვილს არც მოუსმენია ბატონი დავითისთვის. ეგეთი გაბრაზებული ღარიბაშვილი არც მინახავს, არაფერი უსვრია, თორემ ისე ნარმანიასთვის არა დაუკლია რაო. - ამბობს ადამიანი, ვინც ამ საუბარს შეესწრო.

საბოლოოდ დადიანს აშკარად ეშველა, ისე, ცოტა უფრო ხშირად რომ გაბრაზდეს პრემიერი, ურიგო არ იქნება.

ანა გიორგაძე