"ფოტომოდელი" სააკაშვილი და ღარიბაშვილი, რომელსაც ექსპრეზიდენტი ეცოდება - კვირის პალიტრა

"ფოტომოდელი" სააკაშვილი და ღარიბაშვილი, რომელსაც ექსპრეზიდენტი ეცოდება

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს ერთი ადგილი და შემიძლია სააკაშვილი თბილისში გავიყოლო

რიგაში გამართულ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მიმდინარეობისას, რომელსაც საქართველოს დელეგაცია, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ესწრებოდა, ლატვიაში ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ჩავიდა, რომელიც "ევროპის სახალხო პარტიის" ღონისძიებას დაესწრო, თუმცა ჩვენმა ზოგიერთმა მედიასაშუალებამ ისე წარმოაჩინა ვითარება, თითქოს სააკაშვილი შეხვედრებს სამიტის ფარგლებში მართავდა. სააკაშვილის "ფეისბუქგვერდზე" ექსპრეზიდენტმა ლამის ფოტომოდელობა შეითავსა და რიგაში ჩასვლისა და წამოსვლის ამსახველ ფოტოებზე, უფრო საქართველოს ხელისუფლებაში გულის გასახეთქად, იპოზიორა.

"საქართველოს მთავრობას სულ ფეხებზე ჰკიდია, ივლიან თუ არა ჩვენი მოქალაქეები უცხოეთში... "ჩვენ ქვეყანას, სადაც ხალხი მშიერია, არავინ არსად მიიღებს..." "თურმე ლატვიის მთავრობამ უნდა დამაკავოს და გადამცეს ამ უდღეურებს..." - ამგვარი ფრაზები ექსპრეზიდენტმა მრავალად აფრქვია რიგაში, საბოლოოდ კი უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის რანგში ლატვიის გენერალურ პროკურორს ერიკს კალნმეიერსაც შეხვდა და როგორც ექსპრეზიდენტის "ფეისბუქგვერდი" იუწყება, მისგან ლატვიის პროკურატურის საპატიო ნიშანიც კი მიიღო.

მოკლედ, სააკაშვილის ძებნილობა და მისი საქართველოსთვის გადმოცემის მოთხოვნა ჩვენი ხელისუფლებისთვის ქარის წისქვილებთან ბრძოლას ემსგავსება, სააკაშვილი კი ქვეყნის იმიჯს არად დაგიდევთ და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს რაც შეიძლება მეტ სახელმწიფოსთან გაუფუჭოს საქმე. რა პასუხი აქვს ამაზე ჩვენს ხელისუფლებას? - პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სააკაშვილი წარსულია და არც ღირს " მის გაუგებარ და სასაცილო განცხადებებზე" კომენტარის კეთება.

"ძალიან მეცოდება ბატონი სააკაშვილი. სააკაშვილი არის წარსული, დაივიწყეთ, ნუღარ ფიქრობთ და ლაპარაკობთ მასზე. როგორ წარმოგიდგენიათ, ანგელა მერკელთან, ლატვიის პრეზიდენტთან ან პრემიერთან უნდა ვისაუბრო სააკაშვილზე?! ვინ არის სააკაშვილი, ის არის წარსული. მით უფრო, თუ გადმოცემაზეა ლაპარაკი, ლატვიას არ შევაწუხებ, მაქვს ერთი ადგილი და შემიძლია სააკაშვილი თბილისში გავიყოლო. ეს ნახევრად ხუმრობით, არ მსურს, რაიმე სერიოზული კომენტარი გავაკეთო მის არასერიოზულ განცხადებებზე." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანა გიორგაძე