"ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხეს წყალი" - კვირის პალიტრა

"ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხეს წყალი"

"აი, ასეთმა ადამიანებმა არ ჩათვალეს, საჭიროდ ჩვენთან ლაპარაკი და ფაქტის წინაშე დაგვაყენეს, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა."

"ნაციონალური მოძრაობა" პარტიის ლიდერებმა და პარლამენტარებმა: გოგა ხაჩიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, პალიკო კუბლაშვილმა და გიორგი მელაძემ დატოვეს. როგორც პირველი შეფასებებიდან გამოჩნდა, ეს ფაქტი მოულოდნელი იყო არა მხოლოდ საზოგადოების დიდი ნაწილისათვის, არამედ პარტიის ლიდერებისთვისაც. დავუკავშირიდთ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურს:

- ნებისმიერ სოციუმში ბუნებრივი მოვლენაა განსხვავებული მოსაზრებები, შესაბამისად, არც კამათია გამორიცხული. აქამდე მუდამ ასე იყო ჩვენს პარტიაშიც, მაგრამ მათ თუ ჰქონდათ რაიმე პრობლემები, რის გამოც ეს ნაბიჯი გადადგეს, ამაზე პარტიაში ლაპარაკი და განხილვა არ ყოფილა. არცეთს ამის თაობაზე ჩვენთან არ ულაპარაკია. ყველაზე მეტად ამიტომ იყო მათ ნაბიჯი გულსატკენი. ზურაბ ჯაფარიძე იყო პარტიის ერთ-ერთი მდივანი, დანარჩენი წასულებიც პარტიისათვის საკვანძო ფიგურები იყვნენ. აი, ასეთმა ადამიანებმა არ ჩათვალეს, საჭიროდ ჩვენთან ლაპარაკი და ფაქტის წინაშე დაგვაყენეს, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. ეს პირველ რიგში მიუთითებს ჩვენსა და მათ შორის არსებულ ეთიკურ განსხვავებაზე. სხვა რა გითხრათ, ისინი მოიქცნენ ყოვლად უპასუხისმგებლოდ.

- გაისმა მოსაზრება, რომ თითქოს მათი ეს ნაბიჯი ხელისუფლების ზეწოლის შედეგია...

- ვერაფერს გეტყვით. არ შემიძლია ვთქვა, რომ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლას ჰქონდა ადგილი, მაგრამ იმ პირობებში, როცა ივანიშვილის პარტიის რეიტინგი კატასტროფულად იკლებს და ამის პარალელურად ჩვენი პარტიის რეიტინგმა დაიწყო ზრდა, ოთხეულის ეს ნაბიჯი ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ინტერესების სამსახურს ნიშნავს. ჩვენმა ყოფილმა თანაგუნდელებმა ბიძინა ივანიშვილის წისქვილზე დაასხეს წყალი.

- სხვა ლიდერებიც ხომ არ აპირებენ პარტიის დატოვებას?

- პარტია არის ადამიანების ნებაყოფლობითი ერთობა. ბუნებრივია, ყველა პარტიაში არსებობს პარტიული დისციპლინა და ეს უნდა იყოს გათვალისწინებული. ჩვენ გვქონდა შეხვედრები თბილისის ყველა ორგანიზაციასთან და ყველამ დაგვიდსტურა, რომ ისინი პარტიის ერთგულები არიან. ჯერჯერობით არავის უთქვამს, რომ ამ ოთხეულს გაყვება... უახლოეს დღეებში ვაპირებთ საქართველოს მასშტაბით გავაგრძელოთ შეხვედრები პარტიულ ორგანიზაციებთან, თუმცა შეხევდრებამდეც გეტყვით, რომ პარტიის ერთიანობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მიმაჩნია, რომ ეს არა მხოლოდ პოლიტიკურად, არამედ მორალურადაც გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. ძალიან მწყდება გული, რომ ადამიანებს, ვისთანაც მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებდა, სხვადასხვა წარმოგენა გვქონია ერთგულებასა და წესიერებაზე.

- როგორც ჩანს, აღარ აპირებთ მათთან მეგობრობის გაგრძელებას...

- რთული სათქმელია. მისალმებით ალბათ მივესალმებით ერთმანეთს, მაგრამ ყველა ქმედების გამო ადამიანები გარკვეულ საფასურს ვიხდით. საქციელი, რაც მათ ჩაიდიენს, შესაბამისი საფასურის გადახდას იმსახურებს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც აქამდე იყო. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ადამიანებმა ისეთი რამ ჩაიდინეს, რაც ადამიანური საქციელის ფარგლებს სცდება.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)