სად მიდიან და ვის გაურიგდნენ "ნაციონალთა" უკვე ექსლიდერები?! - კვირის პალიტრა

სად მიდიან და ვის გაურიგდნენ "ნაციონალთა" უკვე ექსლიდერები?!

"თუ "ოთხეულის" გადაწყვეტილება საზოგადოებაში გარკვეული პოპულარობით ისარგებლებს, იგივე გადაწყვეტილებას სხვა "ნაციონალებიც" მიიღებენ."

"მეორე დღეა მოთმინებით ვადევნებ თვალს იმ გამოხმაურებას, რომელიც ჩემი და ჩემი კოლეგების "ნაციონალური მოძრაობიდან'" წამოსვლას მოჰყვა. უამრავი პატივსაცემი და გასათვალისწინებელი აზრი მოვისმინე, მრავალი შეფასება, ბევრი ვარაუდი და ცოტაც - იაფფასიანი სისულელე. ხვალ, როგორც შეთანხმებულები ვიყავით, გამოვაქვეყნებთ განცხადებას და გავაკეთებთ საჯარო განმარტებას იმ მიზეზებზე, რის გამოც რეალურად გადავდგით ეს, არც თუ ისე მარტივი და კარგად გასაზრებული ნაბიჯი.

როგორც გუშინ ზურა ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა - "ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე." დანარჩენს უახლოესი მომავალი გვაჩვენებს.

წინ მნიშვნელოვანი საქმეებია." – წერს "ფეისბუქგვერდზე," აწ, უკვე ყოფილი "ნაციონალი" დეპუტატი გოგა ხაჩიძე. ჯერჯერობით ყოფილ კოლეგებს, "ნაციონალური მოძრაობიდან" წასული ლიდერები სწორედ სოციალური ქსელების საშუალებით ელაპარაკებიან.

როგორც იცით, პარტია სულ ახლახან არჩეულმა აღმასრულებელმა მდივანმა, პარტიის კიდევ სამ აქტიურ ლიდერთან, ერთად დატოვა - ზურაბ ჯაფარიძე, პალიკო კუბლაშვილი, გოგა ხაჩიძე და გიორგი მელაძე ყოფილ სახელისუფლო გუნდში აღარ ირიცხებიან. რატომ დატოვა პარტია "ოთხეულმა", კონკრეტული მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია - "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, მათ გარე ზეწოლას ვერ გაუძლეს და ივანიშვილისთვის სასარგებლო ნაბიჯი ამიტომ გადადგესო, თავად "წასულები" კი, როგორც ხაჩიძის "ფეისბუქგვერდიდანაც" ირკვევა, ჯერჯერობით იმ რეზონანს აკვირდებიან, რაც მათ წასვლას მოჰყვა. "უპასუხისმგებლო", "არაერთიკური", "არასწორი" - მრავალი ასეთი ეპითეტით შეფასეს უკვე ყოფილი თანაგუნდელების ნაბიჯი "ნაციონალურ მოძრაობაში."

და მაინც რა პროცესები დაიწყო ქვეყნის პირველ ოპოზიციურ ძალაში? ზუსტი პროგნოზის გაკეთება, ამ ეტაპზე, რთულია, თუმცა ფაქტია, რომ ოპოზიციურ ფლანგზე სტაგნაცია დასრულდა და ძალაუფლების გარეშე დარჩენილი პარტიები მმართველი კოალიციის ჩასანაცვლებლად მომზადებას აქტიურად იწყებენ.

პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მალევე გამოიკვეთა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" არსებული შემადგენლობით საზოგადოებაში ნდობის აღდგენა, რბილად რომ ვთქვათ, გაუჭირდებოდა. პარტიას ვერც რუსთაველის წინ ორჯერ დააონსებულმა აქციამ უშველა, თავისუფლების მოედანზე ბოლო შეკრებამ კი, ქუჩის აქციებით ხელისუფლებაში მოსვლის მითი "ნაციონალებისთვის" საბოლოოდ დაასამარა. სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილს საჯაროდაც არაერთხელ უთქვამს, რომ 2003 წლის მოვლენების გამეორების მომხრე იყო, რასაც საზოგადოებაში შექმნილი განწყობიდან გამომდინარე, გიგა ბოკერია კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა. ისიც ცნობილია, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილისა და გიგა ბოკერიას გზები გაიყო - მართალია, ყოფილი პრეზიდენტი პარტიის თავმჯდომარედ დარჩა, თუმცა პარტიული საქმეები რეალურად მხოლოდ გიგა ბოკერიასთან წყდებოდა. თუმცა მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში "დაწინაურებით" სპეკულირებდა და პარტიას მეგობარ ქვეყნაში ხელისუფლებაში დასაბრუნებლად საჭირო რესურსების მობილიზებას ჰპირდებოდა. თუ უკრაინაში ქართველი მაღალჩინოსნების მიმართ გაჩენილი დამოკიდებულებით ვიმსჯელებთ, როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა თანაგუნდელებს ეს იმედებიც საბოლოოდ გაუცრუა. შესაბამისად, საქართველოში დარჩენილმა "ნაციონალებმა" ტაქტიკის შეცვლის აუცილებლობა უფრო მკვეთრად დაინახეს და ქუჩაში დროშის ფრიალს პარტნიორი პარტიების რესურსის გამოყენება არჩიეს. "კვირის პალიტრა" ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ წერდა, რომ ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ახალი პროდასავლური კოალიციის შექმნა იგეგმებოდა, რომელშიც "თავისუფალი დემოკრატები", საზოგადოება "ივერია" და სხვა პროდასავლური ღირებულების მქონე პოლიტიკოსები გაერთიანდებოდნენ. დიდი ალბათობით, საპარლამენტო არჩევნებამდე ყოფილი ნაციონალების "ოთხეულს" სწორედ ამ გაერთიანებაში ვიხილავთ, "ნაციონალურ მოძრაობაში" კი, მიხეილ სააკაშვილისგან გამიჯვნა მომავალშიც დაჩქარებული ტემპით გაგრძელდება. მითუმეტეს, ამ პროცესს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ აბაშიძე გამოეხმაურა და "ნაციონალებიდან" წამოსულ დეპუტატებთან თანამშრომლობა არ გამორიცხა. არც ისაა გამორიცხული "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა 9-წლიან მმართველობაში ნაკლებად "გასვრილი" წევრები პარტიიდან შეთანხმებით გაუშვეს და ახლა ამომრჩევლის რეაქციას აკვირდებიან . ერთი სიტყვით, ახლა ქართულ პოლიტიკაში მთავარ ფაქტორად დრო იქცა - საპარლამენტო არჩევნებამდე კიდევ ბევრი სიახლე გველის.

ექსპერტი კახა გოგოლაშვილიც არ გამორიცხავს, რომ ყოფილ სახელისუფლო გუნდში მიხეილ სააკაშვილისა და "ძველი" ლიდერების გავლენისგან თავის დაღწევის პროცესი დაიწყო:

კახა გოგოლაშვილი, ექსპერტი:

- სავარაუდოდ, "ნაციონალური მოძრაობიდან" წამოსული დეპუტატები ირაკლი ალასანიას გუნდს გაურიგდნენ, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ ყოფილი სახელისუფლო პარტიის ლიდერებმა ცალ-ცალკე ბრძოლა და ამ ტაქტიკით მეტი ხმის დაგროვება გადაწყვიტეს. პირადად მე, არ ვფიქრობ, რომ ზურა ჯაფარიძის, გიორგი მელძის, გოგა ხაჩიძისა და პალიკო კუბლაშვილის პარტიიდან წასვლა შიდა განხეთქილების გამო მოხდა. ისინი დღესაც არ მალავენ, რომ უკვე ყოფილი პარტიის კურსს გააგრძელებენ. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა "ძველი" ლიდერების გავლენისგან თავის დახსნა სცადეს. მიუხედავად იმისა, შეთანხმებულია თუ არა ეს პროცესი, "ნაციონალური მოძრაობიდან" პარტიის წევრების გადინება მომავალშიც გაგრძელდება. ამით ქართულ რეალობაში გარკვეული ბალანსი შეიქმნება - 9-წლიან მმართველობაზე შედარებით ნაკლები პასუხსისმგებლობის მქონე პოლიტიკოსებსა და ყოფილი მაღალჩინოსნების ძველ ბირთვს შორის. თუ "ოთხეულის" გადაწყვეტილება საზოგადოებაში გარკვეული პოპულარობით ისარგებლებს, იგივე გადაწყვეტილებას სხვა "ნაციონალებიც" მიიღებენ.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)